მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კეთილმორწმუნე მთავრის ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო ლიტურგიას წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში აღავლენს. დღეს ასევე ტაძრის დაარსებიდან 150 წლისთავი შესრულდა.
კეთილმორწმუნე მთავარი ალექსანდრე ნეველი მე-13 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი 1220 წელს დაიბადა და ვლადიმირის დიდი მთავრის, იაროსლავ II-ის ძე იყო. წმინდანი ღვთისადმი სიყვარულს ბავშვობიდანვე ამჟღავნდებდა. უყვარდა საეკლესიო საგალობლები, წმინდა მამათა ნაწერების კითხვა, ღამისთევები და ღვთისადმი ლოცვა-ვედრება.
1236 წელს ალექსანდრე ნეველი ნოვგოროდის მთავრად აირჩიეს. 1240 წელს მან მცირერიცხოვანი რაზმით მდინარე ნევის ნაპირებზე სასტიკად დაამარცხა შვედები, რომლებიც ფინეთის ყურის სანაპიროს დაპყრობას და იქ კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ცდილობდნენ. ამ ბრძოლაში გამარჯვების გამო ხალხმა მას ნეველი უწოდა. 1242 წელს კეთილმორწმუნე მთავარი გერმანელ ჯვაროსნებს შეებრძოლა, რომელთაც ასევე სძლია.
ოქროს ურდოსთან ურთიერთობაში იგი სიფრთხილეს იჩენდა. 1262 წელს თათართა მძლავრობისგან შევიწროებული ხალხი აჯანყდა. განრისხებულმა ხანმა მათ დასასჯელად ლაშქარი შეაგროვა. ალექსანდრე ნეველი ურდოში ჩავიდა, რათა თათარი ხელისუფლის კეთილგანწყობა მოეპოვებინა. ხანგრძლივი ღვაწლით დაუძლურებული, უკან მობრუნებისას სასიკვდილოდ დასნეულდა. სულთმობრძავი მთავარი ბერად აღიკვეცა, წმინდა საიდუმლოს ეზიარა და ორმოცდასამი წლის ასაკში, 1263 წელს აღესრულა. წმინდანის ცხედარი ვლადიმირის ღვთისმშობლის შობის მონასტერში დაკრძალეს.