„ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია,"- ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ საშობაო ეპისტოლეს ქადაგებისას.
„ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ.
არადა თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება."
პატრიარქმა მშობლებს მოუწოდა, რომ ახალგაზრდების ოჯახურ ცხოვრებაში უხეშად არ ჩაერიონ და ქვეყნის საკეთილდღეოდ ილოცონ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)