ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პრეფესორი ემზარ ჯგერენაიას აზრით, ქართულ ეკონომიკას ძალიან აფერხებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგოამრეობა. ამის შესახებ მან გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან" ინტერვიუში განაცხადა:
„ინვესტიციური სახსრების არსებობის პრობლემის წინაშე ვართ. ორხელისუფლებიანობის დამთავრებამდე სიტუაცია არ შეიცვლება. წინა ხელისუფლების დროს 2500-ზე მეტ ბიზნესმენს წაართვეს ქონება, ბიზნესი. ისინი ელოდებიან, რომ დაიბრუნებენ ქონებას, მაგრამ, ჯერჯერობით, არ უბრუნდებათ. მეორეს მხრივ, ვინც ფლობს ამ ქონებას, ისინი ფიქრობენ, რომ წაართმევენ, აქედან გამომდინარე, ორივე მხარე მოლოდინის რეჟიმშია, ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა, რამაც ძალიან შეაფერხა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა.
ვფიქრობ, ბიუჯეტის შესრულება საფრთხის ქვეშ დადგება. ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე იყო გათვლილი და სასწრაფოდ რეზერვია მოსაძებნი, რომ ამოივსოს ეს „უფსკრული", 6%-იან და 0%-იან ზრდას შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და საკითხი დგას მწვავედ.
მთავრობამ უნდა მიიღოს და შეიმუშავოს საფუძვლიანი ეკონომიკური გეგმა და მოახდინოს სასწრაფოდ მისი იმპლიმენტაცია. იმ სირთულეების ფონზე, რომელსაც სოციალურად დატვირთული ბიუჯეტი ქმნის, თამამი რეფორმების განხორციელება ძალიან ჭირს, უბრალოდ აუცილებელია რეფორმების დაწყება, სხვანაირად ქვეყანა მდგომარეობიდან ვერ გამოვა",-აღნიშნა ექსპერტმა ინტერვიუში.