საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კრებულის „ქვეყნის სიყვარულში განვლილი წლები" პრეზენტაცია შედგა. ქართულმა უნივერსიტეტმა კრებული ისტორიკოსს, მეცნიერს, აკადემიკოსს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, როინ მეტრეველს მიუძღვნა. როინ მეტრეველს 7 დეკემბერს 75 წელი უსრულდება.
კრებული როინ მეტრეველის საზოგადოებრივ-სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს. კრებული შეადგინეს პროფესორებმა: სერგო ვარდოსანიძემ, ვახტანგ გურულმა და ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ.
როინ მეტრეველის იუბილისადმი მიღვნილ ღონისძიებას საზოგადო მოღვაწეები, პროფესორები, აკადემიკოსები, მეცნიერები, სასულიერო პირები დაესწრნენ. მათ როინ მეტრეველის ღვაწლსა და დიდ დამსახურებაზე ისაუბრეს.
ამასთან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა როინ მეტრეველს დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში სამშაბათს, 9 დეკემბერს 22:00 საათზე გავა.