reportiori.ge - სანდრო გირგვლიანზე გამოძიება დასრულდა - გადაურჩება თუ არა ციხეს თაკო სალაყაია და რის ფასად?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სანდრო გირგვლიანზე გამოძიება დასრულდა - გადაურჩება თუ არა ციხეს თაკო სალაყაია და რის ფასად?
ავტორი:
02 დეკემბერი, 2014. 21:08


„დათა ახალაია, ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, ოლეგ მელნიკოვი, თაკო სალაყაია, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, მიხეილ სააკაშვილი" -ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომელთა დასჯასაც 8 წლის წინათ ითხოვდა სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე.


რა სურათი გვაქვს 8 წლის შემდეგ, როდესაც დღევანდელი მოცემულობით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საქმე დასრულებულად გამოაცხადა: „ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან სასიხარულოა, რომ პროკურატურამ გირგვლიანის საქმე გამოიძია და მას საბოლოოდ დაუსვა წერტილი", - თქვა პრემიერმა.


როგორც ჩანს, ეს საქმე სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემით სრულდება, თუმცა, გირგვლიანის ოჯახისთვის, თუ ზემოთ შემოთავაზებულ ჩამონათვალს გადავხედავთ, დაუსჯელი კიდევ ბევრი დარჩა.


ამ საქმეზე ორი განაჩენი უკვე დადგა - ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ბაჩანა ახალაიასთვის კი სასჯელის  ზომად, პატიმრების წამების ბრალდებასთან ერთად, 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. დათა ახალაიას მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა და ახლა „რიგში" ყოფილი პრეზიდენტია.


სააკაშვილს კი ამ საქმეზე პროკურატურამ ბრალი 27 ნოემბერს წარუდგინა. მისი ადვოკატი, ოთო კახიძე მედიასთან ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის გამოძიებაში პროკურატურის მთავარი მოწმეები თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი და ოლეგ მელნიკოვი არიან


როგორც ჩანს, ამ ორი მოწმის დასახელებას ადვოკატი გარკვეულ დატვირთვას აძლევს, ვინაიდან ორივეს დამოკიდებულება ახალი ხელისუფლების მიმართ ცნობილია (ერთიც და მეორეც თანამშრომლობს გამოძიებასთან ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებში). თუმცა, მოწმეების ვინაობას პროკურატურა, ცხადია, არ ამხელს.


ამასთანავე, სააკაშვილს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მაშინ, როდესაც დაახლოებით ერთი თვის წინ, ოლეგ მელნიკოვმა სასამართლოზე სკანდალური განცახება გააკეთა, ყველასთვის ისედაც ცხადი გახდა, რომ ეს პროკურატურისთვის ერთ-ერთი საფუძველი გახდებოდა სააკაშვილისთვის ბრალის წასაყენებლად. საბოლოოდ კი ეს ბრალი ასეთი სახით ჩამოყალიბდა (გთავაზობთ ამონაწერებს დადგენილებიდან): „ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასხისმგებლობის თავიდან არიდება, განხორციელდა სახელმწიფო უწყებებისა და მათი ხელმძღვანელი პირების: შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დავით ახალაიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას, გენერალური პროკურატურისა და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად...


...გამოძიებას მიკერძოებულად აწარმოებდნენ ივანე მერაბიშვილის უწყების გამომძიებლები, რომლებიც სამსახურებრივად დაკავშირებული იყვნენ საქმეში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებთან და დამოკიდებულნი იყვნენ იმ პირებზე, ვინც პირადი მიზნებით დაინტერესებული იყვნენ საქმის არასათანადო გამოძიების შედეგით...


...დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინა დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაჰპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით ხანმოკლე ვადაში განთავისუფლდებოდნენ სასჯელისგან. გარდა ამისა, საპატიმროში ყოფნის პერიოდში, თითოეულს დაჰპირდა ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხებს და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგირებული პირობების შექმნასთან.


...მიხეილ სააკაშვილთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა გირგვლიანის საქმეზე პასუხისგებაშწი მისაცემ პირთა საკითხის გადაწყვეტას  და მჯსავრდების შემდგომ სასჯელის მოხდისგან შეწყალებით ვადამდე განთავისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა დავით ახალაიას უთხრა, რომ გირგვლიანის საქმით გამოწვეული საზოგადოებაში არსებული მზარდი მღელვარების ჩასაცხრობად, რამდენიმე დაბალი რანგის თანამდებობის პირთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიცემულიყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გერონტი ალანიაც, სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები კი აცილებული იქნებოდნენ პასუხისმგებლობისგან. ამასთანავე, დავით ახალაიას შეჰპირდა, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს შეიწყალებდა მათი მსჯავრდების შემდეგ...


...2006 წლის 6 მარტს საჯაროდ გაცხადდა,  თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გერონტი ალანია, ამავე დეპარტამენტის უფროსი ოპერატიული თანამშრომლები: ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებიც დაკავებულ იქნენ ალექსანდრე გირგვლიანის სასიკვდილო შედეგით ჯანმრთელობის  დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით...


...შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს ე.წ. „მოდულის" შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრაზე, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა, რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც.


...მსჯავრდადებული პირები სასჯელის მოხდის პერიოდში, ბაჩანა ახალაიას ძალისხმევით, წინასწარი დაპირების შესაბამისად, სარგებლობდნენ კანონით აკრძალული შეღავათებით.


გარდა ამისა, მათ დანაშაულის რეალური გარემოებების, აგრეთვე, აღნიშნულ დანაშაულში დავით ახალაიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლების დაფარვის სანაცვლოდ, ეტაპობრივად გადაეცათ თითოეულს 100 000 აშშ დოლარი.


2008 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა რა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, შეწყალების კომისიის გვერდით ავლით, შეიწყალა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით განთავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება და ისინი განთავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან დაპატიმრებიდან 3 წლისა და 9 თვის შემდეგ..."


პროკურატურა განმარტავს, რომ ალექსანდრე გირგვლიანის საქმეში ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი.


ვფიქრობთ, ამ ბრალდების შინაარსის შესახებ ჩვენი მკითხველის დიდი ნაწილი უკვე ინფორმირებულია. თუმცა, თუ იმ ადამიანების ჩვენებებს, ან ინტერვიუებს გადავხედავთ, რომლებმაც სხვადასხვა დროს „პრაიმტაიმთან" ისაუბრეს, ამოვიკითხავთ კიდევ ერთ დანაშაულს, რომელიც სააკაშვილის დანაშაულთა ჩამონათვალში პროკურატურას, ალბათ, გამორჩა:


თავის დროზე ყოფილმა პოლიციელმა, გია ალავიძემ, რომელიც სასჯელს იმ დაწესებულებაში იხდიდა, სადაც გირგვლიანის ე.წ. მკვლელები იმყოფებოდნენ და რომელმაც მოგვიანებით ვიდეომასალით გაასაჯაროვა მათი პრივილეგირებული მდგომარეობა. „პრაიმტაიმს" ინტერვიუ მისცა და იქ ერთი ასეთი ეპიზოდის შესახებაც გვიამბობდა: „ესენი 2008 წლის ნოემბრის ბოლოს ძლივს შემოაბრუნეს ზონაში, მერე გამზადდა პრეზიდენტის შეწყალების შესახებ ბრძანებულება, რომელიც არსად არ არის რეგისტრირებული. ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი. იმ დროს მეც შემიწყალეს. ჩემს შეწყალებაზე ბრძანებულების ნომერი იყო 767. ამათი კი - 768, სადაც პრეზიდენტი ამ ოთხ პატიმარს სასჯელს უნახევრებდა იმისთვის, რომ მერე „უდო" ადვილად შეხებოდათ. ეს დოკუმენტი არსად არ არის რეგისტრირებული - არც სად-ში, არც იუსტიციაში, არც სახელმწიფო კანცელარიაში".


ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურამ გია ალავიძეც დაკითხა, თუმცა სააკაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდების არც ერთ ეპიზოდში არ ჩანს დოკუმენტის გაყალბება... თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ამას გამოძიება მომავალ კოზირად იტოვებდეს, თუ ბრალის დამძიმება დასჭირდებათ...


ახლა კი მოდი, საკითხი ასე დავსვათ: რა ბედი ეწევათ ისტორიის იმ ფიგურანტებს, რომლებიც ამ ეტაპზე მხოლოდ მოწმის სტატუსს ატარებენ. რაღა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ზურაბ ადეიშვილს, გურამ დონაძეს, ვასილ სანოძესა და თაკო სალაყაიას... გამოძიება ამ მიმართულებით ჯერჯერობით დუმს. როგორც ჩანს, ვასილ სანოძის თვითმკვლელობის მცდელობამ პროკურატურასაც აუჩუყა გული და მისთვის „პატიება" გადააწყვეტინა... რაც შეეხება თაკო სალაყაიას, მკითხველის ყურადღებას ამჯერად მის მოსალოდნელ პერსპექტივაზე შევაჩერებთ.


სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები, მიხეილ სააკაშვილის გარდა, თაკო სალაყაიას დასჯასაც ითხოვენ: „ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილისთვის ეს სასჯელი ადეკვატურია. ყველამ კარგად იცის , რომ სააკაშვილი მართავდა ამ ქვეყანას და მისი მმართველობის ფორმა გულისხმობდა , რომ ყველგან ყოფილიყო მისი წვლილი და ყველა საქმის შესახებ საქმის კურსში იყო. მან აბსოლუტურად ზედმიწევნით იცოდა ეს საქმეც. ველოდებით, რომ ამ საქმეში თაკო სალაყაია და სხვა პირებიც დაისჯებიან", - აცხადებს სანდრო გირგვლიანის ბიძა, გიორგი ენუქიძე.


სააკაშვილის ბრალის დადგენის სრულ ვერსიას თუ გულდასმით წავიკითხავთ, იქ ასეთ ფრაზასაც წავაწყდებით: „საზოგადოების მღელვარების მატებასთან ერთად, საქმით დაინტერესდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დანაშაულში დავით ახალაიას ორგანიზატორობის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის თამარ მერაბიშვილის დანაშაულთან შემხებლობის გამჟღავნება უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროკურატურის პოზიცია თაკო სალაყაიასთან დაკავშირებით, მის „დანაშაულთან შემხებლობით" ფიქსირდება და არა უმეტეს...


არადა, თუ ვივარაუდებთ, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებს ერთ-ერთი მყარი საფუძველი ოლეგ მელნიკოვის მიერ სასამართლოსთვის მიცემული სკანდალური ჩვენება გახდა, ამ ჩვენებაში მელნიკოვი თაკო სალაყაიასთან დაკავშირებთ აღნიშნავს, რომ კუდ-ის ყოფილ უფროსს დათა ახალაიას შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაიამ, სანდრო გირგვლიანის მოშორება დაავალა, რადგანაც ის თითქოსდა აწუხებდა მის თანმხლებ გოგონას. მოწმის მონათხრობის მიხედვით, ეს ყველაფერი 2006 წლის 27 იანვარს, ღამით, თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ბარში ხდებოდა. დათა ახალაიამ, რომელმაც ტელეფონზე დარეკვა დაიწყო, ოლეგ მელნიკოვს გვერდით მაგიდასთან მსხდომი ახალგაზრდები - სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე - დაანახა და მათი „დაკავება" მოსთხოვა. იგივე ჩვენებით, იგივე დავალება თაკო სალაყაიამ ტელეფონით გია ალანაის მისცა.


მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, დადგება თუ არა მელნიკოვის ჩვენების საფუძველზე თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობის საკითხი, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროკურორი კოკა კაციტაძე ამბობს, რომ გირგვლიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ პროცესში გაირკვევა, ვის მიმართ დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.


არადა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეს საქმე უკვე დასრულებულად გამოაცხადა...


სხვათა შორის, დაახლოებით ერთი წლის წინ, მაშინ, როდესაც იგივე საქმეზე პროკურატურამ ბრალი ვანო მერაბიშვილს წაუყენა, დადგენილებაში ყოფილი მინისტრის მეუღლე ასე იყო მოხსენიებული: „ალბათობის მაღალი ხარისხით, თამარ მერაბიშვილი იყო „შარდენ ბარში" და ოქროყანის ინციდენტში, მინიმუმ, მოწმეა". სწორედ მაშინ გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ სალაყაია პროკურატურასა და ვანო მერაბიშვილის ურთიერთობაში ყველაზე მომგებიანი სავაჭრო ფიგურა იქნებოდა.


რა თქმა უნდა, ამის დადასტურება მეტად რთულია, თუმცა „პრაიმტაიმს" ინფორმირებულმა წყარომ შეატყობინა, რომ სწორედ მეუღლის პასუხისგებაში მიცემის შიშით მერაბიშვილი უკვე დიდი ხანია წავიდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ალბათ, ამის წყალობით არის, რომ უკვე დიდი ხანია „ნაციონალური მოძრაობა" მას მხარდაჭერას აღარ უცხადებს და ახალი ხელისუფლებისთვისაც აღარ არის ის „პირსისხლიანი ნაციონალი"...


ამდენად, სულაც არ არის გამორიცხული, რომ სულ მალე კიდევ ერთი სკანდალური ჩვენების მოწმენი გავხდეთ და თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ - ახალი სკანდალური დაპატიმრების.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016