ისრაელში მოღვაწე მომღერალმა, ბიზნესმენმა მორის ჯანაშვილმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალი ქართველი მაყურებლის წინაშე ცოცხალი შესრულებით, საათ-ნახევრიანი პროგრამით წარსდგა.
სოლო კონცერტს ქართველი მსმენელი, ისრაელიდან ჩამოსული ემიგრანტები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონცერტზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
კონცერტის დასასრულს მომღერლის „ვარსკვლავი" გაიხსნა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურის პალატა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი", „არ დაიდარდო", „GTV".
შეგახსენებთ, 35 წლის წინ 14 წლის მორის ჯანაშვილი მშობლებთან ერთად საცხოვრებლად გაემგზავრა ისრაელში.
მორის ჯანაშვილს დღეს ისრაელში ფართო აუდიტორია იცნობს. იცნობენ, როგორც სახელგანთქმულ მომღერალს, პროდიუსერსა და წარმატებულ ბიზნესმენს.
ჯანაშვილი გახლავთ ისრაელში ერთადერთი ქართულენოვანი ტელევიზიის „GTV"-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.