მწერალი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ჭაბუა (მზეჭაბუკ) ირაკლის ძე ამირეჯიბი თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. თბილისის 46-ე არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე შევიდა, რომელიც 1938 წელს დაამთავრა, III რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის წოდებით. 1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1941 წლის 23 ივნისს, ომის დაწყებიდან მეორე დღეს, პირდაპირ კალათბურთის მოედნიდან წაიყვანეს ჯარში. ჯერ ამიერკავკასიის სამხედრო-საჰაერო ძალების 203-ე ცალკე ასეულის რადისტ-ტელეგრაფისტია, შემდეგ კი გროზნოს აეროდრომის 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსი.
ამ დროისათვის ჭაბუა ამირეჯიბის დედ-მამა და ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ: მამა (ირაკლი გიორგის ძე)დახვრიტეს, დედა (მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე) გადაასახლეს (დაბრუნდა 1942 წელს). მისი ბიძა შალვა ამირეჯიბი - ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე, 1924 წლის აჯანყების პარიტეტული კომიტეტის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მოადგილე პოლიტიკურ დარგში - ემიგრაციაშია. ყოველივე ამის გამო ჭაბუა სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, როგორც „არასწორად გაწვეული".
თბილისში დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო თსუ-ში. იყო არალეგალური ანტისაბჭოთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგის" ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი, 1943 წელს იგი დააპატიმრეს შეიარაღებული აჯანყების მზადების ბრალდებით და მიუსაჯეს 25 წლის პატიმრობა. მალე სასჯელი შეუცვალეს დახვრეტით. სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა სამთვენახევარი, შემდეგ კვლავ შეუცვალეს განაჩენი 25 წლის პატიმრობით.
ჭაბუა ამირეჯიბი პატიმრობის მანძილზე სამჯერ გაიქცა. დახვრეტა მეორედაც მიუსაჯეს, რაც შემდგომ შეცვალეს და ახალი ვადა დაუმატეს. საერთო ჯამში, მას 83 წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრობის დროს მონაწილეობდა ყარაგანდისა და ტაიმირის პოლიტპატიმართა აჯანყებებში, იყო ამ აჯანყებათა ორგკომიტეტის წევრი. პატიმრობის 16 წელი გაატარა ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებში. იყო ტყის მჭრელი, ჩრდ. ოსეთის სატყეო კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1945-47), ბელორუსიის სატყეო მრეწველობის სამინისტროს ტყის გადამმუშავებელი კომბინატის დამაარსებელი და დირექტორი (1947-50).
ჭაბუა ამირეჯიბი 1959 წლის დეკემბერში გადასახლებიდან დაბრუნდა. ოჯახში არცთუ სახარბიელო ვითარება დახვდა: მამა დაუხვრიტეს, დედას ათი წლის პატიმრობა მოუხდია სხვადასხვა ბანაკებში და დაბრუნებულა. მისი უმცროსი და, ნათია ამირეჯიბი დეიდებთან იზრდება. უფროსი და, როდამი მოსკოვში ცხოვრობდა, ჩინებული პოეტის, მიხაილ სვეტლოვის ცოლი იყო, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ - ბრწყინვალე ფიზიკოსის ბრუნო პონტეკორვოს მეუღლე. ქალბატონი როდამი მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ თბილისში დაბრუნდა, სადაც 77 წლის გარდაიცვალა.
ჭაბუა ამირეჯიბმა სამწერლო მოღვაწეობა 1960 წელს დაიწყო, როცა ჟურნალ „მნათობში" გამოაქვეყნა მოთხრობა „რატომ არ დამაცადე". იგი ავტორია მოთხრობების კრებულებისა „გზა", „ძია შოთას ბადია", „არაკების კრებული", „თაფლის წვეთი", არის მრავალი პუბლიცისტური წერილის, სცენარებისა და სტატიების ავტორი.
1972 წელს ჟურნალ „ცისკარში" დაიწყო ჭაბუა ამირეჯიბის პირველი რომანის „დათა თუთაშხიას" ბეჭდვა. იგი ითარგმნა მსოფლიოს მრვალ ენაზე. 1978 წელს ავტორის სცენარით (გ. ლორთქიფანიძე და გ. გაბესკირია) გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. 1981 წელს ჭ. ამირეჯიბს, როგორც სცენარის ავტორს, ფილმ „დათა თუთაშხიას" დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში. ამავე წელს ჭ. ამირეჯიბს მიენიჭა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი.
1994 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. 2001 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, 2002 წელს - ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი.
სხვადასხვა ცოლებისგან ჰყავდა ექვსი შვილი. 40 წელი კი - როგორც თავად ამბობდა, ნამდვილ მეუღლესთან, პოეტ თამარ ჯავახიშვილთან ერთად ცხოვრობდა სრულ თანხმობაში.
უფროსი ქალიშვილი მანანა ამირეჯიბი, პირველი გაქცევის ნაყოფი, მამის კვალზე წავიდა - მოთხრობებს წერს, იბეჭდება და მკითხველიც იცნობს. მომდევნო ქალიშვილი, მეორე გაქცევის ნაყოფი, დედისა და პაპის კვალზე წავიდა - იურისტი გახდა, მერე კი რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელია. შემდეგ თავისუფლებაში გაჩენილი შვილები მოდიან, ოთხი ბიჭი. უფროსი, ირაკლი ამირეჯიბი აფხაზეთის ომში იბრძოდა, სადაც გმირულად დაიღუპა - ერთ ჟურნალისტს აეფარა წინ და გადაარჩინა - რისთვისაც ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. მომდევნო, ლაშა მოქანდაკეა. ისიც აფხაზეთშია ნაომარი. მესამე, ქურციკი - კინორეჟოსორ-ოპერატორია, ისიც ომის მონაწილეა და მამამისზე გადაღებული საინტერესო დოკუმენტური ფილმის „მარბენალი"-ის ავტორი. მეოთხეს ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული - ისიც აფხაზეთშია ნაომარი. ჰყავს ხუთი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.
ჭაბუა ამირეჯიბი 2010 წლის 15 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა და სახელად დავითი ეწოდა. მწერლის ფიზიკური მდგომარეობის გამო ბერად აღკვეცის წესი ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა, მეუფე სერაფიმემ მისსავე სახლში შეასრულა. მეუფე სერაფიმემ, საიდუმლოს შესრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის კურთხევით ჭაბუა ამირეჯიბს ბერი დავითი ეწოდა, წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელი. ბერ დავითს, კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წერის გაგრძელება შეეძლო, თუკი მას ამის სურვილი ექნებოდა.
ჭაბუა ამირეჯიბი 2013 წლის 12 დეკემბერს (92 წლის ასაკში) გარდაიცვალა