reportiori.ge - სულხან მოლაშვილის საქმემ გიგა ბოკერია განსასჯელის სკამზე უნდა დასვას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 07:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სულხან მოლაშვილის საქმემ გიგა ბოკერია განსასჯელის სკამზე უნდა დასვას!
ავტორი:
11 ნოემბერი, 2014. 22:36



სააკაშვილის რეჟიმი, როგორც დემოკრატიული ფასეულობების მტერი და საქართველოში ავტორიტარულ-დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი, საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთხელ ოფიციალურად იქნა მხილებული, თანაც ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტის მიერ, როგორიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა.


საუბარია საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა და სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი ევროკონვენციის 4 მუხლით გაამართლა.


კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ სულხან მოლაშვილი წამებისა და არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლად აღიარა.


ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, სასამართლო განხილვის უფლება და იგი გახდა დისკრიმინაციის მსხვერპლი.


ძვირფასო მკითხველო, ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მეორე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს სისტემურ დანაშაულში ამხელს.


პირველი იყო გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე, როცა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა და თავის განჩინებაში შეშფოთებით აღნიშნა, რომ საქართველოს მთელი ხელისუფლება, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის მეთაურობით, ჩართული იყო იმაში, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება გაყალბებულიყო და საქმეზე სამართლიანი სასამართლო არ შემდგარიყო.


გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, წესით, ცხვირწინ უნდა უფრიალებდეს ყველა იმ უცხოელ დიპლომატს, პოლიტიკოსსა თუ პოლიტიკანს, რომლებიც სააკაშვილსა და ნაცბანდას დღემდე მკერდით არიან გადაფარებული და „დემოკრატიის შუქურად" წარმოაჩენენ.


იმედია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახლა მაინც მიიღებს ზომებს საიმისოდ, რომ სულხან მოლაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ევროდეპუტატისა თუ ამერიკელი სენატორის მაგიდაზე მოხვდეს, რათა მათ მორალური უხერხულობა მაინც იგრძნონ სააკაშვილისა და მისი ნარჩენები ქომაგობის გამო!


- ეს გადაწყვეტილება არის ათწლიანი ლოდინის, ათწლიანი ბრძოლის შედეგი, რომელსაც სულმოუთქმეად ველოდით. ეს არის დასტური ნაციონალური მოძრაობის სისხლისმსმელი რეჟიმის უტყუარი არსებობისა, ნაციონალური მოძრაობის მესვეურების მიერ წარმოებული პოლიტიკისა ამ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. ეს არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა გააუბედურონ ოჯახები და როგორ არ უნდა გაამწარონ ადამიანთა სიცოცხლე - ასე გამოეხმაურა სულხან მოლაშვილი თავის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.


სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას სულხან მოლაშვილისთვის კომპენსაციის სახით, სამი თვის ვადაში 20 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა, 1 წლის ვადაში გამოიძიოს სულხან მოლაშვილის საქმე.


დიახ, ძვირფასო მკითხველო, საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია, გაარკვიოს, კონკრეტულად ვინ აწამა სულხან მოლაშვილი, ვინ მოექცა მას არაადამიანურად და ღირსების შემლახავად, ვინ წაართვა სამართლიანი სასამართლოს უფლება!


პროკურატურას ამ პირთა გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა არ უნდა გაუჭირდეს, რადგან სულხან მოლაშვილი პირდაპირ ადებს ხელს სააკაშვილის ხელისუფლების იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც მის წამებაში მიიღეს მონაწილეობა.


აი, რას აცხადებდა სულხან მოლაშვილი ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, 2012  წლის ნოემბერში:


„როდესაც დაჭერები დაიწყო, მე არ გავქცეულვარ, სამართალდაცვის ორგანოებში მივედი და პირველსავე ღამეს მოხდა ჩემი წამება. ოთახში ბნელოდა, თვალი მქონდა ახვეული, მაგრამ კარგად გავარჩიე, თუ ვინ მონაწილეობდა ჩემს წამებაში. ისინი იყვნენ: გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი, გოგა გრიგალაშვილი და სხვები. არყით გაჟღენთილი, მთვრალი დამქაშები და სპეციალისტები ადამიანის წამებისა, რომლებიც ელექტროშოკით და სიგარეტის დაწვით იმთავითვე ასიამოვნებდნენ მიხეილ სააკაშვილს".


სულხან მოლაშვილის მიერ საკუთარ მწამებლად დასახელებული ზურაბ ადეიშვილი, რომლის წინააღმდეგაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მოგეხსენებათ, საქართველოდან გაქცეულია, მაგრამ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგება დრო, როცა მას საქართველოში ჩამოიყვანენ და გაასამართლებენ, მათ შორის, სულხან მოლაშვილის წამებისთვისაც.


სამაგიეროდ, არსად გაქცეულა და დღესაც ნაციონალურ მოძრაობას ლიდერობს გიგა ბოკერია, რომელსაც, როგორც მწამებელს, სულხან მოლაშვილი ასევე პირდაპირ ადებს ხელს!


ასე რომ, სულხან მოლაშვილის საქმემ გიგა ბოკერია განსასჯელის სკამზე უნდა დასვას!


მით უმეტეს, რომ სტრასბურგის სასამრთლოს გადაწყვეტილების კვალდაკვალ საქართველოს პროკურატურას ამის გასაკეთებლად ყველა სამართლებრივი გზა ხსნილი აქვს!


და კიდევ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამართლებული სულხან მოლაშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის გადადგომას მოითხოვს:


„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და კოტე კუბლაშვილის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე, ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური დებულების უგულებელყოფაზე. სააკაშვილის შემთხვევაში ეს მისი იმპიჩმენტის საფუძველი უნდა გამხდარიყო, ხოლო კუბლაშვილმა ახლავე შეიძლება იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა. უმჯობესია, საიმპიჩმენტოდ არ გაიხადოს საქმე და თვითონ გადადგეს".


დიახ, ძვირფასო მკითხველო, კოტე კუბლაშვილს ადამიანური და თუნდაც პროფესიული ღირსების ნატამალი მაინც თუ აქვს შერჩენილი, სულხან მოლაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობიდან უყოყმანოდ უნდა გადადგეს!


დაბოლოს, როგორც წერილის დასაწყისში მოგახსენეთ, სულხან მოლაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სახით საქართველოს დანაშაულებრივი ბანდა მართავდა!


იქნებ ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ ევროპის ის პოლიტიკური წრეებიც დააფიქროს, რომლებიც სააკაშვილის დანაშაულებრივ ბანდას დღემდე კბილებით იცავენ!


იქნებ სამართლებრივი და პოლიტიკური ევროპის პოზიცია სააკაშვილის ბანდასთან დაკავშირებით ახლა მაინც დაემთხვეს ერთმანეთს!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016