გადაუღებელი წვიმის შედეგად, დაბა ურეკი და შეკვეთილი დაიტბორა . წყალმა დაფარა საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების პირველი სართულები, ქუჩაში მდგარი ავტომობილები, დაიხოცა შინაური ფრინველები, დაზიანდა ავეჯი და ელექტროტექნიკა, რომელთა სახლებიდან გატანა მოსახლეობამ წყლის მაღალი დონის გამო ვერ მოახერხა. ურეკელების ინფორმაციით, სახლებში წყლის დონე ერთ მეტრს აღწევდა. ადგილობრივების თქმით, ურეკი შარშანაც დაიტბორა, თუმცა მსგავსი მასშტაბის წყალდიდობას ვერ იხსენებენ. ისიმი მომხდარს მოუწესრიგებელ სანიაღვრე სისტემებს უკავშირებენ. სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა გურიის სამაშველო სამსახურის ბრიგადა. ურეკის რწმუნებულის, ბიძინა იმნაიშვილის ინფორმაციით, წვიმის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, თუმცა სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა. ურეკს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.