reportiori.ge - საქართველო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:34
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
საქართველო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში
ავტორი:
04 დეკემბერი, 2014. 15:27


რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში იმყოფებოდა. ანკარაში, ალბათ, კოლეგებმა - რეჯებ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა, საქართველოს შესახებაც ისაუბრეს. რუსულ-თურქული (ოსმალური) დიპლომატიის ტრადიციაა, რომ საქართველოს ორი დიდი მეზობლის ლიდერების შეხვედრისას საქართველოს საკითხი ყოველთვის იხილება. შეიძლება, ოფიციალურ დღის წესრიგში არ იყოს შეტანილი, შეიძლება, გამოცხადებული არ იყოს, მაგრამ საქართველოზე მაინც საუბრობენ ხოლმე პირისპირ.


თურქეთ-რუსეთის თითქმის ყველა ხელშეკრულებაში, მე-18 საუკუნიდან დაწყებული, საქართველოს საკითხი ან ფიგურირებს, ან იგულისხმება. რამდენი ჩამოვთვალო - ქუჩუკ-კაინარჯის (1774წ.), იასის (1791), ბუქარესტის (1812), აკერმანის (1826), ადრიანოპოლის (1829), სან-სტეფანოს (1878 წ.), მოსკოვისა და ყარსის (1921) ხელშეკრულებები...


რუსეთისა და თურქეთის ინტერესები მეოცე საუკუნეში განსაკუთრებით იკვეთებოდა ბალკანეთში, შავ ზღვაზე და კავკასიაში. ოცდამეერთეშიც თითქმის ასეა, თუმცა აქცენტები ცოტა შეიცვალა - კავკასიური ვექტორი შედარებით გაძლიერდა.


მოსკოვისა და ანკარის ძალების ბალანსი კავკასიურ კონფიგურაციაში თითქმის დაცულია: თურქეთი-აზერბაიჯანი, რუსეთი-სომხეთი (სტრატეგიული მოკავშირეობის პრინციპით). სამწუხარო რეალობაა: მოსკოვ-ანკარის ინტერესთა სფეროების საზღვარი ყველაზე მკვეთრად საქართველოს რეგიონებზე გადის: რუსეთი და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი (სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით), თურქეთი და აჭარა (კულტურულ-ეკონომიკური თვალსაზრისით). ორივე შემთხვევა მძიმეა: პირველი ღია ანექსიის მცდელობაა, მეორე კი - ფარული. აქაც სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე: გვინდა თუ არ გვინდა, საქართველო ორი ძლიერი ქვეყნის ინტერესთა სფეროშია. განსხვავება იმაშია, რომ საქართველო რუსეთს უპირისპირდება, თურქეთს კი ვერა. აბა, როგორ დაუპირისპირდეს, როცა თურქეთი საქართველოსთვის სანუკვარი ალიანსის წევრია, როცა თურქეთი ჩვენი მარჩენალის - აზერბაიჯანის უფროსი ძმაა, როცა მათი წყალობით საქართველოს ტრანზიტით შემოსავლები აქვს... ჰოდა, ვართ ასე - თმენის რეჟიმში.


ბოლო ოცი წლის მანძილზე საქართველოს საკითხი თურქეთისთვის ორჯერ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი: 1992 წელს, როცა მეგობრობის ხელშეკრულება დაიდო და 2008 წელს, როცა ყარსის ხელშეკრულების პირობებს საფრთხე დაემუქრა.


მე პირადად ვარ მომსწრე 1992 წლის ივლისის ბატალიებისა, როცა ხელი მოეწერა საქართველო-თურქეთის მეგობრობის ხელშეკრულებას სულეიმან დემირელისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ. სხვათაშორის, სწორედ იმ პერიოდში წერდა მიხეილ სააკაშვილი მრისხანე წერილებს გაზეთებში, ყარსის ხელშეკრულება უნდა გავაუქმოთო, კაბალურიაო, თავს მოგვახვიესო. თბილისში 30 ივლისს ხელმოწერილმა მეგობრობის ხელშეკრულებამ კი ყარსში ხელმოწერილი მეგობრობის ხელშეკრულების მთავარი დებულება - საზღვრების საკითხი უცვლელად დატოვა. მე მომსწრე ვარ იმ ბატალიებისაც, რომელიც პარლამენტში გაიმართა ახალი ორმხრივი დოკუმენტის რატიფიცირების დროს - იყვნენ მოწინააღმდეგეებიც და თავშეკავებულებიც. იყო ჩვენი მეზობლების რეაქციაც: რუსეთის - ქედმაღლური („გახსოვდეთ მოსკოვის ხელშეკრულება!"), აზერბაიჯანის - შემთანხმებლური („საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს!"), სომხეთის - დამცინავი („ქართველებმა ტერიტორიები დათმეს!")...


2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთის ჯარები საქართველოს საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს, როცა ისინი აჭარას უშუალოდ მიუახლოვდნენ, თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი რეჯებ ერდოღანი მოსკოვში გაქანდა და კრემლს მიანიშნა, ბათუმის ოლქის სტატუსი არ დაივიწყო, ვინ იყო სიუზერენი, გახსოვდესო. ზოგი ერდოღანს ამუნათებს, თბილისში კი არ ჩამოსულა სოლიდარობის ნიშნადო, მაგრამ კაცმა რომ თქვას, აჭარაში რომ რუსები არ შევიდნენ, ალბათ, მასაც უნდა ვუმადლოდეთ.


მოკლედ, საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება რუსეთ-თურქეთის ინტერესთა სფერო. ვლადიმირ პუტინისა და რეჯებ ერდოღანის შეხვედრის დეტალები, ალბათ, მალე გახდება ცნობილი და რუსულ-თურქული დიპლომატიის ნაყოფსაც ვნახავთ. მთავარია, საქართველომაც დიპლომატიური სიფხიზლე გამოიჩინოს და ყურადღებით დააკვირდეს მტერ-მოყვარის ურთიერთობას...


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016