reportiori.ge - რატომ დაუპირისპირდა თავდაცვის მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობაც?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რატომ დაუპირისპირდა თავდაცვის მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობაც?
ავტორი:
23 დეკემბერი, 2014. 14:42

 

 

ყველაფერს აქვს საზღვარი, უსაზღვროა მხოლოდ ქართველი პოლიტიკოსების პოლიტიკური პროსტიტუცია, მხოლოდ ამ პოლიტიკურ ცხოველებს შეუძლიათ აფთრის ინსტინქტით შეაჯდნენ მსხვერპლს და გაუთავებლად ჯიჯგნონ. გეყოთ, ბატონებო, გეყოთ! აი, უკვე მერამდენე დღეა ყველა ერთად შეაჯექით თავდაცვის მინისტრს და უფლება რომ გქონდეთ, ენას ამოგლეჯთ. ჩაიხედეთ სარკეში, რას ჰგავხართ - ენით ჯალათებს. ჰოდა, რა განსხვავებაა ციხის ჯალათსა და თქვენს შორის? მინდა გითხრათ, რომ განსხვავებებს შორის დიდი დიაპაზონი არ არსებობს, თქვენ მაგ ენით დღეში ადამიანს ასჯერ კლავთ, ჯალათი კი ერთხელ, უბრალოდ პარლამენტში პორტირებული ჯალათები ხართ! 


რატომ არის დაუსრულებელი შტურმი თავდაცვის მინისტრზე? იმიტომ რომ თვალში გეპატარავებათ, წაუსუსტებს, თუ იმიტომ რომ ირაკლი ღარიბაშვილის კადრია? უმრავლესობავ, თქვენმა მუხრუჭებმა გაასხა, „დაასტოპეთ"! დავით თევზაძის სიტყვებით რომ ვთქვა, „ბატონებო, დაიცავით სიჩუმე, თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ! ჯარისკაცის კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება!!!" 


პარლამენტში პორტირებულო ჯალათებო, აი, რის თქმა მინდა: გავიგეთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაუშვა შეცდომა და არ იყო სახელმწიფოებრივად სწორი, გასაგებია, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი ჯარისკაცის დაკნინება დასაგმობია, გვესმის, რომ ქართველი მებრძოლი უკრაინაში ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, რაც ავტომატურად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაცაა, იმ საერთო მტრის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ჰქვია. პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს განცხადება დაგმო, სამინისტრომ უკან დაიხია და ვებ-გვერდიდან განცხადება აიღო, ახლა კი რას ვხედავთ, ბოლომდე აწვებით, „ქოციც" და „ნაციც" დუეტში, რომ მინისტრი გადადგეს, თქვენ ყველას ერთად ამნეზია ხომ არ გაქვთ? 


„რესპუბლიკელებო", „ფორუმელებო", ბიძინას რჩეულო საზოგადოებავ, „ოცნებაში" ჩარჩენილო პროვინციელებო, ფულზე გაყიდულო „ენჯეოშნიკებო", ვიდრე თვალებს დაქაჩავთ, ხელებს გაპარჭყავთ და ერთ ხმაში აყვირდებით, მანამდე თქვენი ჩასვრილის გაწმენდა რომ დაიწყოთ, არ გაწყენდათ. აბა, მიპასუხეთ, როდის ხართ გულწრფელები, მაშინ როცა თავდაცვის მინისტრის განცხადებას ისტერიულად გმობთ, სადაც წერია, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში... თუ მაშინ, როცა კანონმდებლებს მხოლოდ ახლა გაგახსენდათ, რომ უკრაინის თავისუფლებისთვის  მებრძოლები გაუთანაბრდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს?! რომელ თქვენგანს გაგახსენდათ აქამდე უკრაინის ტკივილი? რომელმა განახორციელა ვიზიტი უკრაინაში? თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილის ერთი ინიციატივა სად არის, რომლიც მხარს დაუჭერდა უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლებს? თქვენ წააგეთ და ხელისუფლებასაც წააგებთ, სწორედ გაუტანლობითა და უსამართლობით, ისევ სააკაშვილმა მოგიგოთ ეს რაუნდი, ის მიწაზე მფორთხავი მთავარსარდალი გამოდგა მართალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ მოუწოდა ქართველ ოფიცრებს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ვინც იბრძოლებდა, მას უკრაინის მოქალაქეობას მიანიჭებდნენ. რატომ უნდა თქვას ქართველმა მებრძოლმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი? ამ კითხვაზე პასუხს რატომ არ იძლევით? საქართველო-უკრაინის მეგობრობამ საუკუნეებს გაუძლო, უკრაინელები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ, მაგრამ თქვენ, ხელისუფლებამ, რა გააკეთეთ უკრაინისთვის? არაფერი! ბელორუსის ლიდერი, ევროპისთვის პერსონა „ნონ გრატა" უცხადებს პოროშენკოს თანადგომას, ჩადის და საჯაროდ უცხადებს გვერდით დგომას, თქვენ კი მხოლოდ ადგილიდან ყვირილი და წიოკი შეგიძლიათ, ისიც ჯანელიძეზე. აქაც სააკაშვილისა და მისი გუნდის საქმეს აკეთებთ. 


მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა ყოფილო მინისტრო, აი, თქვენ მაინც მოკეტეთ, რა! ვისი განცხადება არ მოგწონთ? ჯანელიძის, რომელმაც თქვენი დის ქმარი შეცვალა? უკაცრავად და ერთი თქვენც გვითხარით, მინისტრმა რატომ ვერ მოახერხეთ უკრაინაში ვიზიტი? რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ძებნილი მთავრობა, უკრაინაში რეფორმატორებად არ მიეღოთ და სახელმწიფოს მართვა მათთვის არ ჩაებარებინათ? და კიდევ, როცა თავდაცვის სამინისტროს ამ განცხადებამ შოკში ჩაგაგდოთ, გაგახსენებთ ირაკლი ალასანიას განცხადებებს, რომელიც ხშირად მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული, თუნდაც ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოთხოვნა ნატოსთვის. ერთია, რომ ტექნიკურად ეს იყო უადგილო, რადგან ნატო, როგორც ორგანიზაცია ამ თხოვნას ვერ დააკმაყოფილებს და ეს მოთხოვნა ნატოს წევრი ქვეყნებისადმი უნდა ყოფილიყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ ამ განცხადებით საქართველომ დანის პირზე გაიარა. ასეთ მოთხოვნებს თავდაცვის მინისტრები ხმამაღლა არ უნდა აცხადებდნენ. უამრავი წინდაუხედავი განცხადებების გახსენება შეიძლება „ოცნების" ხელისუფლების თუ ნახელისუფლარების, მაგრამ მე ის უფრო მეტად მაკვირვებს, რატომ გავიწყდებათ, რომ ქვეყანას ჰყავდა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 2004 წელს ცხინვალში შევარდა და მერე სოფელ ვანათში ოსებმა ქართველი ჯარისკაცები დააჩოქეს. ოქრუაშვილი შევარდა კოდორში და „მონადირე" განაიარაღა, რის შემდეგაც დაიკარგა ხეობა. აღშფოთებულ ფანჯიკიძეს კი შევახსენებ, რომ ამ სპეცოპერაციაში ირაკლი ალასანიაც მონაწილეობდა და კვიციანი მასაც ბრალს სდებს კოდორის ხეობის რუსეთისთვის ჩაბარებაში. 


თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე კი ალასანიას ადანაშაულებს სამხედროების გამოყრაში, მებრძოლი ვეტერანების იგნორში და პირობის გატეხაში! ჩვენ გვახსოვს ნარკომოხმარებაში ეჭვმიტანილი, იარაღის უკანონოდ გაყიდვაში ეჭვმიტანილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი, დაკარგული იარაღი, დიდი დანაკარგი. გვახსოვს თავდაცვის მინისტრი ბაჩანა ახალაია, ვერაგი მეგის ქარდავა, რომლებიც ჯარს შეურაცხყოფას აყენებდნენ და გაჩენის დღეს აწყევლინებდნენ, გვახსოვს ჯარიკაცების ნაამბობი, ავტომატის კაკაფონიის ქვეშ, ახალაიას „საქმენი საგმირონი", გვახსოვს, როგორ ჰქონდა ამოქოქილი ტანკები და როგორ ემზადებოდა სამოქალაქო ომისთვის, იმიტომ რომ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს არ გაემარჯვა, მაგრამ მე არ მახსოვს ასეთი ისტერიული გამოხტომები, ტანზე შემოხევა და მიწაზე გაწოლა შეძახილით - გადადექი! თქვენმა ჯალათობამ ჩემში პროტესტი წარმოშვა და ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა ხელისუფლებაში, რომელმაც აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა და ეს ადამიანი არის საქართველოს პრეზიდენტი! „ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი და ქვეყანა ერთიანდება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, უნდა მივცეთ შესაძლებლობა ადამიანებს, თავიანთი პოზიცია გამოხატონ, ცოტა უფრო მშვიდი რეაგირება უნდა გვქონდეს ასეთ თემებზე!!!" გიორგი მარგველაშვილის ამ გაწონასწორებული და ადამიანური განცხადების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ყველა თქვენგანი სპეკულანტობს იმ ახალგაზრდა, 32 წლის ქართველი მებრძოლის გარდაცვალებით, თქვენ ვერ შეძელით გარდაცვლილის ოჯახის წევრების გვერდით დგომა და ალექსანდრეს მამისთვის ანგარიშის გაწევა. ასე რომ, სჯობს, დადუმდეთ და არ ისპეკულანტოთ ამ თემით! 


თუკი საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება გიგა ბოკერიას განცხადებას, ქართველი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კრემლის დავალებით მომზადდაო, მაშინ გამოდით და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით, რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე და სად მიგვათრევთ?!  პასუხისმგებლობისგან გაქცევა ფრონტის წინა ხაზიდან გაქცევაა და რაშიც არ უნდა იყოს საქმე, თქვენც ხართ იმ უპასუხისმგებლობის თანაზიარი, რაც თავდაცვის სამინისტრომ ჩაიდინა...   

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016