მსახიობი გივი ბერიკაშვილი აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის სახელთა უკვდავსაყოფად მონუმენტის მშენებლობას მიესალმება. მსახიობი მხარდაჭერას უცხადებს პროექტ „შინდისის გმირებს" და მის ავტორს - ედმონდ მინაშვილს:
„მონუმენტი უნდა აიგოს, ამაზე უარს არავინ იტყვის. ისინი სამშობლოსთვის დაღუპული ბიჭები არიან. ჩათვალეთ, რომ ამ იდეის გვერდით ვდგავარ და გავაკეთებ ყველაფერს, რასაც დამავალებთ. მათ აუცილებლად უნდა მივაგოთ სათანადო პატივი", - განუცხადა „რეპორტიორს" გივი ბერიკაშვილმა.
შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ბრინჯაოს პორტრეტული მონუმენტი აღიმართება. ტრაგედიის ადგილას ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის პირადი ხარჯებით ეკლესია უკვე აშენდა. თავდაცვის სამინისტრომ მონუმენტის ჩამოსასხმელად 1 ტონა ლითონი გამოყო. ქალაქის მერიამ კი 50 000 ლარი გადარიცხა. ამ ეტაპზე საქმიანობა უსახსრობის გამო დროებით შეჩერებულია. მონუმენტი 900 000 ლარი ჯდება და საჭიროა 850 000 ლარი. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ მონუმენტზე მუშაობა დეკემბერში დაიწყო და სახელოსნოში პირველი იარუსი უკვე ამოყვანილია.
გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, გადარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ პროექტს „შინდისის გმირები":
შინდისის გმირების მემორიალის ფონდი
ბანკის კოდი: LBTRGE22
საბანკო ანგარიშის ნომერი: GE89LB0115119772084000 (ლარში)
GE89LB0115119772084001 (დოლარში)