„ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ხელში არის ის ინსტრუმენტები, რომლებსაც ლარის კურსის სტაბილიზაცია შეუძლიათ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს განაცხადა.
ქუმსიშვილის ინფორმაციით, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ვითარება არ არის რთული. არის ინსტრუმენტები, რომლებითაც უპრობლემოდ შეიძლება ლარის კურსის სტაბილიზაცია - სავალუტო რეზერვებიდან გაყიდვა, ასევე ეროვნულ ბანკს აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატების ინსტრუმენტი. არსებობს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების ინსტრუმენტი. ასე რომ, ინსტრუმენტების დაბალანსებით ლარის კურსის შენარჩუნების პრობლემა არ იქნება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ეკონომიკაზე კურსის ცვალებადობის გავლენას, ქვეყანაში ყოველთვის ახდენს ზეგავლენას კურსის ცვალებადობა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ლარის ოფიციალურ გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში ამ დროისთვის 1,86-ს შეადგენს.