სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მედიის წარმომადგენლებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება დაათვალიერებინა. დაწესებულება 75-100 მსჯავრდებულისთვისაა გათვალისწინებული. ტერიტორიაზე განთავსებულია საცხოვრებელი კომპლექსი, სარეაბილიტაციო ცენტრი, ასევე სპორტული მოედნები, ღია ეზო, შეხვედრების ოთახი, სასადილო, საკონფერენციო დარბაზი, მაღაზია, კომპიუტერული კლასი, მოსასვენებელი ოთახი და ბიბლიოთეკა.
როგორც მინისტრმა მედიატურის შემდეგ განაცხადა, დაწესებულების ძირითად მიზანს მსჯავრდებულების საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს. შესაბამისად, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან პირები, რომლებსაც 2015 წლის იანვრიდან სასამართლო თავისუფლების შეზღუდვას შეუფარდებს, ასევე მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ.
ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2015 წლის ბიუჯეტში უკვე გაწერილია, რომ მსგავსი ტიპის დაწესებულება შეიქმნება დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, თერჯოლაში.
მედიის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის მსგავსი ტიპის დაწესებულების ამოქმედება, მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული პროექტი გაწერილი არ არის.
როგორც მედიის წარმომადგენლებს დაწესებულების ხელმძღვანელებმა განუცხადეს, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პირებს დღის განრიგის მიხედვით არ აქვთ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე. შაბათ-კვირას მათ შეუძლიათ დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და წავიდნენ ოჯახებში. ასევე შესაძლებლობა აქვთ, შეისწავლონ ელექტრიკოსის, მეფილე-მომპირკეთებლის, ბუღალტრის, კომპიუტერული ინჟინრის, სტილისტის, მემინანქრის პროფესიები. ასევე დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პროფილის საწარმოებში. თავისუფლებაშეზღუდულები, როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, უკვე დასაქმებული არიან მაკარონის საამქროში. მედიის წარმომადგენლებს აღნიშნული საამქროს მონახულების საშუალებაც მიეცათ. ასევე, როგორც პრობაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, უახლოეს პერიოდში ტერიტორიაზე იგეგმება სხვადასხვა საამქროების ამქმედება, მათ შორის, გაკეთდება პურის საამქრო, ასევე ხის საამქრო.
თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება 2014 წლის ივნისში გაიხსნა.