reportiori.ge - 22 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 17:51
კულტურა
22 დეკემბერს ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალების დღეა
22 დეკემბერი, 2014. 13:20



მწერალი ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა.



მწერალი სტეფანწმინდაში აღიზარდა, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წ.წ. - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნებულმა ხელი მიჰყო მწყემსობას, რამაც მისი ახლობლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას. 1879 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და თეატრში.



ალ. ყაზბეგის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო მოჩხუბარიძე" („აკაკია მოჩხუბარიძე"), თეატრალური - მოხევე".


ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი სამოციანელების" ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩინდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში. მან ფსიქოლოგიური სიმართლით, დიდი მხატვრული ძალით წარმოგვიდგინა ქართველი ადამიანის ცხოვრება ბატონყმობის გადავარდნამდე და მას შემდეგ; მწერალი ილაშქრებდა ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ. ზოგად ადამიანურ პრობლემებს იგი ძირითადად მოხევეთა ცხოვრების ყალიბში ასხამდა ხორცს. ეს გახდა მიზეზი ყაზბეგის შემოქმედების უმართებულო შეფასებისა ზოგიერთი იმ კრიტიკოსის მიერ, რომელიც ეთნოგრაფიულ ჩარჩოში მოქცეულ მწერლად მიიჩნევდა მას.



ყაზბეგის ნაწარმოებათა სიუჟეტი ყოველთვის დინამიკურია, კონფლიქტების ხასიათი, წინააღმდეგობათა განვითარება და კულმინაცია - მეტად ეფექტური და ემოციური, რის გამოც მისი თხზულებები მძაფრი ინტერესით იკითხება.



ყაზბეგმა ვაჟა-ფშაველასთან ერთად ახალ ქართულ მწერლობაში დაამკვიდრა მთის თემა, რომლის მხატვრული ხორცშესხმის პროცესში მთის განუმეორებელი პეიზაჟები, რომანტიკულად ამაღლებულ გმირთა სახეები, დაგვიხატა წინააღმდეგობებით აღსავსე თანამედროვეობა და იქადაგა სამშობლოს მთლიანობის შენარჩუნება-დაცვის მაღალი იდეები. მწერალი მარტო თავისი ეპოქით არ იფარგლება - უღრმესი პატროიტიზმი მსჭვალავს მის ისტორიული წარსულის ამსახველ თხზულებებსაც („ხევისბერი გოჩა", „წამება ქეთევან დედოფლისა"). ყაზბეგს ეკუთვნის აგრეთვე კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, დაუმთავრებელი მოთხრობები („ცხოვრების ჩარხი", „შიოლა ღუდუშაური"), ლექსები და პოემები. მწერალმა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს მასშტაბურობა შესძინა, XIX საუკუნის ქართული მწერლობა ახალი წახნაგებით გაამდიდრა.



მწერალი ასევე განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (ორიგინალური პიესები - ერთი უბედურთაგანი", 1879, დაიდგა 1880; არსენა", დაიდგა 1882; წამება ქეთევან დედოფლისა", დაიბეჭდა 1883, დაიდგა 1889; გადმოკეთებული - დილა ქორწილის შემდეგ", 1882; ცხოვრების თანამგზავრი", 1879, დაიდგა 1883 და სხვ.).



მან პირველი მოთხრობა ციცკა" 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ დროებასა" და ი. ჭავჭავაძის ივერიაში". 1881 წელს დროებაში" დაიბეჭდა ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები ელისო", მამის მკვლელი" (ორივე 1882),ციკო" (1883), „განკიცხული", „ხევისბერი გოჩა" (ორივე 1884),მოძღვარი" (1885) და სხვა.



1886-1887 წ.წ. მწერალი მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა და იქვე გარდაიცვალა 1893 წლის 22 დეკემბერს, 45 წლის ასაკში. ელვის სისწრაფით გავრცელდა ხალხში ყაზბეგის გარდაცვალების ამბავი. ქართველმა ერმა იგრძნო დიდი მწერლის დაკარგვით გამოწვეული დანაკლისი. საყვარელი მწერლის ცხედარი საავადმყოფოდან ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენეს, სათანადო წესთა შესრულების შემდეგ პროცესია მწერლის მამულისკენ მიმავალი გზით გაემართა. უამრავი ხალხი მიაცილებდა მის ცხედარს. მთელი საქართველო გლოვობდა ბუმბერაზი შემოქმედის უდროო სიკვდილს.  მწერალი დაკრძალულია სტეფანწმინდაში.


 

 

 

 

 

 

 

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016