წმინდა აბიბოს ნეკრესელი საქართველოში VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად ჩამოვიდა.
თავდაპირველად ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა, სადაც მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა.
ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ. წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმინდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმინდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალმკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმ. აბიბოსი.
წმინდა აბიბოსი შავმთელი სასწაულმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის მეგობარი იყო. ღჲრს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმ. აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმინდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმონის საჩუქარი გადასცა.
ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმინდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმინდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება.
მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმ. შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმინდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმინდა ეპისკოპოსმა სასწაულმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმინდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაჲთა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა..." მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.
მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმინდა ეპისკოპოსს: „რაჲსათჳს უვარჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?" წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ". კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?" ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?" მარზპანი საშინლად განარისხა წმინდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა.
ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს ქვებით ჩაქოლეს. მისი წმინდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაესაფლავებიათ წმინდანის ნეშტი.
ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმინდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმინდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.