reportiori.ge - იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 20:42
პრეს-დაიჯესტი
იური ვაზაგაშვილის სკანდალური წერილი, რის გამოც იგი მოკლეს
ავტორი:
26 იანვარი, 2015. 13:52


2014 წლის დეკემბრის მიწურულს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობის უკან მდებარე წმინდა სამების სახელობის ე.წ. „პატარა ეკლესიასთან", სადაც ამ საუკუნე-ნახევრის წინათ ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ჯვარი დაიწერეს, შემთხვევით ბატონი იური ვაზაგაშვილი შემხვდა... ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ ბატონმა იურიმ ხუთ ფურცლად დაბეჭდილი წერილი გადმომცა და მითხრა - ყურადღებით წაიკითხე, ჩემო დიტო, მაგ წერილში მოტანილი ფაქტების დასაზუსტებლად დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, მაგრამ უკვე ყველაფერი გამოვიკვლიე და თუ რამეში დაგჭირდეს, გამოიყენეო!


ბატონმა იურიმ ისიც მითხრა, რომ მან ამ წერილის რამდენიმე ეგზემპლარი მისთვის ახლობელ ადამიანებსაც დაურიგა...


ახალი წელი, შობა, ძველით ახალი წელი ისე ჩამოთავდა და მიილია, სიმართლე გითხრათ, იური ვაზაგაშვილის წერილისთვის ხელი არ მიხლია, რადგან ისევე როგორც ბატონ იურის, ყველა შვილმკვდარ მშობელსა და საზოგადოების უდიდეს ნაწილს, მეც დიდი ხანია, ხელი მაქვს ჩაქნეული ყველაფერზე და თითქმის შეუძლებელი და მიუღწეველი მგონია სააკაშვილისა და მისი ზონდერქილერების დაპატიმრება თუ ვირის აბანოში მოყუჩება...


2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, ზურაბ და ზვიად ვაზაგაშვილების საფლავზე ბომბი რომ აფეთქდა და იური ვაზაგაშვილი შვილების საფლავს დააკლეს, წერილი მაშინ გამახსენდა...


გადავფურცლე და თმები ყალყზე დამიგა...


პატივცემულო მკითხველო, ეს წერილი არის პასუხი იმაზე, თუ რატომ მოკლეს იური ვაზაგაშვილი.:


„ქალაქ თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი გიორგი დალაქიშვილი ვანო მერაბიშვილის ფავორიტია. მერაბიშვილის მინისტრობისას დალაქიშვილი მუშაობდა თბილისის სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე. არჩევნებამდე მას დავალებული ჰქონდა „ქართული ოცნების" უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ალეკო ტაბატაძის განეიტრალება და შემუშავებული ჰქონდა კიდეც გეგმა ტაბატაძის დასაკავებლად, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა ტაბატაძის მეგობრობამ დ. ბედიასთან. ბედია მერაბიშვილის დროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. დალაქიშვილსა და ბედიას ალეკო ტაბატაძის თემაზე უთანხმოება მოუვიდათ და ბედიამ გაიმარჯვა. „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გიგი დალაქიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაითხოვეს. ცნობისათვის, დალაქიშვილმა გია უდესიანთან ერთად ბიზნესმენ ბესო ხარძიანს ჰეროინი დაალევინა; ხარძიანი, როგორც ცნობილია, უარს აცხადებდა კუს ტბის აქციების „ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ დათმობაზე. საერთოდ, გიგი დალაქიშვილი და გია უდესიანი შავბნელი საქმეების აღსასრულებლად ერთად მოქმედებდნენ, სადაც პოლიცია ვერ ჭრიდა, მაშინ საქმეში ერთვებოდა უდესიანი თავის რაზმთან ერთად. უდესიანის „ოფისი", სადაც განთავსებული იყო ადამიანთა წამებისა და დაკავების საკნები, დღესაც „ნაცმოძრაობის" მფლობელობაშია და იგი მდებარეობს იპოდრომის შესასვლელთან.


გიორგი დალაქიშვილი და მისი ამჟამინდელი მოადგილე ნიკა სამარღანიშვილი (ე.წ. „ტყუპი") შინაგან საქმეთა ორგანოებში მოიყვანა ირაკლი ფირცხალავამ, რომელთან ერთადაც დალაქიშვილმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ზურაბ ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში. დალაქიშვილთან ერთად ვაზაგაშვილის ჩაცხრილვაში ასევე მონაწილეობდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დღევანდელი მოადგილე ოთარ მირზოევი, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლიდან მეორე დღესვე ერევანში გაიქცა და საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, როცა ხელშეუხებლობის მყარი გარანტია მიიღო. ოთარ მირზოევი და გიგი დალაქიშვილი ისან-სამგორის სამმართველოს ყოფილ უფროსთან გიორგი დარჯანიასთან ერთად ყველაზე ახლოს, ორ მეტრში იმყოფებოდნენ ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანიდან. მირზოევმა პირველმა გახსნა ცეცხლი ჩემი ვაჟის ზურაბ ვაზაგაშვილის მანქანის მიმართულებით და ყველაზე უფრო ადრე სწორედ მან შეასრულა ირაკლი ფირცხალავას მიერ რაციაში გაცემული ბრძანება - ცეცხლი გახსენითო! სწორედ მირზოევის ტყვია მოხვდა ზურაბ ვაზაგაშვილს თავში და ამის გამო მან დაკარგა გამართულად მოძრაობის უნარი, რის გამოც მანქანა გადავიდა გზის საწინააღმდეგო მარცხენა მხარეს და შეეჯახა ხეს. ქალაქ თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური კობა ნაკანი ინტენსიური ცეცხლის გახსნის შემდეგ ახტა ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანის, „ბმვ"-ს კაპოტზე და მანქანაში წინ მჯდომ პირთა მიმართ განახორციელა საკონტროლო გასროლები ავტომატური იარაღიდან მჭიდის დაცლამდე. ვაზაგაშვილს თავში 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ისან-სამგორის სამმართველოს დღევანდელი უფროსის მოადგილე გიორგი ბჟალავა და ანტიტერორისტული დეპარტამენტის დირექტორის ახლანდელი მოადგილე შოთა ჭანუყვაძე.


ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ ერთ დაჯგუფებას...


გიორგი დალაქიშვილი ასევე ცნობილია შემდეგი ბნელი საქმეებით: იგი ქალაქ თბილისის სოდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსობისას დღევანდელი ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს უფროსის ვიქტორ რაზმაძის (მაშინ სოდ-ის სამმართველოს უფროსი იყო) ბიძის კერძო სასტუმრო-რესტორანს უკანონო ჩანაწერების განსახორციელებლად იყენებდა. ეს სასტუმრო გლდანში მდებარეობს. იქ ე.წ. პუტანკების მეშვეობით, „ოდნოკლასნიკებისა" და „ფეისბუქის" დახმარებით, იტყუებდნენ „ქართული ოცნების" აქტივისტებს, იღებდნენ მათ ინტიმურ ურთიერთობებს და შემდგომ შანტაჟისა და მუქარის გზით აიძულებდნენ სპეცსამსახურებთან ურთიერთობას.


„ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან მეორე დღესვე ვიქტორ რაზმაძის ბიძას დაემართა გულის შეტევა და გარდაიცვალა, ხოლო გიგი დალაქიშვილის მამას - ავლაბრელ სერჟიკას მოუვიდა ინფარქტი.

გიგი დალაქიშვილმა და მიხეილ ბუზალაძემ - საპატრულო პოლიციის დირექტორის მოადგილემ შინაგან საქმეთა ორგანოებში დააბრუნეს „ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დათხოვნილი ხაშურისა და გორის პოლიციის ყოფილი უფროსი ვალერი ქალდანი, რომელმაც ხაშურის პოლიციის შენობის კიბიდან მოქალაქე ქიმერიძე დააგორა და მოკლა. დალაქიშვილი მოქმედებდა ლადო ვარძელაშვილთან შეთანხმებით, არბევდა ოპოზიციის მიტინგებს, აშანტაჟებდა და ფიზიკურად უსწორდებოდა ოპოზიციურად განწყობილ პირებს, რაც დაფიქსირებულია არაერთი ტელევიზიისა და კამერის მიერ. დალაქიშვილი ასევე მონაწილეობდა კახი კალაძის მიერ წეროვანში დევნილებთან დაგეგმილი აქციის ჩაშლაში. დალაქიშვილისა და მირზოევის კადრია თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსი ლუდვიგ გულვერდაშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა დარბევებსა და უამრავ უკანონო ქმედებაში.


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ჯაბა მაღლაფერიძე გივი თარგამაძის ახლო ნათესავია, რომელსაც ვანო მერაბიშვილი გვერდიდან არ იშორებდა. სწორედ ჯაბა მაღლაფერიძის მიერ დაწინაურებული კადრები და ზონდერები არიან გლდანი-ნაძალადევის მე-8 განყოფილების უფროსი კობა ჩადუნელი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ვალერი კაპიაშვილი, გლდანი-ნაძალადევის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე როლანდ მიხანაშვილი, გლდანი-ნაძალადევის მე-10 განყოფილების უფროსი იოსებ ლასურაშვილი, გლდანი-ნაძალადევის მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილე დავით თვაური, გლდანი-ნაძალადევის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე გიორგი თორთლაძე, სამცხე-ჯავახეთის შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თემურ კალანდაძე, რომელიც ჯაბა მაღლაფერიძის ნათლულია; ამ გუნდის წევრია გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი გიორგი ბუხრაშვილი, რომელსაც 2012 წლის არჩევნებისას დავალებული ჰქონდა ნაძალადევის რაიონის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატის თეა წულუკიანისა და მისი გარემოცვის დისკრედიტაცია. გიორგი ბუხრაშვილი ადრე მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის მე-9 განყოფილების უფროსად. ჯაბა მაღლაფერიძის კადრები არიან ისან-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსი ვიქტორ რაზმაძე, ისან-სამგორის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბჟალავა და ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე  გიორგი კლიმიაშვილი, რომელმაც ლაგოდეხის პოლიციის უფროსობისას სასტიკად სცემა ფეხმძიმე ქალი.


ამ ბანდის წევრები არიან მიხეილ ბუზალაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ლევან კვიციანი - ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული მუხროვანის ამბოხების დროს კრიალაშვილის, კობალაძისა და ოთანაძის დასჯაში, რაშიც აღებული აქვს სოლიდური პრემია; ასევე, აქვე არიან: ისან-სამგორის საუბნო განყოფილების უფროსი თეიმურაზ ბიაშვილი, შინაგან საქმეთა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, ისან-სამგორის მე-9 განყოფილების უფროსი გიორგი იმერლიშვილი, რომელიც ერეკლე კოდუას ბიზნეს-მაკონტროლებელია. გიორგი იმერლიშვილმა კოდუას მოადგილესთან, მიშა ვანიშვილთან ერთად გორში ირაკლი ოქრუაშვილისა და მიხეილ ქარელის სახლები გადაწვა; მიტინგების დარბევისას გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით... მან გააკეთა ომის ვეტერანის ყალბი საბუთები. მის მიმართ 2010 წელს დაიწყო გამოძიება, მაგრამ ძველი დამსახურებების გამო ყველაფერი აპატიეს. სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიორგი ბესელია ჯაბა მაღლაფერიძის უახლოესი მეგობარია, მისი მოადგილე იყო წლების განმავლობაში და გოგა ონიანის დანიშნულია ამ თანამდებობაზე.


თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე ბაჩო ახალაიას ბავშვის ნათლიაა. მისი კადრები არიან: კონსტანტინე ანანიაშვილი - ძველი თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; სულხან თამაზაშვილი - დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; ოთარ ნიკოლეიშვილი - ძველი თბილისის საერთო განყოფილების უფროსი; ზურაბ კენჭიაშვილი - ძველი თბილისის საუბნო განყოფილების უფროსი, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა მიტინგების დარბევისას; იგი წინასწარ ადგენდა სქემებს, სადაც უნდა მომხდარიყო მომიტინგეების შერეკვა მათი შემდგომი დაკავებისა და წამების მიზნით.


დავით ლომიძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის პირდაპირი კადრია, ამჟამად ის სამცხე-ჯავახეთის სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობს.


გიორგი ხიზანიშვილის, გიორგი დალაქიშვილისა და ირაკლი ფირცხალავას უახლოესი მეგობარი ოთარ მირზოევი ამჟამად დაწინაურებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. იგი უშუალოდ არბევდა 26 მაისის მიტინგს და მონაწილეობა აქვს მიღებული იმ საშინელ ანგარიშსწორებაში, რომელიც 26 მაისს ღამეს ქალაქ თბილისის სამმართველოს შენობაში გაიმართა. სწორედ ოთარ მირზოევის უშუალო მითითებით დააკავეს სოსო ჯაჭვლიანი და ლუკა კურტანიძე. მირზოევმა ჯაჭვლიანი და კურტანიძე პირადად აწამა, შემოახია მათ ტანსაცმელი, რის შემდეგაც შანტაჟის მიზნით შიშვლებს გადაუღო ფოტოსურათები. მირზოევს ამ დროს ეკეთა ნიღაბი და მაშინ ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსად მუშაობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მისი საქმიანობის უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენდა ოპოზიციაში მყოფ პირებზე ინფორმაციის მოპოვება, მათი შანტაჟი, დევნა, ოპოზიციის რიგებში აგენტების ჩანერგვა. ასე მაგალითად, „ქართულ ოცნებაში" მათ უშუალოდ ჩანერგეს პოლიციის თანამშრომელი ლევან ჯაშიაშვილი, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მუშაობს. საცხოვრებელი ბინა გამოყენებული ჰქონდათ „პრიტონად", სადაც ხდებოდა პირადი და ინტიმური ვიდეოების გადაღება. მირზოევი ასევე ახორციელებდა ბიძინა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის, საგურამოს ეკლესიის მოძღვრის, მამა ტარიელის თვალთვალს, დევნასა და დისკრედიტაციას, ავრცელებდა რა მასზე სხვადასხვა სახის ბიძნურ ჭორებს. მირზოევს აღნიშნულ ქმედებებში ეხმარებოდნენ მისი სანდო პირები: ვაკე-საბურთალოს შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ სალამიძე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კახა მაისურაძე და თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსი ლუდვიგ გულვერდაშვილი, რომელსაც ყველა სადამსჯელო ოპერაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2011 წლის მაისში ავჭალის დასახლებაში პოლიციის განყოფილების წინ არსებული პროფილაქტიკიდან ოთარ მირზოევმა და მისმა ბანდამ გაიტაცეს ნინო ბურჯანაძის მიერ ნაქირავები ტრაილერი. ოცი ნიღბიანი, რაციებით, ავტომატური იარაღებითა და სპეცფორმით აღჭურვილი ბანდა თავს დაესხა პროფილაქტიკას, სცემეს დარაჯები, რომლებიც დააბეს, ხოლო ტრაილერი, რომელიც წარმოადგენდა მოძრავ ტრიბუნას და ბურჯანაძის პარტიას სჭირდებოდა აქციების დროს,  გაიტაცეს და გადაიყვანეს ე.წ. დამპალოს ტერიტორიაზე - შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოდრომზე. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აღნიშნული ავტომანქანა გადმოყვანილი და დატოვებული იქნა მცხეთის რაიონში და შემდეგ დაუბრუნდა მფლობელს. აღნიშნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ შემოდებულია თაროზე. მაშინდელი ხელმძღვანელობის დავალებით, ოთარ მირზოევი პირადად იღებდა გადაწყვეტილებას  „ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებული პირების ოჯახის წევრების მიმართ განსახორციელებელ ღონისძიებებზე; იღებდა ტელევიზიების ჩანაწერებს, სადაც ასახული იყო აქციებში მონაწილეთა სახეები, ადგენდა მათ ვინაობებს, ოჯახის წევრებს, რის შემდეგაც ახორციელებდა მათ ტერორს.


ოთარ მირზოევს დავალებული ჰქონდა, მთელი თბილისის მასშტაბით პოლიციის დანაყოფიებიდან მიეღო ინფორმაციები, თუ რომელი მოქალაქეები იყვნენ ოპოზიციურად განწყობილები, რათა მათ მიმართ განხორციელებულიყო კონტროლი და ტერორი. მას ჰქონდა პოლიციის დანაყოფებიდან შემოსული ის ინფორმაცია, რომელიც ეხება მათ მოწოდებულ ინფორმაციებს „ქართული ოცნების" შესახებ, რითაც მანიპულირებს დღემდე. მირზოევი პირადად ატარებდა თათბირებს პოლიციის დანაყოფებში, ავალებდა სათითაოდ ყველა პოლიციელს „ოცნებაზე" ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო,  თუ არ მოიპოვებდნენ საინტერესო ინფორმაციებს, ემუქრებოდა მათ სამსახურებიდან დათხოვნით, ასევე ოჯახის წევრებისა და ახლობლების უმუშევრად დატოვებით. კომიკურად ცნობილია ის ფაქტი, როდესაც მირზოევი, დალაქიშვილი, რაზმაძე, სამარღანიშვილი და სხვა ძმანი მათნი თებერვალში მცხეთაში მორიგი ქეიფისას სკამზე ასულები როგორ ადღეგრძელებდნენ მერაბიშვილს, უსურვებდნენ მას ჯანმრთელობას, გამძლეობას და უახლოეს პერიოდში მათ გვარდით ყოფნას. ზემოაღნიშნული პირები ისევ სისტემატურ კავშირში არიან თავიანთ მასწავლებელთან (შინაურობაში ასე ეძახიან) ირაკლი ფირცხალავასთან (რომელსაც ამჟამად გვერდით ჰყავს შემოკრებილი ნაციონალების დროინდელი ზონდერები, განიხილავენ ნაციონალების მიერ საგაზაფხულო აქციებისას გასაკეთებელ ქმედებებს, მათ შორის არის ვაჟა ლომიძეც, რომელიც ასევე მონაწილეობდა ვაზაგაშვილის საქმეში)!


სწორედ მირზრევი და დალაქიშვილი წყვეტენ თბილისის მასშტაბით კადრების შერჩევა-დანიშვნას, თანამდებობებზე აწინაურებენ და მატერიალურად ახალისებენ იმ თანამშრომლებს, რომელთაც მათთან ერთად მიღებული აქვთ სადამსჯელო ოპერაციებში მონაწილეობა.


ქ. თბილისის ადმინისტრაციის უფროსად თებერვლის თვეში დანიშნული იქნა ამირან მესხელის ნათესავი, უახლოესი მეგობარი და მისი მესაიდუმლე შალვა ნათენაძე, რომელიც მუშაობდა სოდ-ის ადმინისტრაციის უფროსად, გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიყვარულით „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. სწორედ მისი ინტრიგებითა და ენის მიტანით დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან მრავალი ღირსეული თანამშრომელი, რომლებიც არ ასრულებდნენ უკანონო მითითებებსა და ბრძანებებს!


რონი მესხი - ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი, მუშაობდა კუდ-ის მთავარი სამმართველოს უფროსად და დათა ახალაიას უახლოესი მეგობარია. იგი „მასტერასთან" ერთად პირადად გეგმავდა და მონაწილეობდა ოპოზიციონერთა გატაცებებსა და მათ მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებში..."


P. S. გუშინ იური ვაზაგაშვილი მშობლიურ მიწას მიაბარეს... მამამ, რომელმაც მოკლული შვილის სამართალი ვერ იპოვა, სამუდამო განსასვენებელს სწორედ შვილების წიაღში მიაგნო. პატივცემულო მკითხველო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ჩემს წარმოდგენაში  ყველა კითხვის ნიშანი წაიშალა და მე უკვე აღარ მიკვირს, თუ რატომ და რისთვის მოკლეს იური ვაზაგაშვილი!

 

მოამზადა დიტო ჩუბინიძემ

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016