„სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება - ჩვეულებად, ცილისწამება და ძალადობა - ყოველდღიურ მოვლენად ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება," - ასე აფასებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე "იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება" .
"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4). სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა - მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება", - აღნიშნავს პატრიარქი.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)