დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის და წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.
წმ. ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. წმინდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და მისი მოწაფე იყო. ანდრია კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად, ანდრია და იოანე ზებედესი წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები იყვნენ.
საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას უნდა ექადაგა ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა.
2002 წლის 15 აგვისტოს, წმინდა ანდრია პირველწოდებულის წმინდა ნაწილები საჩუქრად გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. იგი საქართველოში ჩამოაბრძანეს ვატიკანის ნუნციუსმა კლაუდიო გუჯეროტიმ და ვენეციის კარდინალმა მარკო ჩემ.
ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი, წმინდა მეფე ვახტანგ I გორგასალი მეხუთე საუკუნეში მეფობდა.
წმ. ვახტანგ გორგასალი მტკიცე სარწმუნოებითა და რწმენისათვის თავდადებით იყო გამორჩეული, რისთვისაც წმინდანთა დასში შერაცხა ქართულმა ეკლესიამ; სწორედ მისი მეფობის ჟამს მიიღო ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია, ხოლო თვითონ მეფე ვახტანგი წამებულის გვირგვინითაც აღესრულა ბრძოლაში.