რეჟისორი თემურ ნოდარის ძე ჩხეიძე 1943 წლის 18 ნოემბერს თბილისში დაიბადა.
1965 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო) დაამთავრა. 1965-67 წწ რეჟისორად მუსაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. შემდეგ მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრებში; კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად; 1991 წლიდან 22 წლის განმავლობაში - სანკტ-პეტერბურგის დიდი თეატრის ჯერ - რეჟისორად, შემდეგ - მთავარ რეჟისორად და 2007 წლიდან, 6 წლის განმავლობაში - სამხატვრო ხელმძღვანელად. 2013 წლიდან თემურ ჩხეიძე სანკტ-პეტერბურგიდან საბოლოოდ ბრუნდება და საქართველოში განაგრძობს მოღვაწეობას.
2014 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრმა (თემურ ჩხეიძის სახელოსნო), რომელსაც თავად რეჟისორი ხელმძღვანელობს.
წლების განმავლობაში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრების სცენაზე თემურ ჩხეიძეს დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი, ასევე, გადაღებული აქვს სატელევიზიო სპექტაკლები.
თემურ ჩხეიძე არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, მიხეილ თუმანიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიის ლაურეატი, „ოქროს გრან-პრის", კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს - „ხელოვნების ქურუმისა" და სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი.
„რეპორტიორი" ბატონ თემურს ულოცავს დაბადების დღეს და ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს უსურვებს.