reportiori.ge - ვინ მიაწოდა ივანიშვილს კომპრომატები მთავრობის მაღალჩინოსნებზე?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:30
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვინ მიაწოდა ივანიშვილს კომპრომატები მთავრობის მაღალჩინოსნებზე?
ავტორი:
11 დეკემბერი, 2014. 18:15

 

 

 

ლარი გახდა ჩოილარი, ლარის პარალელურად, ხელისუფლების ინფლაცია სახეზეა, ხალხი პანიკაშია და შიმშილისგან გამოწვეულ შიშს თვალებში უყურებს, მძიმე სოციალურმა და ეკონომიკურმა პრობლემამ ყველას ოჯახში შეაბიჯა, სოციალური ამბოხი რეალური ხდება, ძალაუფლება ქუჩაშია დაგდებული, ხალხი სვამს კითხვას - რა გვეშველება? ამ კითხვაზე პასუხის გამცემი მხოლოდ ერთი ადამიანია, „მოქალაქე" ბიძინა ივანიშვილი. ის უკვე გამოჩნდა, ივანიშვილი ნელ-ნელა კულისებიდან გამოსვლას იწყებს, ბიძინა ივანიშვილმა ამ კითხვას ქმედებით უპასუხა. გაზეთი „ალია" წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ველის გასუფთავება დაიწყო, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავს, ზვიად ჯანყარაშვილს, პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვა. შეხვედრა გასულ კვირას 5 ადამიანს შორის გაიმართა, იქ იმყოფებოდნენ ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი, ბიძინა ივანიშვილის ნათესავი უჩა მამაცაშვილი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე... ამ შეხვედრის დეტალების გამჟღავნება არ შედიოდა პრემიერის ინტერესში, ვერც უჩა მამაცაშვილი და მამუკა ბახტაძე გაბედავდნენ პრესისთვის საჯარო გამხდარიყო საუბრის შინაარსი, მაშასადამე, რჩება ბიძინა ივანიშვილი, რომლის ინტერესებშიც იყო, რომ მედიისთვის ინფორმაცია საჯარო გამხდარიყო, რატომ? ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველგან თავისი „თვალი" და „ყური" ჰყავს, სწორედ მათგან მისდის ობიექტური ინფორმაციები, რამდენიმე წყარომ დაუდასტურა, რომ ქვეყანა ნეპოტიზმით იმართება, ჩინოვნიკები ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, სახელფასო დანამატებზე და პირად ფუფუნებაზე. ინტელექტუალური და კვალიფიციური კადრების დეფიციტია, ბიძინამ იკითხა, როგორ ახერხებდნენ „ნაციონალები" კვალიფიციური კადრების მოძიებას და რა ხდება ამ შემთხვევაში - რაზეც მიიღო პასუხი, რომ კვალიფიციური კადრებისთვის სამთავრობო კარი ჩაკეტილია. ეს კიდევ რბილი თემაა იმასთან შედარებით, რამაც რეალურად მისი განრისხება გამოიწვია. ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი გახდა ხელისუფლების პირთა ბიზნესინტერესები, ბიზნესზე ზეწოლის ფაქტები, ტენდერებით დაინტერესება, ბიზნესმონოპოლიების ხელში აღების მცდელობა და აი, აქ მოხდა ის, რაც მოხდა, „ქართული ოცნების" დამფუძნებელმა, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესზე ზეწოლაში მხილებულ რამდენიმე პირს, მათ შორის ზოგიერთ იმ მაღალჩინოსანს, რომლებმაც თანამდებობები უკვე დატოვეს, საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, აქ აღარ დაგინახოთ, თორემ დაგიჭერთო! - იყო ბიძინა ივანიშვილის პასუხი. ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომას, დომინოს პრინციპით, სხვათა გადადგომა მოჰყვა, სწორედ ბიზნესზე ზეწოლას, „დაკრიშვებსა" და კორუფციულ საქმეებს უკავშირდება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ზურაბ კოპაძის გადადგომა, რომელიც ამ პოსტზე  „ქართუ ბანკის" პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჩაანაცვლა. წესით, ეს გზავნილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის გამაფრთხილებელი უნდა ყოფილიყო, აეღო კალამი და გადადგომის შესახებ განცხადება გაეკეთებინა. დავით შავლიაშვილი მორიგი სამიზნეა, რომელიც პოსტს ან თავისი ნებით დატოვებს, ან დაატოვებინებენ. თუკი მისი მოადგილის წასვლა უწყებიდან განაპირობა იმან, რომ მას ბრალი ედება ბიზნესზე ზეწოლაში, „დაკრიშვებსა" და კორუფციულ სქემებში, თუკი მედიისთვის ხდება ცნობილი, რომ ზურაბ კოპაძე კომპანია „ნატახტარის" მოწილეა, დე ფაქტო ფლობს რესტორნების ქსელს და წილი სხვის სახელზე აქვს გაფორმებული, თუკი ჩვენ ვიგებთ ამბავს, რომ ბიზნესმენების საქართველოს ახალ მთავრობასთან ურთიერთობის „დალაგებით" იყო დაკავებული, სად არის ამასობაში მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი?! რომლის მიმართაც არსებობს პრეტენზიები, არასწორად ჩატარებულ ტენდერებზე და ა.შ. ერთი რამ ფაქტია, ზურაბ კოპაძის ადგილზე ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნა ნიშნავს, რომ იძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს აცილებს საკუთარ გუნდს და ეკონომიკურ ბერკეტებს ხელში იღებს, ეს კი ნიშნავს, რომ ის ნელ-ნელა ბრუნდება პოლიტიკაში. რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და ყველა მათგანმა ერთი და იგივე სურათი დაუხატა, რომ ბიზნესზე ზეწოლის მასშტაბები კატასტროფულ ზღვარზეა, სწორედ ამიტომაც ბიზნესმენებს აქტივები უცხოეთში გადააქვთ და ქვეყანას ტოვებენ, ბიზნესმენებმა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის - თამაზ თამაზაშვილის კლანისკენ გაიშვირეს თითი... რეგიონებში სრული ანარქიაა, სისტემა გაუმართავია, რადგან ვისაც ეს ევალება, ისინი მხოლოდ საკუთარ ბიზნესებზე ფიქრობენ და ამ პოსტებს პირადი მიზნებისთვის იყენებენო... საკადრო წმენდამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს ყველას, ვინც კი გაბედავს და სახელმწიფო მანქანას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს, საკადრო წმენდა მინისტრის მოადგილეებისა და უფრო დაბალი რანგის მოხალეების დონეზე, სავარაუდოდ, გაგრძელდება, არ გამორიცავენ ხმაურიან დაჭერებსაც, ექსპერტები აცხადებენ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით ლარის კურსის გაუფასურებას, პოსტსაბჭოთა სივრცეში, საქართველო სუპერდემოკრატიული ქვეყანააო... გასაგებია... რომ დემოკრატიული დუღილის პროცესში ვართ, თუმცა ძნელია ადამიანებს აუხსნა, რასთან გვაქვს საქმე, როდესაც 20 პროცენტით გაგვიძვირდა ცხოვრება და სანუგეშოც არაფერია.


და მაინც, ვის შეეძლო ბიძინა ივანიშვილისთვის კომპრომატები დაედო ზვიად ჯანყარაშვილზე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსზე აკაკი ჩხენკელზე, პრემიერის ეკონომიკურ მრჩეველზე რომან ჩხენკელზე, სახელმწიფო რწმუნებულზე გურიის მხარეში გიორგი ჩხაიძეზე, შსს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელზე ირაკლი სამყურაშვილზე, სუსის ხელმძღვანელის მალხაზ ჩიკვილაძის საქმიანობაზე?


ინფორმირებული წყარო „ქრონიკათან" საუბარში ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას - „ალასანიას სამხედრო კონტრდაზვერვა რამდენად მუშაობდა გარე მტერზე არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული ადამიანების კორუფციულ სქემებზე მუშაობდა და ირაკლი ალასანიას მათზე კომპრომატები აქვს". მაშ ასე, დროში უცნაურად ემთხვევა ირაკლი ალასანიას გადაყენება, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილთან ალასანიას აუდიენცია, არის ვარაუდი, რომ ერთ-ერთი ვინც ბიძინა ივანიშვილს კომპრომატები დაულაგა იმ ადამიანებზე, რომლებმაც პოსტები ნებით დატოვეს, იყო ირაკლი ალასანია.


გადააყენებს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილს? ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა პრივატულ საუბრებში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს არ გადააყენებს, მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ეს ოპერაცია მის გადასარჩენად გააკეთა. ბიძინას ირაკლი ძალიან უყვარს, მან ბევრ ცდუნებას გაუძლო, ირაკლი მის ხელშია გაზრდილი, პატარა ბიჭი იყო, „ქართუს" ფონდის ხელმძღვანელად რომ დანიშნა, 62 მილიონი დოლარს განკარგავდა ყოველწლიურად და კაპიკი არ დაკარგულა. მეტიც, ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრად რომ დანიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას კიდევ ერთი გამოცდა ჩაუტარა. ღარიბაშვილთან, ივანიშვილის სახელით ებრაელი ბიზნესმენი მისულა, რომელსაც კონკრეტული ოპერაციის შესრულებაში 12 მილიონი დოლარი შეუთავაზებია და უთქვამს, ბატონი ბიძინა საქმის კურსშიაო და ღარიბაშვილმა მას კაბინეტის სასწრაფოდ დატოვება მოსთხოვა. ეს ფანდი რომ ივანიშვილისგან მოდიოდა, მალევე გამჟღავნდა, როცა ირაკლიმ ივანიშვილს უთხრა, თქვენი სახელით ებრაელი ბიზნესმენი მოვიდა, ფულს მთავაზობდა და კაბინეტიდან გავაგდეო... მაშინ გაუმხელია ივანიშვილს, რომ ის ბიზნესმენი მისი მიგზავნილი იყო. ასე რომ, ივანიშვილი ღარიბაშვილს ენდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვალებს დახუჭავს იმ მანკიერებაზე, რაც მის გარშემო ხდებაო. სხვათა შორის, საკადრო წმენდის პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილის შემცვლელად ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოიაზრებდა, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთ რადიკალურ ცვლილებას ივანიშვილის გარემოცვა არ ადასტურებს. დავით სერგეენკოს ივანიშვილი დიდ პატივს სცემს და მას მონახაზში აქვს ასეთი კომბინაცია, მაგრამ ახლა ამ ხისტ ჩარევებს გამორიცხავს. თუმცა, როგორც დიდ პოლიტიკაში ამბობენ, არასოდეს თქვა არასოდეს. ექსკლუზიურად იმასაც გეტყვით, რომ სერგეენკოს გარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე მოიაზრებდა ივანიშვილი საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ მამუკა ბახტაძეს, მაგრამ ბახტაძის კანდიდატურა თავადვე ჩაკლა ივანიშვილმა, მის ფავორიტად მაინც დავით სერგეენკო რჩება. ხოლო რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ამბობს, მას არ გაწირავს და არ ჩააგდებს გამოუვალ მდგომარეობაში, თუკი ივანიშვილი რამეს აკეთებს, აკეთებს იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ღირსეული პრემიერი იყოს და ასევე ღირსეულად წავიდეს ამ პოსტიდანო. საქმე ასე დგას, ირაკლი რომ გამოუცდელი იყო და დიდ ეკონომიკურ წარმატებებს მარტო ვერ მიაღწევდა, ეს ბიძინამ ძალიან კარგად იცოდა, ამიტომაც ეკონომიკურ ბლოკს ღარიბაშვილს ჩამოაცილებს, საკუთარ კადრებს ჩააბარებს, ხოლო პოლიტიკას ირაკლის გააკეთებინებს. რაც შეეხება გაზაფხულზე დაანონსებულ დიდ ცვლილებას, უმრავლესობის წევრები უკვე აღარ გამორიცხავენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას. „ქრონიკა" უმრავლესობიდან რამდენიმე წამყვან დეპუტატს დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ მათთვის ეს ცვლილება იყო შოკისმომგვრელი და ძალიან მოულოდნელი, ფაქტობრივად, დეტალების საქმის კურსში არც ივნენ და მათ ბევრი ინფორმაცია ჩვენგან შეიტყვეს, რადგან ზოგიერთი მათგანი ვიზიტად იმყოფებოდა და საქართველოში მხოლოდ 7 დეკემბერს დაბრუნდა. ისინი აცხადებენ, რომ ზვიად ჯანყარაშვილის გადადგომა, სავარაუდოდ, მის ბიზნესინტერესებს უკავშირდება, პოლიტიკისა და ბიზნესის ერთად კეთება შეუძლებელიო. ვერც ერთი მათგანი ვერ ასახელებს სავარაუდო კანდიდატურას, რომელიც პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტს ჩაიბარებს, თუმცა უმრავლესობის წევრები უკვე საუბრობენ, რომ ვადამდელი არჩევნების მოლოდინში არიან. მაგრამ ივანიშვილთან დაახლოებული წყარო ჩვენთან საუბარში შემდეგ განცხადებას აკეთებს: „ივანიშვილს ჰქონდა ფიქრი, ვადამდელ არჩევნებზე, მაგრამ თავს იკავებს, რადგან გუნდი მზად არ არის გამარჯვებისთვის, ის უფრო სხვა სვლისთვის ემზადება, მისი სამიზნე შსს გახდება, 2015 წელს ამ სისტემის რეფორმას ნახავთ, ჩაფიქრებულია, რომ შსს გაიყოს მუნიციპალურ პოლიციად, საგამოძიებო და უშიშროების სამსახურად. ახლა ივანიშვილი ორიენტირებულია, რომ მმართველობის სისტემა შეიქმნას, რომელიც, ფაქტობრივად, არ არსებობს, ის უფრო სისტემის შექმნის გზით წავა, ვიდრე ვადამდელი არჩევნების გზით და ქვეყანას აუცილებლად გამოიყვანს კრიზისიდან".


რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ ბლოკს, ნოდარ ხადური, რომელიც ხალხისთვის ყველაზე მატყუარა, ყველაზე ანტიპოდ და სამარცხვინო ფიგურად იქცა, აუცილებლად დატოვებს მინისტრის პორტფელს. ჯერ კიდევ 2004 წელს მიხეილ სააკაშვილმა ის ფინანსთა სამინისტროდან წიხლისკვრით გამოაგდო, მედროვე ხადურმა თავი ბურჯანაძის პარტიას შეაფარა, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, მან ბურჯანაძის პარტია დატოვა, სააკაშვილი მემუქრება და შენთან ვეღარ ვიქნებიო, ეს ისე, ხადურ-ყვარყვარიზმის ამბავში, მას აუცილებლად მოსთხოვენ პასუხს. ასევე პასუხი მოეთხოვება ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ირაკლი ქადაგიძეს, უფრო სწორად უკვე დაუსვეს საკითხი, მარტში გითავდება ვადა, აპრილში დაგიჭერთ, თუ ერთ ადგილს არ დააყენებ და ყველა ერთად არ დაიწყებთ ლარის დასტაბილურებასო... ამ კვირაში ჩვენ კიდევ ბევრი სკანდალური გადაწყვეტილების მომსწრენი აღმოვჩნდებით...

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016