კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით დავით გარეჯის მონასტრის მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით „დოდო გარეჯელის" სახელით ცნობილ კლდეში, წმინდანთა გამოსახულებებით მოხატული, დღემდე უცნობი დარბაზული ტიპის სამლოცველო აღმოაჩინეს.
სამეცნიერო თვალსაზრისით, მსგავსი აღმოჩენა უპრეცედენტოა და ადასტურებს, რომ მდიდარი მემკვიდრეობის მიუხედავად, ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობდა ისეთი ძეგლი, რომელიც ამ დრომე ისტორიულ და სამეცნიერო წყაროში აღნიშნული არ იყო.
ძეგლის შეფასებისა და გადაუდებელი გამაგრებითი, გადარჩენითი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით დავით გარეჯში ჩასვლას გეგმავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე, ასევე არქეოლოგები და კედლის მხატვრობის ექსპერტები.
თითქმის 9 საუკუნის წინ მიწის ქვეშ დაფარული ისტორია დავით გარეჯის ბერებმა აღმოაჩინეს. იქ მოღვაწე ბერებმა მიწის გატანის დროს ქვით ნაშენ კედელს მიაგნეს, რომელიც მხატვრობის უნიკალურ ნამუშევრებს ფარავდა.
იმის გამო რომ უნიკალური მხატვრობა დაზიანებულია, ვერ ხერხდება კედელზე დატანილი წარწერების გაშიფვრა, ასევე დაუდგენელია ფრესკებზე გამოსახული წმინდანების დიდი ნაწილის ვინაობაც, თუმცა წინასწარი დათვალიერებით ახლად აღმოჩენილ ტაძარში ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული.
წინასწარი დათვალიერებით ტაძრის მხატვრობა სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.
უნიკალური ფრესკების გარდა უცნობი ტაძრის სამხრეთის კედელში სამარხსაც მიაკვლიეს, სპეციალისტების ვარაუდით თავის ქალისა და ძვლების ნაწილები შესაძლოა მონასტერში მოღვაწე ბერებს ან იმ წმინდანს ეკუთვნოდეს, ვის სახელსაც ტაძარი ატარებდა.
კომისია რომელიც აღმოჩენილი ტაძრის ჯერ გამაგრებას შემდეგ კი ფრესკების რეაბილიტაციას ჩაატარებს უკვე შექმნილია.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)