reportiori.ge - რა კომპრომატებს გაასაჯაროებს პროკურატურა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რა კომპრომატებს გაასაჯაროებს პროკურატურა?
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 22:25



„მისი თანაგუნდელები გაიგებენ ბევრ სიურპრიზს ირაკლი ალასანიას შესახებ," - პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ კიდევ უფრო გაამყარა ეჭვები, რომ თავდაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის ირგვლივ სკანდალი „კაბელების საქმით" არ ამოიწურება. როგორც ცნობილია, პროკურატურა აქტიურად იკვლევს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებსაც. „პრაიმტაიმმა" თავი მოუყარა იმ საეჭვო ტენდერებს, რომელიც შესაძლოა, საგამოძიებო ორგანოს დაინტერესების საგანი გამხდარიყო. არსებული ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში ალასანიას უწყებამ შესყიდვების მიმართულებით სულ 1, 010 კონტაქტი გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულებამ 167 მილიონ 826 ათასი ლარი შეადგინა.


სახელისუფლებო კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურამ ალასანიას წინააღმდეგ კონკრეტული მტკიცებულებები გაასაჯაროოს. ერთ-ერთი საქმე, რომელიც შესაძლოა, ალასანიას მიმართ კომპრომატის სახით დაიდოს, აკუმლატორებისა და საბურავების შესყიდვას უკავშირდება.



რუსული საბურავები ქართულ არმიაში


საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი სომხური კომპანია „ARPANIV" გახდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას აკუმლატორებითა და საბურავებით ამარაგებს. ჩვენს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ეს კომპანია არ გახლავთ უშუალო მწარმოებელი და ის საქართველოში რეექსპორტს რუსეთიდან ახორციელებს.


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო სატვირთო ავტომობილების საბურავების შესყიდვაზე ტენდერი 2014 წლის 24 თებერვალს გამოაცხადა, აკუმლატორების შესყიდვაზე კი - 4 მარტს. ამ დროისთვის „არპანივი" საქართველოს ბაზარზე საერთოდ არ ოპერირებდა. მეტიც, საძიებო სისტემაში ამ კომპანიის შესახებ ინფორმაცია თითქმის არ იძებნება. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ „უცხოური საწარმოს ფილიალი არპანივი" საქართველოში მხოლოდ 2014 წლის 14 მარტს დარეგისტრირდა. კომპანიის იურიდიული მისამართი პეტრე იბერის ქუჩაზეა. დირექტორის პოზიციაზე კი სოს ჰაკობიანია მითითებული.


საქართველოში დარეგისტრირებისთანავე „არპანივმა" თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი წარადგინა. სამრაუნდიან ვაჭრობაზე ის კონკურენციას ცნობილ ბრენდს „თეგეტა მოტორსს" უწევდა, თუმცა თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ, მთელ რიგ შემთხვევებში, უპირატესობა მიანიჭა სულ რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირებულ სომხურ კომპანიას, რომელიც, როგორც მოგახსენეთ, რეექსპორტს რუსეთიდან ახორციელებს. სატენდერო კომისია ტენდერში „არპანივის" გამარჯვებას შემოთავაზებული დაბალი ფასით ხსნის, თუმცა „თეგეტა მოტორსისა" და სომხური კომპანიის მიერ შეთავაზებულ ფასებს შორის სხვაობა იმდენად მიზერულია, ვერ ვიტყვით, რომ ტენდერში „თეგეტას" გამარჯვებით თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდიდა. მაგალითად, სატვირთო ავტომობილების საბურავებზე გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში „თეგეტა მოტორსის" მიერ წარდგენილი საბოლოო ფასი 197 ათას 914 ლარია, „არპანივის" მიერ წარდგენილი ფასი კი - 197 ათას 913 ლარი. ანუ ალასანიას უწყებამ რუსული წარმოების საბურავებს უპირატესობა მხოლოდ ერთლარიანი სხვაობის გამო მიანიჭა. მიეხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტენდერში გამარჯვება „თეგეტა მოტორსმაც" მოიპოვა, „არპანივთან" დადებული ხელშეკრულება, ამ საქმეში ჩახედულ ადამიანებში სერიოზულ კითხებს ბადებს.


რეალურად, რატომ შეაჩერა არჩევანი თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გამოცხადების შემდეგ დარეგისტრირებულ კომპანიაზე? ამის გასარკვევად, ჩვენ „არპანივის" თბილისის წარმომადგენლობას, მითითებულ კოორდინატზე დავუკავშირდით, თუმცა პიროვნებამ, რომელიც ჯერ კომპანიის წარმომადგენლად გაგვეცნო, შემდეგ კი - ბინის მეპატრონედ, კომენტარის გაკეთება არ ისურვა.


„მე არ ვარ უფლებამოსილი პირი. მე, უბრალოდ, ბინა მივაქირავე ამ კომპანიას. მათთან ვერ დაგაკავშირებთ. ჯერ შევეხმიანები და მერე თავად დაგიკავშირდებით", - გვითხრეს მითითებულ ნომერზე, თუმცა კომპანიიდან არავინ შეგვხმიანებია.


რა თქმა უნდა, მეზობელ სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა, როდესაც საქმე ეხება აქართველოს შეიარაღებულ ძალებს, სპეციალისტები შესაბამის უწყებებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მოგეხსენებათ, სომხეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. მით უმეტეს, ეს ქვეყანა ODKB კავშირის წევრია და იქ განლაგებულია რუსეთის სამხედრო ძალები. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი სწორედ ODKB კავშირის მთავარ ძალას, რუსეთს აქვს ოკუპირებული.


რატომ მოხდა უპირატესობის მინიჭება იმ კომპანიისთვის, რომელიც ტენდერის გამოცხადების მომენტში საერთოდ არ იყო რეგისტრირებული საქართველოში? სატენდერო კომისიამ შეისწავლა თუ არა „არპანივის" გამოცდილება ამ ბაზარზე? ამ კითხვებით „პრაიმტაიმმა" თავდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში მიმართა. უწყებიდან  გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, რომ „არპანივს" საბურავებს მიწოდების სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.


„მაღალი ღირებულების ტენდერებში აუცილებელი პირობა იყო კომპანიის გამოცდილება ანალოგიური საქონლის მიწოდებაზე. კომპანია „არპანივი" რეგისტრირებულია სომხეთში და წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება საბურავების მიწოდების სფეროში. როგორც ჩანს, კომპანია დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს ტენდერით და ამ მიზნით დააფუძნა ფილიალი საქართველოში, თუმცა შეეძლო, პირდაპირაც მიეღო მონაწილეობა ელექტრონული სისტემის მეშვეობით. კანონმდებლობით არ არის დადგენილი რაიმე შეზღუდვა უცხოური კომპანიებისთვის, პირიქით, მსგავსი შეზღუდზვა განიხილება, როგორც დისკრიმინაციული და მარეგულირებელი ნორმებით აკრძალულია. ტენდერის გამოცხადების შემდეგ, ფილიალის დარეგისტრირება არავითარ დარღვევას არ წარმოადგენს. ზემოაღნიშნულმა კომპანიამ სრულად დააკმაყოფილა სატენდერო მოთხოვნები და პირობები. შესაბამისად, ყველა არსებული კანონისა და ნორმის დაცვით 3 ტენდერში გაიმარჯვა შპს „არპანივმა", - განგვიმარტვეს თავდაცვის სამინისტროში.



ყარყარაშვილის მძღოლის მიერ მოგებული ტენდერი


კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც პროკურატურის დაინტერესების საგანი ხდება, შპს „პროგრეს პლუსს" უკავშირდება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მიერ ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაფუძნდა. ამის შესახებ თავის დროზე განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობაშიც" გაკეთდა. ოპოზიციაში ამტკიცებდნენ, რომ კომპანია „პროგრეს პლუსის" მფლობელი თავდაცვის ექსმინისტრის, გია ყარყარაშვილის მძღოლი გიორგი სიმონიანია. მისმა კომპანიამ ამ ტენდერში გაიმარჯვა და სამინისტროს 70 000 ლარის  საპრიალებელი და საწმენდი მიაწოდა.


„ამის შემდეგ, ხუთ დღეში, კიდევ ორი ტენდერი გაიმართა. პირველი - სატრანსპორტო საშუალებების ნაწილებისთვის და გამოტანილი იყო ლოტი 1 372 000 ლარის ოდენობით. ეს ტენდერიც მოიგო მან და კიდევ ერთი ტენდერი - 238 000 ლარის მოცულობის, აკუმულატორების მიწოდებაზე. სხვათა შორის, ეს ტენდერი მოუგო „თეგეტა მოტორსს". საბოლოოდ, თითქმის 1 800 000 ლარზე ავიდა თანხა, რომელიც თავდაცვის სამინისტროდან მიიღო ამ კომპანიამ... გიორგი სიმონიანი არის გენერალ გია ყარყარაშვილის მძღოლი. თუ გავიხსენებთ, რა ახლო ურთიერთობები აქვთ ბატონ ყარყარაშვილსა და ირაკლი ალასანიას, ალბათ, არავის გაკვირვებას არ გამოიწვევს ეს ფაქტები და გასაგები გახდება, როგორ მოახერხა სამი ლოტის მოგება. ირაკლი ალასანიამ ყარყარაშვილს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა. ეს არის ელიტური კორუფციის ფაქტი. ჩვენ ვთვლით, რომ თავდაცვის სამინისტროში რაღაც ხდება, რადგან არ ჩატარებულა არც ერთი ტენდერი, რომ სკანდალი არ მოჰყოლოდა", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა.



სამხედროებისთვის საბავშვო ფეხსაცმელები შეიძინეს?


თავდაცვის უწყების შესყიდვები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დახურული ინფორმაციაა, თუმცა უწყებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომელიც, შეიძლება ითქვას, საკმაოდ კურიოზულია.


ამ ინფორმაციის გადამოწმება გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა, თუმცა, როგორც ჩვენი წყარო იუწყება, ამაზე თავად სამინისტროშიც ბევრს ხუმრობენ. მოკლედ, ალასანიას უწყებამ სამხედრო ფეხსაცმელების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ მოიგო, თუმცა საქართველოში ჩამოსული პარტია იმდენად პატარა ზომების აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცებმა ფეხი ვერ ჩადგეს. ძირითადი ნაწილი 36-37 ზომის ფეხსაცმელი იყო. როგორ გაგრძელდა გამარჯვებულ კომპანიასთან ურთიერთობა, რომელმაც ქართველ სამხედროებს პრაქტიკულად საბავშვო ფეხსაცმელები შეუკერა, უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ეს სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდა.


უცნობია, მოხვდა თუ არა ეს კონკრეტული შესყიდვა იმ შესყიდვების ჩამონათვალში, რომელსაც საგამოძიებო ორგანოები სწავლობენ.



ვინ დგას „არქიტექტურული ბიუროს" უკან?


დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროსა და შპს „არქიტექტურულ ბიუროს" შორის გაფორმებულ კონტრაქტსაც სწავლობს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, „არქიტექტურულ ბიუროსა" და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის ახლო კავშირები და პირადი კონტაქტები იკვეთება. ამ შემთხვევაშიც ყურადღებას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საკითხზე მახვილდება.


„შპს „არქიტექტურულ ბიუროსთან" გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს გრიფი „საიდუმლო" თავად თავდაცვის სამინისტრომ მიანიჭა. გამოძიება სწავლობს აღნიშნულ საწარმოსთან უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონიერების საკითხს", - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.


ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, ირაკლი ალასანიასთან დაახლოებული პირის, თამარ ვალიშვილის კომპანია „არქიტექტურულმა ბიურომ" თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ორჯერ გაიმარჯვა, ჯამში კი მას სამინისტროსგან 29 000 ლარი გადაერიცხა.


„ქალბატონი თამარ ვალიშვილი, რომელიც მინისტრთან დაახლოებული პირია, ფლობს არქიტექტურულ ბიუროს, რომელმაც 2013 წელს თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, შეკვეთა მიიღო და განახორციელა. ეს კომპანია, ძირითადად, საცხოვრებელი კორპუსების რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტების მიმართულებით მუშაობს. ხომ არ ხდება ისე, რომ თავდაცვის სამინისტროში ტენდერების თემა ნათესაური კავშირებიდან გამომდინარე ყალიბდება? ამას მოწმობს თამარ ვალიშვილის კომპანიის არქიტექტურული ბიუროს შემთხვევაც, რომელმაც თავდაცვის სამინისტროსთან სატენდერო პროცესის შედეგად 2013 წელს ორი ტენდერი მოიგო და მთლიანობაში 29 000 ლარზე მეტი მიიღო", - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა.



კაბელების საქმე


ეს საქმე იყო პირველი, რომელმაც პრაქტიკულად ირაკლი ალასანიას პოსტი შეიწირა. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი. საუბარია 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე.


გამოძიების მტკიცებით, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ სს „სილქნეტი", კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით გეგმავდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედმა თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა და დავით წიფურიამ განიზრახეს სს „სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა...


2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის, შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტს" უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6 720 877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) გადარიცხულია უკვე 6 480 877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხოლოდ 2 618 004.82 ლარს შეადგენს....


„აღნიშნული ქმედებით გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს „სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი", - აცხადებენ პროკურატურაში.


ცნობილია, რომ შპს „სილქნეტის" კომერციული დირექტორი, ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსანდრე ბატიაშვილის ახლო ნათესავია. ბატიაშვილს პროკურატურა გასულ კვირას 10 საათის განმავლობაში კითხავდა, თუმცა საბოლოოდ მან დაკითხვის ოქმს ხელი არ მოაწერა და საგამოძიებო ორგანო ზეწოლაში დაადანაშაულა.



ფაღარათი ჯარში


ალასანიას „კაბელების საქმე" ჯერ არ ჰქონია მონელებული, რომ პროკურატურამ მის უწყებას კიდევ ერთი ბრალი დააწია. ამჯერად საქმე ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლის ფაქტებს უკავშირდება.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების რიგ სასადილოებში ანტისანიტარიული მდგომარეობა იყო.


„საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილ იქნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის პირები და სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის განმახორციელებელი შპს „ქართული კვების კომპანიის" მენეჯერები, რომელთა გულგრილობის შედეგად ადგილი ჰქონდა სამხედრო მოსამსახურეთა მასობრივ დაავადებას.


2013 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილებში დაფიქსირდა სამხედრო მოსამსახურეთა დაავადების 10 შემთხვევა. მთლიანობაში საკვები პროდუქტებით მოიწამლა 858 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც 90 სამხედრო, მძიმე მდგომარეობის გამო სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.


P. S. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საქმეებისა, რომელიც საგამოძიებო უწყებების შესწავლის საფუძველი გახდა. გაიზიარებს თუ არა ირაკლი ალასანია წინამორბედების (კეზერაშვილი, ახალაია, ოქრუაშვილი) ბედს და წარუდგენენ თუ არა ბრალს? ამ კითხვაზე თავად ალასანიას მოკლე პასუხი აქვს: „რაც უნდათ, ის აკეთონ. ჩემი პოლიტიკური გეგმები არ შეიცვლება".

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016