2015 წელს გენიალურ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს, 80 წელი უსრულდება. სწორედ ამა წლის წლის 13 იანვარს რუსთაველის თეატრში მსმენელს საინტერესო მუსიკალური საღამო ელოდება. რონისძიებას ორგანიზებას უწევს ივენთ-კომპანია "იდეა-ფიქსი".
გია ყანჩელის იუბილესთან დაკავშირებულ თარიღს უძღვნის დავით მალაზონია ახალ მუსიკალურ პროექტს, სახელწოდებით, "გზავნილები გია ყანჩელს". კომპოზიტორი, რომელიც 15 წლის განმავლობაში გერმანიაში მოღვაწეობდა და თბილისში სულ რამდენიმე წელია დაბრუნდა, გია ყანჩელის 12 მელოდიის ახლებურ ინტერპრეტაციაზე ბოლო ხუთი წელიწადია მუშაობს.
ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს საშუალება ექნება, ეკრანზე ნახოს წერილები, რომლებიც გია ყანჩელს მისმა ცნობილმა მეგობრებმა მიუძღვნეს, მათ შორის, ნანი ბრეგვაძემ, რობერტ სტურუამ, გოგი ალექსი-მესხიშვილმა და სხვებმა. გარდა ამისა, დამსწრეებს თავადაც ექნებათ საშუალება, დაუწერონ წერილი კომპოზიტორს.
ცოტა ხნის წინ სახელოვნებო ინდუსტრია "არტ-პალასის" ხმის ჩამწერ სტუდიაში პაატა ბურჭულაძემ, სპეციალურად ამ პროექტისთვის, ჩაწერა ცნობილი სიმღერა "ცვივა თოვლის ფანტელი", დათო მალაზონიას ახლებური ინტერპრეტაციით. ამბები.გე დავით მალაზონიასა და პაატა ბურჭულაძეს ესაუბრ.
- ბატონო დავით, თქვენ ძირითადად ეთნოჯაზის მიმართულებით გიწევთ მუშაობა. რამდენად რთული იყო გია ყანჩელის მუსიკის ინტერპრეტირება და როგორ წარიმართა სამუშაო პროცესი? იყო თუ არა თავად ბატონი გია ჩართული იმ 12 მელოდიის შერჩევაში, რომელსაც მაყურებელი 13 იანვარს მოისმენს?
დავით მალაზონია, ინტერპრეტაციების ავტორი:
- გია ყანჩელის მუსიკა, მოგეხსენებათ, ცნობილი და პოპულარულია. ჩვენ მისი მუსიკის უამრავი ვერსია მოგვისმენია. ამ შემთხვევაში მე შევევადე, ჩემებური ხედვა შემექმნა. რაც მთავარია, ბატონ გიასთან მჭიდრო კავშირში ვარ და მუშაობის პროცესში, რა თქმა უნდა, ისიც აქტიურადაა ჩართული.
ბატონმა გიამ თავისი ჩანაწერების, ნოტების რვეული მაჩუქა, სადაც არის კინოსა და თეატრის საფორტეპიანო 33 პიესა. მაშინ მითხრა, სრულ თავისუფლებას გაძლევო. მუშაობისას თვითონ კომპოზიცია მაძლევს მინიშნებებს, გასაღებს, საით და როგორ უნდა წავიდე. რაც შეეხება ნაწარმოებებს, ძალიან ცნობილი ნაწარმოებები არ ამიღია, თუმცა ჩვენი ღონისძიების პროგრამაში არის, მაგალითად, "ცვივა თოვლის ფანტელი", რომელსაც პაატა ბურჭულაძე იმღერებს. მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ ჩვენს პროექტში მონაწილეობს. ასევე ნინო სურგულაძეს, რომელიც ორ კომპოზიციას შეასრულებს. ანი კეკუა და ეთნო-ჯაზბენდი "ირიაო" საღამოს განმავლობაში სცენაზე სულ იქნებიან, ასევე სპეციალურად ამ კონცერტისთვის გერმანიიდან ჩამოფრინდება ტუბის ვირტუოზი, კრისტოფ შვაიცერი. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ორკესტრი, დირიჟორი: მირიან ხუხუნაიშვილი.
მინდა ასევე აღვნიშნო, რომ პროექტისა და არანჟირების მთავარი მიზანი არის, რომ შენარჩუნდეს ავტორის სული. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი ვერსიებია, ეს მაინც ყანჩელია. იმედი მაქვს, რომ ჩემი იდეები თავის ნიშას მონახავს.
პაატა ბურჭულაძე:
- საქართველოში ჩვენი თაობა გაიზარდა გია ყანჩელის მუსიკაზე. ყანჩელის მუსიკას სიკეთე და სიყვარული, ერთმანეთის პატივისცემა მოაქვს. მიხარია, რომ მაქვს საშუალება, თუნდაც ამ პატარა და ძალიან ლამაზი სიმღერით მივულოცო მას 80 წლის იუბილე. ეს არ არის ჩემი ზუსტი მოწოდება, რომ მე ასეთი სიმღერები ვიმღერო,
რადგანაც მე საოპერო მომღერალი ვარ, მაგრამ თუ მას მოეწონება უბედნიერესი კაცი ვიქნები. იმედი მაქვს, ბატონ გიას ცოტათი მაინც მოეწონება, ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან ვეცადე."
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ კონცერტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ანი კავლელიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ღონისძიება არ შედგებოდა უამრავი კომპანიის დახმარების გარეშე.
- მოგეხსენებათ, ყველა ღონისძიების გამართვას სჭირდება დაფინანსება. რომ არა კომპანიები - "ჯეოსელი", "სამსუნგი", ღვინო "თამადა", "არდი", კონცერტი ვერ შედეგებოდა. ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგვიწიეს თბილისის მერიამ და საკრებულომ. ღონისძიების ოფიციალური გადამყვანია "გლობალ თრეველი", რომელსაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით. კონცერტისთვის კოსტიუმები იკერება ნანა მელქაძის მოდის სახლში.
"გზავნილები გია ყანჩელს" საინფორმაციო მხარდაჭერით უზრუნველყვეს: "რუსთავი 2"-მა, "პალიტრა მედიამ", კინოთეატრებმა: "რუსთაველი" და "ამირანი", "მოდემმა".
(ამბები.გე)