პროექტ „შინდისის გმირების" ავტორი, მსახიობი ედმონდ მინაშვილი რეჟისორ რეზო ჩხეიძეს შეხვდა. მსახიობმა ჩხეიძეს პროექტ „შინდისის გმირების" ფარგლებში ასაგები მონუმენტის მშენებლობაზე ინფორმაცია მიაწოდა. რეჟისორმა მოიწონა მონუმენტის მაკეტი და პროექტის ავტორს მადლობა გადაუხადა ამ საქმის წამოწყებისთვის.
„მე მიმაჩნია, რომ თქვენ აკეთებთ დიდ ქართულ საქმეს... ხომ დიაღუპნენ ეს ბიჭები, მაგრამ მიხარია, რადგან ღირს რომ დაიღუპო საქართველოსთვის. ამ ბიჭებმა ეს გააკეთეს. ამიტომ მე ძალიან მიხარია რომ თქვენ ეს საქმე დაიწყეთ, მისდევთ და ბოლომდე მიიყვანთ.
ძალიან მომეწონა მონუმენტის იდეა, ძალიან ორიგინალურია, თანამედროვე ხედვით არის შექმნილი. ვფიქრობ, შინდისი იქნება ერთერთი წმინდა ადგილი, სადაც მთელი საქართველო ჩავა და ილოცებს. რასაც თქვენ აკეთებთ, მშურს...", - განაცხადა რეჟისორმა.
რეზო ჩხეიძე ამბობს, რომ საზოგადოების თითოეულმა წევრმა აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაცის მონუმენტის აგებაში გარკვეული წვლილი უნდა შეიტანოს.
„სულ ცოტაც რომ ჰქონდეს ადამიანს შემოსავალი, ნაწილი მაინც უნდა შეიტანოს ამ საქმეში. ისეთი მნიშვნელოვანია ეს მონუმენტი. მე ძალიან მიყვარხართ, რომ ასეთ საქმე მოკიდეთ ხელი და პატივს გცემთ", - მიმართა ჩხეიძემ ედმონდ მინაშვილს.
შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ბრინჯაოს პორტრეტული მონუმენტი აღიმართება. ტრაგედიის ადგილას ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის პირადი ხარჯებით ეკლესია უკვე აშენდა. თავდაცვის სამინისტრომ მონუმენტის ჩამოსასხმელად 1 ტონა ლითონი გამოყო. ქალაქის მერიამ კი 50 000 ლარი გადარიცხა. ამ ეტაპზე საქმიანობა უსახსრობის გამო დროებით შეჩერებულია. მონუმენტი 900 000 ლარი ჯდება და საჭიროა 850 000 ლარი. მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძემ მონუმენტზე მუშაობა დეკემბერში დაიწყო და სახელოსნოში პირველი იარუსი უკვე ამოყვანილია.
გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, გადარიცხოთ თქვენთვის სასურველი თანხა და მხარდაჭერა გამოუცხადოთ პროექტს „შინდისის გმირები":
შინდისის გმირების მემორიალის ფონდი
ბანკის კოდი: LBTRGE22
საბანკო ანგარიშის ნომერი: GE89LB0115119772084000 (ლარში)
GE89LB0115119772084001 (დოლარში)