ილია მეორის იუბილესთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საპატრიარქოში მილოცვის მსურველთა მიღება მიმდინარეობდა.
კათოლიკოს-პატრიაქრს იუბილე მრევლმა, ცნობილმა ადამიანებმა და პოლიტიკოსებმა მიულოცეს.
უწმინდესს იუბილე უკვე მიულოცეს საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა და სხვა პირებმა.
მიტროპოლიტმა დანიელმა მადლობა შესწირა უფალს, რომ მან საქართველოს პატრიარქი მოუვლინა, რომელიც დიდ მადლს ატარებს და ერის გამთლიანების სიმბოლოს წარმოადგენს. მიტროპოლიტის თქმით, უწმინდესმა ღმერთს განშორებული ერი ისევ ღვთისკენ შემოაბრუნა.
შეხვედრას ესწრებიან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც უწმინდესთან ყვავილებით, სურათებით და სხვადასხვა საჩუქრებით მიდიან.
მოქალაქეებისათვის ღონისძიების ბოლო ნაწილი საპატრიარქოს ეზოში გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოს ეზოში ჩაბრძანდა, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ უწმინდესისთვის იუბილე მიელოცათ.
შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები, უწმინდესს მიუძღვნეს ლექსები. პატრიარქმა დალოცა სრულიად საქართველო და შეკრებილებს მიმართა ყველას ერთად ეთქვათ ღვთისმშობლისადმი ლოცვა "მოწყალებისა კარი განგვიღე".
ილია მეორე ხვალ 82 წლის გახდება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)