reportiori.ge - რატომ არ ცხადდება საერთაშორისო ძებნა სააკაშვილზე, რომელსაც მეხუთე ბრალი წაუყენეს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:37
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რატომ არ ცხადდება საერთაშორისო ძებნა სააკაშვილზე, რომელსაც მეხუთე ბრალი წაუყენეს?
ავტორი:
28 ნოემბერი, 2014. 20:41


მიხეილ სააკაშვილს რიგით მეხუთე ბრალი წაუყენეს, თუმცა პროკურატურა შიდა ძებნას ვერ გასცდა. როგორც ჩანს, „წითელ ცირკულარზე" ყოფილი რეჟიმის  „არქიტექტორების" გადაცემას ამ პროკურატურის პირობებში აზრი ეკარგება. დავით კეზერაშვილის საქმესთან მიმართებაში საფრანგეთის სასამართლოში დამატებითი მასალები არ გაგზავნილა, ამიტომაც კეზერაშვილი თავისუფალია. შემდეგი იყო დათა ახალაია. როცა არ ხდება პირის ექსტრადირება, ამ გზით ძირშივე კვდება იმის ილუზია, რომ სააკაშვილზე გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა. 


და მაინც, როდის უნდა გამოცხადდეს სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად „ალიამ" პროკურატურის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, ნათია რეხვიაშვილს ტელეფონი აუფეთქა, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი! შეტყობინებაც დავაწიეთ: „როდის აპირებთ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას?", თუმცა, როგორც ჩანს, ნათია „ალიასთვის" მიუწვდომელია. ისე კი, ნათია რეხვიაშვილო, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ წარმოადგენთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ჩვენ გიხდით ხელფასს და ვალდებული ხართ, გვიპასუხოთ, ვეღარც კი ვითვლი, რამდენი თქვენისთანა გაგვისტუმრებია საჯარო სამსახურიდან, საჯარო სანაგვეზე, პრობლემა კი მაშინ ჩნდება, როცა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ხიდი ტყდება, ასე გააგრძელე, პროკურატურა, და სააკაშვილს თავი კვლავ პრეზიდენტი ჰგონია, პარლამენტში „ნაციონალები" ხელებს გიბრახუნებენ და ძებნილთა მთავრობით უკრაინის ხელისუფლება კომპლექტდება, ვაი... და ვაი, თქვენს პატრონს! 


ჰოდა და მთავარია... მოკლედ, პროკურატურის მორიგ საგანგებო ბრიფინგზე გვამცნეს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება გამოიტანა. 


განცხადებაში წერია: „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. კერძოდ, ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება განხორციელდა სახელმწიფო უწყებებისა და მათი ხელმძღვანელი პირების: შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დავით ახალაიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას, გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად. 2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ბოროტად გამოიყენა რა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდადებულებს: გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ. ამდენად, სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებების ერთობლივმა და ურთიერთშეთანხმებულმა დანაშაულებრივმა მოქმედებებმა, რასაც სათავეში ედგა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, განაპირობა ის, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე არ განხორციელდა მართლმსაჯულება, მოხდა საქმის რეალური გარემოებების ფალსიფიკაცია და დავით ახალაიას და სხვათა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან აცილება, რამაც ალექსანდრე გირგვლიანის ოჯახის წევრების უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ალექსანდრე გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტარსბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი. საქმეზე გრძელდება გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით". 


ახლა გაიკარით ეგ განცხადება და მეორე საგანგებო ბრიფინგამდე და მეექვსე ბრალის წარდგენამდე იმეორეთ! 


აბსოლუტური ძალაუფლებიდან ციხემდე ერთი ნაბიჯია, სააკაშვილი არ იქნება გამონაკლისი. როცა იქნება, გასუფთავდება პროკურატურა "ნაციონალების" ჩანერგილი ადამიანებისგან და სააკაშვილიც შეუერთდება მსოფლიოში გასამართლებული პრეზიდენტების სიას: 

 

1. ჟან ბედელ ბოკასა, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი. 1979 წლის გადატრიალების შემდეგ საფრანგეთში გაიქცა. 1986 წელს მმართველობის აღდგენის იმედით დაბრუნებული დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 


2. სლობოდან მილოშევიჩი, იუგოსლავიის პრეზიდენტი. კოსოვოს კონფლიქტის დროს მილოშევიჩი გაერომ ჟენევის კონვენციის დარღვევაში, გენოციდსა და სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა. მილოშევიჩის ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ ის დააკავეს. 2006 წელს ის ჰააგის ციხეში გარდაიცვალა. 


3. ალბერტო ფუხიმორი, პერუს პრეზიდენტი. მას ჰქონდა კავშირები კოლუმბიურ ნარკომაფიასთან. 2006 წელს მას 25-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 


4. მოშე კაცავი, ისრაელი პრეზიდენტი. 2006 წელს სასამართლომ გარყვნილ ქმედებებში დამნაშავედ ცნო და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 


5. ჩარლზ ტეილორი, ლიბერიის პრეზიდენტი. მას ბრალს სდებდნენ კავშირში ალმასების მაფიასთან, სექსუალურ მონობასთან, მრავალ წამებასა და მკვლელობაში. 2012 წელს მას 50-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 


6. ნამბარინ ენხბაიარი, მონღოლეთის პრეზიდენტი. 2012 წლის 1-ელ აგვისტოს უკვე ექსპრეზიდენტი კორუფციაში დამნაშავედ ცნეს და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. 


7. ფერვეზ მუშარაფი, პაკისტანის პრეზიდენტი. 2009 წლიდან მასზე საქმეები იყო აღძრული სამშობლოს ღალატის ბრალდებით. 2013 წელს ის ლონდონიდან დაბრუნდა პაკისტანში, რათა მონაწილეობა მიეღო არჩევნებში და დააპატიმრეს. 
2014 წელი დაპატიმრებული პრეზიდენტების კალენდარში თავისუფალია, რა იქნება 2015 წელს, შეუერთდება თუ არა სააკაშვილი დაპატიმრებული პრეზიდენტების სიას? მეხუთე ბრალის წაყენების მიუხედავად, რატომ არ აცხადებენ მასზე საერთაშორისო ძებნას? 


„ალიას" ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი პასუხობს: "სამართლებრივად, სავალდებულოს არ ხდის კანონმდებლობა, რომ მაინცდამაინც გამოაცხადო, საერთაშორისო ძებნა მიხეილ სააკაშვილზე, ისევე, როგორც კანონმდებლობით არ არის აუცილებელი, რომ ძებნაში მყოფი ადამიანი დაუსწრებლად გაასამართლო, ამას წყვეტს პროკურატურა. მაგალითს გეტყვით, 20 წელზე მეტია იგორ გიორგაძე ძებნილია, ბრალი აქვს წაყენებული, მაგრამ დღემდე არ არის ის გასამართლებული. ასე რომ, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, როგორც ჩანს, ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები საკითხს მომწიფებულად და პოლიტიკურად მომგებიანად არ თვლიან, რომ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს, სხვა ახსნა ამას არ აქვს, მას ვერ დააპატიმრებენ და ეს იქნება ფაქტი, როცა საერთაშორისო ძებნილი ივლის სხვადასხვა ქვეყნებში და მის ექსტრადირებაზე უარს იტყვიან წამყვანი ქვეყნები, ეს კი პოლიტიკურად წამგებიანი იქნება ამ თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, პოლიტიკა არის შესაძლებლობების ხელოვნება და არა სურვილების ხელოვნება. საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, ხვდება, რომ მის შესაძლებლობას აღემატება სააკაშვილის დაკავება რომელიმე ქვეყანაში, იმიტომ რომ სააკაშვილი არის დასავლეთისა და აშშ-ს ფავორიტი, მათი მხრიდან „დემოკრატიის შუქურად" მონათლული, სააკაშვილის დაჭერა, რბილად რომ ვთქვათ, ნიშნავს საკუთარი შეცდომის აღიარებას, რაზეც ისინი თვალებს ხუჭავდნენ. ფაქტობრივად, მათ მოუწევთ იმის თქმა, რომ ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ, ან არ ვიცოდით, ეს კაცი რას აკეთებდა, დასავლეთისთვის კი ერთი გამოსავალია, თქვან ხელისუფლება მიკერძოებით უყენებს ბრალს სააკაშვილს და ჩვენ არ გვჯერა, რომ ის იყო ბოროტმოქმედიო... სანამ არ მოვა პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომლებიც არ იყვნენ შემჩნეული სააკაშვილის ლობირებაში, ვისაც დანაშაულის თანამონაწილის იარლიყი არ ექნებათ მიკერებული, მანამდე სააკაშვილს ვერ დაიჭერენ, რამდენიმე წელში შეიცვლება დასავლეთში და აშშ-ში პოლიტიკური კლასი და ამის შემდეგ შესაძლებელია, მომწიფდეს ეს საკითხი. დღეს ამის პირობები უბრალოდ არ არსებობს". 

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016