reportiori.ge - ჯანსუღ ჩარკვიანი: „უმადური ხალხი ვართ. დღეს ვინც ივანიშვილს აგინებს, მთელი 9 წლის განმავლობაში ხელფასს მისგან იღებდა!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 22:20
ინტერვიუ
ჯანსუღ ჩარკვიანი: „უმადური ხალხი ვართ. დღეს ვინც ივანიშვილს აგინებს, მთელი 9 წლის განმავლობაში ხელფასს მისგან იღებდა!“
ავტორი:
12 იანვარი, 2015. 17:52


 

 

„ქრონიკას" ესაუბრება პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი.

 

- ბატონო ჯანსუღ, თქვენებურად დანახული 2014 წელი როგორი იყო, წავედით უკან, თუ მთლად ასეც არაა საქმე?

 

- ალბათ, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყოველი წელი იქნება უნაკლო, მაგრამ, თუ იქიდან მივხედავთ, რომ მკვლელები მოვიშორეთ თავიდან და მოვიდა თავისუფლება, მაშინ კარგი იყო, მე ვემხრობი თავისუფლებას.


- თქვენ ამბობთ, მკვლელები მოვიშორეთო, მოვიშორეთ კი?


- კი, ჩვენ მოვიშორეთ ის, რაც ყველაზე მთავარი იყო, მაგრამ ისეთი სასამართლო და პროკურატურა უნდა გვქონდეს, რომ დამნაშავეებს მიუსაჯონ, რასაც იმსახურებენ. შეიძლება მომავალში ზოგიერთს რაღაცა აპატიო, მაგრამ შენ რომ ამ მხრივ საერთოდ ვერაფერს აკეთებ, ეს ძალიან ცუდია. აი, ამაშია საქმე და ამიტომაც გეუბნებიან, ჩვენ დავბრუნდებითო. ღმერთმა ნუ ქნას, ბიჭო, რომ ფაშიზმი დაბრუნდეს ამ ქვეყანაზე. ერთია ძალიან მთავარი, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი უნდა იწყებოდეს საწყალი ადამიანებიდან. არ შეიძლება, ადამიანებს არ ჰქონდეთ წამლისა და საჭმლის ფული. ჩვენი გაგებით, სომხებს 300 ლარი აქვთ პენსია, აზერბაიჯანელებს - 800 ლარი. აი, აქედან უნდა დაეწყოთ მუშაობა. კი, ბატონო, რაც ახლა ხდება სამედიცინო ხაზით, ეს ჩვენში ყოველთვის იყო იშვიათობა, დღეს ამდენი დაუზღვეველი ადამიანია ქვეყანაზე, ასეთი კარგი მინისტრი გვყავს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ხან მეტყვიან ხოლმე, შენ კიდევ იმას იმეორებო... რას ვიმეორებ, კაცო, საწყალი ხალხი რომ მისახედია, ამას ლაპარაკი რად უნდა? მე ყველაზე ძალიან ის არ მომწონს, რომ „ნაციონალები" ამ ხელისუფლებას ისევ ებრძვიან და თანაც მაგრად. ამათ ყოველ წუთში უნდა უპასუხო. დღეს ხშირად ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას კულუარებიდან მართავსო, ხალხს ჭკუას არიგებსო... კაცო, შეიძლება ივანიშვილი თავის სამეგობროს ჭკუას არიგებდეს, რაღაცას ურჩევდეს; მაგრამ ეს რუსი ოლიგარქი კი არ არის, შენ რომ დაგიჩემებია, ეს არის ქართველი კაცი და მთელი ცხოვრება ქართულ საქმეებს აკეთებდა. არ შეიძლება, ამ ადამიანს დააბრალო ყველაფერი. შე კაი კაცო, შენ ძებნილი ადამიანი გმართავს ხან კიევიდან, ხან ნიუ-იორკიდან, ბიძინა ივანიშვილმა თავის მეგობრებს რჩევაც არ მისცეს? პატივცემულ მიშა სააკაშვილს ფეხებზე ჰკიდია, რას მიუსჯი და რას არ მიუსჯი, დადის და გრიალებს. კულუარებიდან კი არა, ეს თახსირი რასაც უნდა, იმას აკეთებს და თავის ჯგუფს მართავს. ამაშია საქმე...  იმდენად მშიშარა კაცია, ვითომ არაფრის არ ეშინია. ამასაც შესანიშნავად თამაშობს. ბიჭო, ევროსაბჭოში ასეთი დიდი თათბირი იყო და შეიძლებოდა, რომ ეს ნაძირალა იქ მიეწვიათ? ეგ უნდა ყოფილიყო იქა, კაცო?!


- „მეგობრებმა" მიიწვიეს საქართველოს ჯინაზე.

 

- სირცხვილი იყო, 2014 წლის ყველაზე დიდი სირცხვილი, საუკუნის სირცხვილი. აქ არის ხალხი, რომელმაც ამაზე ხმა უნდა ამოიღოს, ძმაო უნდა დაიცვან საქართველო ამ თახსირებისგან, რომლებიც, როგორც იქნა, მოშორდნენ ამ ქვეყანას და ახლა კიდევ აპირებენ შემოსვლას. შემოვლენ? ესე იგი, ესენი არიან სუსტები და ვაი, იმ საქართველოს! მე ხშირად ვამბობ, ქართველები ილიას ერი ვართ-მეთქი... ჩვენში დარჩეს და ილიას მკვლელი ერიც ვართ. ასე გამორჩეულად არაა საქმე, ძმაო! ამას წინათ ვაჟა-ფშაველას სურათებს ვათვალიერებდი... ბიჭო, დავიჯერო, ქართველებს არ შეეძლოთ, მისთვის ერთი ჩოხა ეყიდათ? დახეულ ჩოხაშია გამოწყობილი, ეს საწყალი, ეს გენიოსი პიროვნება. მერე იტყვიან, ქართველები გამორჩეულები ვართო. აკაკიმ ტყუილად კი არ თქვა, ფურთხის ღირსი ხარ, შენ საქართველოო?! ილიამ უარესი თქვა: ყველა ცრუი, ყველა ყრუიო! რა თქმა უნდა, ის ყველას არ გულისხმობდა, მაგრამ ასე შემოგვიძახა! ასეა დღესაც, ძმაო, ბევრ რამეში დავთრები გვაქვს არეული, უმადური ხალხი ვართ. დღეს ვინც ივანიშვილს აგინებს, მთელი 9 წლის განმავლობაში ხელფასს მისგან იღებდა. ამ კაცის დახმარებით გადარჩა ბევრი, ამ კაცის ფულით მოითქვა ბევრმა სული... აღარაფერს ვამბობ,როგორ ეხმრებოდა სააკაშვილს, მაგის მეუღლეს, დედასა და ბებიასაც კი. შე კაი კაცო, სამების ამშენებელ კაცს რომ ოლიგარქს ეძახი, ადრე არ იყო ოლიგარქი, როცა ფულებს სცინცლავდი? ეგრე რატომ ლანძღავ, რატომ ხარ ასეთი თახსირი?! ნახე, რა ხდება ტელევიზიებში, პირდაპირ გაოცდები კაცი. უმადური ხალხი ვართ, უმადური, და ეს არის ჩვენი უბედურება!


- ბატონო ჯანსუღ, ბიძინა ივანიშვილს ბოლოს როდის შეხვდით?


- ბოლოს შევხვდი რამდენიმე თვის წინ, როცა ვარსკვლავი გამიხსნეს. მაშინ მოვიდა და ჩემს გვერდით იდგა. ბოლო დროს სალაპარაკოდ არ შევხვედრივარ, თორემ ვეტყოდი, რომ ცოტა მკაცრადაა თითი დასაქნევი. ამას წინათ ყური მოვკარი, შეიძლება დაბრუნდესო, ღმერთმა ქნას, როცა მიდიოდა, მე არ გამიხარდა. მაინც აბრალებენ, ქვეყანას ეგ მართავსო და ბარემ დაბრუნდეს და მართოს, აჩვენოს ხალხს ძალა და ენერგია, კაცობა და ბიჭობა! თუ ამ ფაშისტებს პასუხი არ გაეცი, არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაზე. რაც პატივცემულმა მიშამ ცოცხებით გააფუჭა, ამის გამოსწორებას დრო უნდა. ადრე თვითონ ხოცავდნენ ადამიანებს და ისე ატარებდნენ, ბევრი ვერაფერს იგებდა, ახლა ვინმეს ფეხი რომ გადაუბრუნდეს, ეგრევე ტელევიზორში აჩვენებენ. შეიძლება ვიღაც უბადურმა კიდევ ჩაიდინოს დანაშაული, მაგრმ ცოცხს რომ არავინ გაუკეთებს და ნარკოტიკს არავინ ჩაუდებს, ეს ფაქტია. რაღაცა მოხდა, ეს წინსვლაა, ნუ ვიქნებით უმადურები. თუმცა როდესაც ამხელა მტერი გვყავს, შენ იმას უნდა დაუმტკიცო, რომ მტერია. სხვანარად არაფერი არ გამოსწორდება ამ ქვეყანაზე, ესენი როგორ უნდა ალაპარაკო, ასე როგორ უნდა გაათამამო?!


ტელევიზორთან

ხედვით ყინჩით, სახით წყნარით,

ტრიბუნაზე შედგა წამით,

პირით სისხლის სეტყვას ყრიდა

უზნეო და გარეწარი.

იდგა მარტო, იდგა ცალად,

სიტყვა ჩაათავა რისხვით,

თვისი სისხლით დაიცალა

და აივსო სხვისი სისხლით.

მაშ, ურესს რაღას ელი,

სულში ჩაგძვრომია გველი,

დადგა ჟამი შიშის მგვრელი, -

ტაშით გააცილეს მკვლელი!

 

 

გელა ზედელაშვილი

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016