reportiori.ge - უმუშევრობა – პრობლემა, რომელიც საქართველოში დაუძლეველია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:19
ეკონომიკა
უმუშევრობა – პრობლემა, რომელიც საქართველოში დაუძლეველია
ავტორი:
23 იანვარი, 2015. 12:00



საქართველოში უმუშევრობის პრობლემა ნებისმიერი მთავრობის მთავარი გამოწვევაა. ოპოზიციაც მუდმივად ამაზე აპელირებს, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ვერ ხერხდება. უმუშევრობის მსხვერპლია  ვეფხია კონწილაშვილის ოჯახი, რომელიც მუხიანის სამხედრო დასახლებაში ნათხოვარ ჯიხურში ცოლთან და ორ  არასრულწლოვანთან  ერთად ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახის ისტორია მუხიანის დასახლებაში ყველამ იცის.  მათთან მისასვლელი გზა დანგრეულია. თუ წვიმს,  იქამდე მიღწევა ყველას გაუჭირდება, უბრალოდ, ტალახში ჩაეფლობა. ოჯახის წევრებიდან არავინ მუშაობს, თავის რჩენას ძლივს ახერებენ. ვეფხია  უკვე 7 წელია უმუშევარია, მისი მეუღლე მაია - 4 წელი. ამდენი ხნის განმავლობაში მათ მრავალჯერ მიმართეს გამგეობას დასაქმებისთვის, თუმცა,  მთავრობამ ჯერ ეს ვერ მოახერხა. ამ მიზეზით მათი შვილები სკოლაში სიარულსაც ვერ ახერხებენ.  მათი შემოსავალი სოციალური დახმარება და ხალხის მიერ გამოწვდილი საკვებია.  „ხანდახან მე და ჩემი ქმარი მშივრები დავრჩენილვართ, რადგან სხვის მიერ მოწვდილი საჭმელი შვილებისთვის შეგვინახავს", - იხსენებს მაია კონწილაშვილი.


 
            „ქართული ოცნების"  წინასაარჩევნო დაპირება  უმუშევრობის პრობლემის დაძლევა იყო. ეს პუნქტი აღნიშნული გახლდათ  პროგრამაში და ბიძინა ივანიშვილმაც გორში გამოსვლის დროს დაადასტურა: „გაუქმდება მონოპოლიური ბიზნესი, უსაფრთხო გარემო ექნებათ უცხოელ ინვესტორებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას".



             მთავრობა ბიზნესისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად მიჩნევს, მაგრამ სამუშაო ადგილების რაოდენობა მაინც არ იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წელს უმუშევრობის დონე 15%-ს შეადგენდა, ხოლო 2013 წელს 14,6%.     ბიზნესსექტორში  2013 წელს  დაახლოებით 16 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ 2014 წლის პირველ კვარტალში 55 000  დასაქმებულ ადამიანზე მეტმა დაკარგა სამსახური, მეორე კვარტალში კი დამატებით 12 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა.  საბოლოოდ კი, დღევანდელი ვითარებით 2012 წელთან შედარებით დაახლოებით 27 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა. ეს სტატისტიკა დასტურია, რომ უმუშევრობის პრობლემის დაძლევა მთავრობამ ჯერ ვერ მოახერხა.



             უმრავლესობის წევრი ნოდარ ებანოიძე ამბობს, რომ ეს მათი უმთავრესი გამოწვევაა და სამთავრობო პროგრამაც სწორედ ამ პრობლემის დაძლევას ემსახურება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი საგადასახადო ტარიფები და ბიზნესის გათავისუფლება სახელისუფლებო წნეხისგან, „თუმცა აქვე დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას, რომ ამ მიმართულებით სერიოზული რეზერვებია და მთავრობამ უნდა შემოგვთავაზოს უფრო კონკრეტული, დროის უახლოეს პერიოდზე გაწერილი პროგრამებიც, რაც დროში არ უნდა გაგრძელდეს და ჩვენ ამისთვის ვმუშაობთ". საფინანსო და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მიუხედავად დადებითი ტენდენციები მაინც შეინიშნება და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მოიშველია, რომლის მიხედვითაც 2014 წლის II კვარტალში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12000 კაცით აჭარბებს I კვარტლის იმავე მონაცემებს. დინამიკაში იზრდება ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება, რომელიც 2012 წლის 622 ლარიდან 2014 წელს 856 ლარამდე გაიზარდა.


 
            „ნაციონალური მოძრაობის" წევრ სერგო რატიანის განცხადებით,  დაპირება იყო არარეალური და ეს დაადასტურა 2013 წლის უმუშევრობის სტატისტიკურმა მონაცემებმაც. მისი თქმით, უმუშევრობის ზრდა გამოიწვია მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, რადგან „ხელისუფლების ერთიანი ხედვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა. პარლამენტმა ბიზნესგარემოსთვის საზიანო კანონები მიიღო და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები შეაჩერა".  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის უმუშევრობის დაძლევის სწრაფი რეცეპტი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ ერთადერთი, რაც შეუძლია სახელმწიფოს, გააკეთოს, „ესაა ინვესტიციების მაქსიმალური ხელშეწყობა, მაგრამ ასეთი სწორი პოლიტიკის შემთხვევაშიც კი უმუშევრობის პრობლემის მოგვარება სწრაფად ვერ მოხდება".



            ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ამის გამომწვევ მრავალ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით,   მონოპოლური ჯგუფების ბრუნვა 4,5 მილიარდი ლარით გაიზარდა და 9 მილიარდი ლარი გახდა, მცირე და საშუალო ბიზნესი რაც იყო, ისეა - 1 მილიარდი ლარი, კომუნალური ტარიფები კვლავ უზარმაზარია, ინსტიტუტები საბაზრო ეკონომიკისთვის არ მუშაობს, საბანკო სისტემა მახინჯია და ფული ხელმიუწვდომელი. მან აგრეთვე აღნიშნა: „მე არ ვიცი, რას აპირებენ ქვეყანაში, სადაც ხელფასს მხოლოდ 660 ათასი კაცი იღებს, ცხადია, ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, მაგრამ ამას პოლიტიკა სჭირდება. ეს სხვა რამეა, ვიდრე რაღაც ცალკეული პროგრამები. მსოფლიო სტატისტიკა ასეთია: 10 სამუშაო ადგილიდან 8 - მცირე და საშუალო ბიზნესში იქმნება. ჩვენთან იგი გაჩანაგებული და მიტოვებულია. არადა, ათასობით ადგილის შექმნა არაა რთული საქმე, თუ სწორი პოლიტიკა იქნება".


  
            მსოფლიო ბანკის ექსპერტთა თანახმად, ეკონომიკური ზრდა შეიძლება იმაზე უფრო ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდეს სიღარიბესთან ბრძოლაში, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მაგალითად, წლიურმა 5-6-პროცენტიანმა ზრდამ 5 წელიწადში შეიძლება სიღარიბის დონე არსებულთან შედარებით ნახევრამდე შეამციროს. მაგრამ, როგორც ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ამბობს, „5-6-პროცენტიანი ზრდა არ ნიშნავს, რომ სიღარიბის პრობლემა მოგვარდება, რადგან მთავრობაზეა დამოკიდებული, როგორ გაანაწილებს ბიუჯეტს".


 ეკონომიკური პრობლემა საქართველოში მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ამას ჩატარებული კვლევები და სტატისტიკაც მოწმობს.  ხელისუფლება ვერ ახერხებს ამ პრობლემის აღმოფხვრას, მეტიც, 27 ათასით შემცირდა სამუშაო ადგილი. პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ უმუშევრობის დაძლევა დროში გაწელილი პროცესია, მაგრამ მათი ხედვები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ამ პრობლემის მოგვარება.

 

 

 

ავტორი: გიორგი გოგბერაშვილი

 

 

 


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016