„ქართულ ოცნებაში" კვლავ დაპირისპირება და დიდი გაუგებრობაა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტია ხელოვნურიდან ბუნებრივ სუნთქვაზე ვეღარ გადაჰყავთ. 2014 წლის სექტემბერში აღმასრულებელ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი დანიშნეს, მაშინ კოალიციის არაერთმა წარმომადგენელმა თითქოს შვებით ამოისუნთქა და განაცხადა, ჯანყრაშვილი საკმაოდ გამოცდილი კადრია, პარტიას ჭაობიდანაც ამოიყვანს და კარგადაც ამოქოქავსო. თვითკმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელებულა, სულ რაღაც სამ თვეში ბიძინა ივანიშვილმა ის პარტიიდან ლამის გააძევა. ყველაფერი სოლოლაკის შუშებიან სასახლეში გადაწყდა დეკემბრის პირველ დღეებში, როცა ბატონმა ბიძინამ ირაკლი ღარიბაშვილს დაურეკა და უთხრა: ჩემთან მოდი და ეგ შენი ნათესავიც წამოიყოლეო. როგორც კი ჯანყარაშვილი პარტიის აღმასრულებელ მდივნად დანიშნა, იმ დღიდან შეუჩნდნენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მთელ საქართველოში ბიზნესებს ეგ აკონტროლებს, ხალხს წილებში უჯდება და ზოგიერთს უკვე „აახიაო"; გაუშვეს ჯანყარაშვილი და ბიზნესების თემა ეგრევე მოკვდა. კი მაგრამ, თუკი ამ კაცმა ორ-სამ თვეში ამდენი უბედურება დაატრიალა, მაშინ პასუხი რატომ არ მოსთხოვეს?
როგორც ინკოგნიტო წყარო ამბობს „ალიასთან" საუბარში, ჯანყარაშვილი ვიღაცებს ყელში გაეჩხირათ ბიძინა ივანიშვილის კარზე და მოიშორეს. ალბათ, გახსოვთ, მაშინ იმაზეც დაიწყეს ლაპარაკი, მილიარდერი ირაკლი ღარიბაშვილის შესუსტებასა და შემდეგ ჩამოცილებასაც აპირებსო. მართალია, საქმე ჩამოცილებამდე აღარ მივიდა, მაგრამ მისი პოზიციები კი ნამდვილად შესუსტდა პარტიაში. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა, ის თითქმის აღარ ერევა საკითხების გადაწყვეტაში. ერთადერთი კახი კალაძეა, რომელიც ცდილობს, პარტიის რეგიონული ორგანიზაციები აამუშაოს, მაგრამ რა გამოუვა, ჯერ კიდევ საკითხავია. წინა კვირას „ალიაში" უკვე დავწერეთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატების მონაწილეობით შეიქმნა 5-კაციანი ჯგუფები, რომლებიც ჩავლენ რეგიონებში და შეისწავლიან რეალურ მდგომარეობას. უკვე ამბობენ, რომ რეგიონებში ყველა რაიონული ორგანიზაცია სულს ღაფავს, ყველა გაჩერებულია, რადგან ბოლო თვეებში ხელფასებსაც კი აღარ უხდიან. ასევე გადასახდელია დენის, გაზისა და წყლის დავალიანებები. არადა, ზოგს ჰგონია, დღეს პარტია „ქართულ ოცნებას" ისევ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და თითს მისკენ იშვერენ. ნურას უკაცრავად, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2013 წლის 7 აგვისტოს მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ყველა კვალიფიციურ პარტიას გაეზარდა საბიუჯეტო დაფინანსება - კერძოდ, 14 პარტიისთვის გამოყოფილია 6 102 686 ლარი, საიდანაც 2 170 020 ლარი კოალიციაში შემავალ პარტიებზე ნაწილდება, ხოლო 2 030 905 ლარი „ნაციონალურ მოძრაობას" ეძლევა. ამ დაფინანსების გარდა „ქართულმა ოცნებამ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" დამატებით 300 ათასი ლარი (თითოეულმა 150 ათასი ლარი) მიიღეს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, პარტიაში გადასახედი და შესასწავლია ფინანსური საკითხები, საინტერესოა, სად მიდის მილიონები მაშინ, როცა რეგიონულ ორგანიზაციებში არც ხელფასები რიგდება და არც დავალიანებებია გასტუმრებული?!
ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გახდება, ნინო ბურჯანაძის პარტიის („დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო") ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კობახიძის შვილი. ირაკლი უკვე ადასტურებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები შედგა და „ქართული ოცნების" მესვეურებს პარტიის განვითარების გეგმაც წარუდგინა: „ჩემი ხედვები წარვადგინე, თავმჯდომარიდან დაწყებული, პარტიაში მქონდა აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები. მუდმივად მქონდა კავშირი და ხელმძღვანელობა, თავმჯდომარე, მდივანი, ყველა მიცნობს ძალიან კარგად, ანუ წარდგენის პრობლემა მათთან არ მქონია".
ვინ არის ირაკლი კობახიძე და საიდან მოხვდა „ქართულ ოცნებაში"? ის გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, მიმართულება - კონსტიტუციური სამართლია. ასევე, არის 10 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროექტის მენეჯერი. მან ყურადღება მაშინ მიიქცია, როცა მოსმენებთან დაკავშირებით ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი არასამთავრობოებს და ლამის პარლამენტში გატანილი საითხი ჩავარდა. მაშინ ირაკლი კობახიძემ რამდენიმე ბრიფინგი გამართა ამ თემაზე და მხარი სამთავრობო პოზიციას დაუჭირა. თუკი ირაკლის სიტყვებს მოვიშველიებთ, „ქართულ ოცნებასთან" ადრეც ვთანამშრომლობდიო, მაშინ გამოდის, ეს მხარდაჭერაც შეთანხმებული იყო.
ზვიად ჯანყარაშვილის წასვლის შემდეგ პარტიაში გაჩნდა იდეა, რომ ეს თანამდებობა საერთოდ გაუქმებულიყო და ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა მაშინვე განაცხადა „ქართულ ოცნებას" გენერალური მდივანი ჰყავს, კახი კალაძე, აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა რამდენიმე თვის წინ შემოვიღეთ, ამ პოსტის დაბრუნების აუცილებლობას ნამდვილად ვერ ვხედავო. ცოტა ხანში, როგორც ხედავთ, ამ თანამდებობას არავინ აუქმებს და ამან არმაზ ახვლედიანის გაღიზიანება გამოიწვია: „საბჭოს წევრი ვარ და ამ განხილვაში მონაწილეობა არ მიმიღია, ვერ გატყვით, რას ამბობს გენერალური მდივანი, ვერც ვერავის მოვუწონებ გადაწყვეტილებების მიღებას წინასწარი განხილვის გარეშე".
როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან და სხვა ლიდერებთან, არმაზ ახვლედიანი კი ამტკიცებს, ეს საკითხი საბჭოს ხდომაზე არ განხილულაო. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, საერთო განხილვა არ ყოფილა, მაგრამ ცალკეულ ლიდერებთან შეხვედრები იყო და საკითხი უკვე გადაწყვეტილია. კულუარულ გადაწყვეტილებას საზოგადოების გარკვეულ წრეებში უკვე მოჰყვა გაღიზიანება, არიქა, ბიძინა ივანიშვილი „ფქვილის პრინცესას", ნინო ბურჯანაძეს აძლიერებს, „ოცნება" მაგაზე მუშაობს, არჩევნებისთვის ჩოხოსან რაინდს ლევან ვასაძეს მოიხმარენ, ცოტა საპატრიარქოც წაეხმარებათ და ისევ მოიგებენო. ზოგიერთს კი გაუჩნდა აზრი, რომ ეს არის წმინდა წყლის პრორუსული პროექტი, ანუ ივანიშვილი ბურჯანაძის კადრებით იმიტომ აკომპლექტებს „ქართულ ოცნებას", რომ რუსული ორიენტაციის განვითარებას სხვები ვერ ბედავენო.
როგორც ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის კადრია, ერთი ხანობა, დღის წესრიგში ამ თანამდებობის გაუქმება მართლაც იდგა, მაგრამ ღარიბაშვილმა არ ქნა, მას არ უნდა, კახი კალაძესჰქონდეს ყველა პარტიული ბერკეტი. ცხადია, კალაძე, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველი თვის ბოლოს პრემიერს ანგარიშს არ ჩააბარებს და ამიტომაც ამ უკანასკნელს უნდა ჰყავდეს ისეთი კაცი, რომელიც ხშირად ჩააყენებს საქმის კურში და მას ყველაფერი ეცოდინება. კობახიძე რამდენად გაამართლებს ღარიბაშვილის იმედებს, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. რაც შეეხება ბურჯანაძის პარტიასა და მის ერთ-ერთ ლიდერს, გია კობახიძეს, ანუ მამას, ალბათ ჩვენ ასეთი ოჯახური გადანაწილება აღარ უნდა გვიკვირდეს... შეგახსენებთ, როცა გოკა გაბაშვილი „ნაციონალებში" დათარეშობდა, მამამისი შევარდნაძეს ეკურკურებოდა, როცა მიხეილ მაჭავარიანი მიხეილ სააკაშვილის მზეს ფიცულობდა, მისი ძმა მარგველაშვილის მრჩევლობას „აწვებოდა". აქ ერთი პატარა განსხვავებაა, ირაკლი კობახიძე დიდი ხანია პარტია „ქართული ოცნების" წევრია და მას ყველგან დადებითად ახასიათებენ. თუმცა, დანიშვნისთანავე მოუწევს შიდა ინტრიგებთან გამკლავება, თუ ვერ გაუმკლავდება და ვერ დაალაგებს პარტიაში სიტუაციას, რამდენიმე თვეში ეგეც გაუყვება კუდიგორის გზას.
გელა ზედელაშვილი
გაზეთი „ალია"