reportiori.ge - რა მოსთხოვა ხალხმა ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულ ექს-პრემიერს? - რას უყვება ექსპერტი „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 20:34
პრეს-დაიჯესტი
რა მოსთხოვა ხალხმა ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულ ექს-პრემიერს? - რას უყვება ექსპერტი „ალიას“ ბიძინა ივანიშვილის გეგმებზე...
ავტორი:
27 იანვარი, 2015. 16:47

 

 

 

რა ტექტონიკურ ძვრებს გამოიწვევს იური ვაზაგაშვილის მკვლელობა? რა ვერსიები აქვს ამ ვანდალური მკვლელობის საქმეზე პოლიტიკურ ექსპერტს მამუკა არეშიძეს? გახდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი იძულებული, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს? რა მოსთხოვა ხალხმა ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მისულ ექს-პრემიერს?


„ალიაS" კითხვებს მამუკა არეშიძე პასუხობს:


- როგორც ჩანს, სიტუაციის გარდამტეხი აღმოჩნდა ის, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობამდე სამი დღით ადრე ბიძინა ივანიშვილისა და იური ვაზაგაშვილის შეხვედრა შედგა. თვითონ ბიძინა ივანიშვილიც ამბობს, რომ გარკვეულწილად ამ შეხვედრამ ითამაშა დიდი როლი ვაზაგაშვილის ლიკვიდაციის საქმეში. ვისი გვარებიც დაასახელა იური ვაზაგაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან საუბარში, რაც მთავარია, მოახერხა დაერწმუნებინა ივანიშვილი, რომ ეს ხალხი ნამდვილად დამნაშავეა მისი შვილის მკვლელობის საქმეში. აქედან გამომდინარე, იმ ადამიანებმა საუბრის შინაარსი იცოდნენ და იგრძნეს, რომ მათ გარშემო ყულფი ვიწროვდებოდა. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება იური ვაზაგაშვილის ლიკვიდაციის თაობაზე. საქმე ის არის, რომ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდებოდა და გარკვეულ სიტუაციაში ლოკომოტივის როლს ითამაშებდა, ამიტომაც მოიცილეს იური ვაზაგაშვილი.


- ბატონო მამუკა, იური ვაზაგაშვილამდე ბატონ ბიძინასთან იყო სოსო რობაქიძეც, რომელიც ასევე მისი შვილის მკვლელებზე საუბრობდა. რობაქიძემ დააანონსა კიდევ ერთი მკვლელობა, რატომ შეარჩია მკვლელობის დამკვეთმა იური ვაზაგაშვილი?

 

- სოსო რობაქიძე, მისი ყოფილი მეუღლე ია მეტრეველი, გამცემლიძე, არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს და ისევე ჩაიცვეს რკინის ქალამნები, როგორც ირინა ენუქიძემ და იური ვაზაგაშვილმა, მაგრამ არის ადამიანი-ემოცია და არის ადამიანი-ტანკი, იური ვაზაგაშვილი ტანკების კატეგორიას განეკუთვნებოდა, როგორც ირინა ენუქიძე. ეს ადამიანის ბუნებაზეა დამოკიდებული და ყველას ვერ მოსთხოვ, ერთნაირი იყოს. ამიტომ, ჩემი აზრით, ირინა ენუქიძეც ჩამოცილებული იქნა და დღეს უფრო მეტად მიმყარდება ეჭვი, რომ ის მოწამლეს.


- თქვენი აზრით, მკვლელობის შემკვეთის კვალი ვისთან მიდის?

 

- ჩემი აზრით, ეს იყო ძალოვანთა გუნდი, დამკვეთიც და შემსრულებელიც. ვინ არის დღეს შსს-ში და ვინ არის გარეთ, ამის თქმა დღეს გამიჭირდება, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ძალოვნების ხელწერა. საქმე გაიხსნება და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, გეტყვით, რომ საქმე გაიხსნება არა შემსრულებლისგან, არამედ შემკვეთებისგან.


- ბიძინა ივანიშვილის ცრემლი თვალზე იყო თუ არა ბევრი რამის მიმანიშნებელი? რას უნდა ველოდოთ მისგან?

 

- რას უნდა ველოდოთ და დღის წესრიგში დგას ვადამდელი არჩევნები და მთავრობის შეცვლის საკითხი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოახერხებს მთავრობა, პასუხი გასცეს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. გამოწვევები არის ძალიან სერიოზული როგორც ეკონომიკური, ასევე საზოგადოებრივი და ყველა ამ გამოწვევას კონსოლიდირებული პასუხი სჭირდება. სამწუხაროდ, ქაოსია მმართველობის სისტემაში და ამ კონსოლიდირების ოპტიმიზმს არ იძლევა. ბიძინა ივანიშვილის თვალზე ცრემლი ძალიან მოულოდნელი იყო, მას ასეთად არ ვიცნობდი, მართალი გითხრა, ვერ წარმომედგინა, თუ ის იტირებდა. ჩემთვის ეს ცრემლი არ იყო მხოლოდ სამძიმრის ცრემლი, მე დავინახე სასოწარკვეთილი ადამიანის ცრემლები, იმიტომ, რომ ასეთი რამ გაბედეს და შვილის საფლავზე ააფეთქეს სიმართლისთვის მებრძოლი კაცი. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილისთვის რაღაცები არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ოჯახი არის მისთვის უპირველესი. მკვლელობის ეს ფორმა - განსაკუთრებული სისასტიკით საკუთარი შვილის საფლავზე, ბიძინა ივანიშვილისთვის ემოციურად ძალიან ძლიერი დარტყმა იყო და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი ბოლო ზღვრამდე მივიდა. ამიტომ იყო მის ბიზნესცენტრში უმრავლესობის წევრთა დაბარებები, ის მძიმე ლაპარაკი, რომელიც შედგა ბიძინა ივანიშვილსა და მის უმრავლესობის წევრებთან. ერთხელ მას აქვს ჩემთვის ნათქვამი, ვერ წარმომედგინა, თუ ამდენ სიბინძურეს წავაწყდებოდიო. სწორედ იქ მოხდა საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. თუ ვითარება ასე გაგრძელდება, მაშინ რადიკალურ ნაბიჯებზე უნდა ვიფიქროთ, იმიტომ, რომ ამის ატანა უკვე აღარ შეიძლება. მთელ ამ ამბავში მე მაინტერესებს ფსიქოლოგიური გარდატეხის მომენტი, მე მინდა დავინახო, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ეგუება არსებულ ვითარებას, არ ეგუება იმ დაცინვასა და დამცირებას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. სხვათა შორის, თვითონ შექმნეს ის მდგომარეობა, როცა დამცირებულ მდგომარეობაში არიან. როგორ მოახერხებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას, ამას სჭირდება განსაკუთრებული მონდომება. რასაც იური ვაზაგაშვილმა თავის სიცოცხლეში ვერ მიაღწია, იმას მიაღწია თავისი სიკვდილით.

 

- „ალია" წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრის დროს შს მინისტრის და მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის სკითხი დააყენა ბატონმა ბიძინამ. ჩვენ ვნახეთ, რომ თანამდებობა დატოვა ალექსანდრე ჭიკაიძემ, შემდეგი შეიძლება იყოს ბადაშვილი?


- რასაკვირველია, პროკურორის და მთლიანად პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუმცა გეტყვით, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დგება, ვინც „ქართული ოცნების" სახელით დაპირებებს იძლეოდა. ყველას პასუხისმგებლობის საკითხია ის, რაც გაუბედეს იური ვაზაგაშვილს, მათ შორის, რასაკვირველია, პირველ რიგში, პროკურორის და ის, როცა ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, უკრაინა ამდენის უფლებას აძლევს თავის თავს და თავს იმით იმართლებს, რომ ჩვენ კონკრეტული დოკუმენტები ხელში არ გვიჭირავს „ნაცმოძრაობის" ლიდერების დანაშაულის შესახებო, ეს ჩემთვის გაუგებარია, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ სანდრო კვიტაშვილს, მხედველობაში მყავს ზურაბ ადეიშვილი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას კონსულტაციებს უწევს. ის ერთ-ერთი წამყვანი კონსულტანტია უკრაინის ხელისუფლების. რა გახდა იმ იურიდიული დოკუმენტაციის წარდგენა უკრაინის ხელისუფლებისთვის, რაშიც მას საქართველოს პროკურატურა ედავება? ბიძინა ივანიშვილმა დასვა კითხვა - რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ უწევენ კონსულტაციას საქართველოში ძებნილი პირები უკრაინის ხელისუფლებას? ამიტომაც იყო, რომ მან მკაცრად გააკრიტიკა პროკურატურა და უთხრა, ან მორჩით საბოტაჟს, ან თქვით, რომ არაპროფესიონალები ხართ, ან ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია იყოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც საქართველოში აქვთ ჩადენილი დანაშაული წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. კეზერაშვილის საქმე - ეს არის სამარცხვინო ფურცელი საქართველოს პროკურატურის ბიოგრაფიაში. კაცისთვის, რომელსაც ამხელა დანაშაულში აქვს ბრალი, ვერაფრით ვერ მოახერხეს შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება. უცხოელმა კოლეგებმა გვითხრეს, რომ საქართველოს პროკურატურამ წარადგინა ფარატინა ქაღალდები, რაზეც ევროპის სასამართლოს წარმომადგენლებმა დაგვცინეს.


- ზურაბ ადეიშვილი ახსენეთ და მისმა მუქარამ სოციალური ქსელი მოიცვა, „ალიასთან"  ინტერვიუში ყოფილმა პოლიტპატიმარმა გია სალუქვაძემ გაიხსენა ფაქტი, რომელიც ათიოდე დღის წინ მოხდა კიევის სასტუმრო „ჰილტონში", სადაც ქართველმა ბიზნესენმა ნახა ადეიშვილი, დავით საყვარელიძე და 12 „ნაციონალი", ქართველმა ბიზნესმენმა ჰკითხა ადეიშვილს, შენ აქ რას აკეთებო, რასაც მოჰყვა ადეიშვილის მუქარა, - წელიწად-ნახევარში ხელისუფლებაში დავბრუნდებით, ყველას ციხეში ამოგალპობთ და მერე გაგახსენებთ, აქ რას ვაკეთებდიო!.. სხვათა შორის, ეს ეპიზოდი „ალიამ" უშუალოდ იმ ბიზნესმენთან გადაამოწმა, ვისაც ადეიშვილი დაემუქრა, თუმცა ის ჯერჯერობით საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს. ასევე, წამოვიდა მუქარა მეგის ქარდავას მხრიდან ყოფილი პოლიტპატიმრების მისამართით. რას უნდა ველოდოთ?


- სხვათა შორის, ადეიშვილის მუქარას უკიდურესი გაღიზიანება მოჰყვა ხელისუფლების მიმართ, საბოლოო ჯამში, ადეიშვილის მუქარის შედეგი ეს არის, რადგან ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ზურაბ ადეიშვილის დევნის საკითხი. თუმცა ხალხში დიდი ხანია მუსირებს კითხვა, - ვერ უზრუნველყო თუ შეგნებულად არ უზრუნველყო... რამდენჯერ ვისაუბრე თქვენი გაზეთის საშუალებით მე-5 კოლონის თაობაზე, რომელიც საქართველოში არსებობს, კერძოდ, ძალოვან სტრუქტურებში. მაინცდამაინც ვაზაგაშვილი უნდა აეფეთქებინათ, რომ ყური გამოებერტყათ? ქართულ მედიაში სულ იბეჭდება სხვადასხვა ადამიანების ინტერვიუები, რომლებიც ერთსა და იმავე ადამიანებს ასახელებენ - სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ადეიშვილი... რა გახდა ამ ადამიანების საქმეების სწორად შესწავლა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება? თუ ეს ადამიანები უდანაშაულონი არიან, მაშინ თავს დავანებებთ და ვიფიქრებთ, რომ არსებობს ვიღაც სხვა, ვინც დანაშაულებს სჩადიოდა.

 

- სოსო რობაქიძემ განაცხადა, რომ კიდევ იგეგმება ლიკვიდაცია, ამის შესახებ ხელისუფლებაც საქმის კურსშიაო...


- არ გამოვრიცხავ, რომ იგეგმებოდეს კონკრეტული ადამიანის ლიკვიდაცია იმისთვის, რომ დესტაბილიზაციის მყარი ფონი შეიქმნას ქვეყანაში. შეიძლება კიდევ მოხდეს იმ ტიპის ტერორისტული აქტი, რაც განხორციელდა ვაზაგაშვილის მიმართ.

 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მზადდება ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია.

 

- არც ამას გამოვრიცხავ, რადგან ეს არის მოვლენების განვითარების ლოგიკა. წარმოიდგინეთ, ივანიშვილის ლიკვიდაციის შემთხვევაში აქ რა მოხდება, ის ქაოსი, რომელიც დღეს არსებობს, მონაგონი იქნება. ამიტომ ვიღაცას უნდა აწყობდეს ივანიშვილის ლიკვიდაცია, რადგან არსებობს წყარო, ვისაც აწყობს მისი ლიკვიდაცია, ე.ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ მოხდეს. ამიტომ, განსაკუთრებით უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ნორმები. მე, მაგალითად, ვთვლი, რომ უამრავი გამოწვევაა საქართველოს წინაშე, რომელსაც ზოგ შემთხვევაში ვერ ან არ ამჩნევს შესაბამისი სამსახურები.

 

- რას ფიქრობთ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრზე, საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ ის ამ უწყების სერიოზულ წმენდას ჩაატარებს.

 

- მე ვიცნობდი გომელაურს მაშინ, როცა ის იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი და ჯგუფის ხელმძღვანელი. დღეს წერენ, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი, ასე არ არის, ანზორ ჩუბინიძე იყო ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი და ვახტანგ გომელაური - პირადი მცველის ჯგუფის უფროსი. მახსოვს, რომ ის იყო ძალიან კორექტული, ძალიან ორგანიზებული და თავდადებული ადამიანი. სწორედ იმიტომაც ნიშნავენ გომელაურს, რომ წმენდა ჩაატაროს.


- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება?

 

- ბიძინა ივანიშვილი უკვე ღიად არის პოლიტიკაში, სხვათა შორის, გარემოებებმა აიძულა საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, ამიტომ იყო, რომ ყოველთვის ვამბობდი, მისი ხელისუფლებიდან წასვლა არ შეიძლება. ჯერ ერთი, საზოგადოების წინაშე ჰქონდა მას ვალდებულებები, სიტყვა ჰქონდა ნათქვამი და ხალხმა მას მისცა ხმა. სხვათა შორის, ვაზაგაშვილის პანაშვიდზე რომ მივიდა ბატონი ბიძინა, ხალხმა პირველი ეს შეახსენა, ხმა შენ მოგეცით და პასუხსაც შენგან ვითხოვთ. სხვათა შორის, ის დაჰპირდა კიდეც ხალხს და თქვა, რომ გარკვეულწილად მე მიმიძღვის ბრალი, რომ ეს ადამიანი ამქვეყნიდან წავიდა და მე მის მკვლელებს სამაგიეროს მივუზღავო. როგორ მიუზღავს სამაგიეროს, თუ პოლიტიკური პროცესი ხელში არ დაიჭირა?! მისი ფრაზიდან თუ ვიმსჯელებთ, ის იღებს პასუხისმგებლობას თავის თავზე.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016