გამომცემლობა „დიოგენეში" ასტრიდ ლინდგრენის 107-ე დაბადების დღე აღნიშნეს.
„დიოგენეს" დირექტორის თამარ ლებანიძის თქმით, ასტრიდ ლინდგრენი ქართველებისთვის საყვარელი მწერალია: „გადავწყვიტეთ, ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე „დიოგენეში" აღგვენიშნა, რადგან მისი ნაწარმოებები საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სტუმრად სიმბოლურად 14-დან 114 წლამდე ადამიანები მოვიწვიეთ, რადგან ლინდგრენის შემოქმედება ყველა ასაკის მკითხველისთვისაა განკუთვნილი. იმედია, ყველასთვის სასიამოვნო და საინტერესო საღამო გამოვიდა."
მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე დრამატურგმა დათო გაბუნიამ ისაუბრა.
ლექციის შემდეგ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ფინჯნები გათამაშდა, რომლებზეც პეპი და კარლსონი იყო გამოსახული. „დიოგენე" სტუმრებს თანამშრომლების ხელით დაცხობილი მაჭკატებითა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის" ჯემებით გაუმასპინძლდა.
ამ ლექციით გაიხსნა ლიტერატურული შეხვედრების ციკლი „ლექციები ლიტერატურაზე", რომლის ორგანიზატორები „დიოგენე", „არტარეა" და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი არიან.