გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმის მასალები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშია გადაგზავნილი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ადრე თუ გვიან, სასამართლოს წინაშე წარდგება 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულებისთვის.
მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, რუსეთში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება გენოციდის, მკვლელობისა და ომის წარმოების მთოდებისა და აკრძალული საშუალებების გამოყენების ბრალდებით ჩატარდა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან რუსული მხრიდან კონტაქტი არ ყოფილა.
არსებობს თუ არა საფუძველი, რომ აღნიშნული საქმე წარმოებაში მიიღოს ჰააგის სასამართლომ? რა სასჯელი ემუქრება ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში?
ადვოკატი მამუკა ნოზაძე:
- რუსეთის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქმე ეხება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მასალებს. სიმართლე გითხრათ, მეეჭვება, რაიმე რეალური მტკიცებულებები ჰქონდეთ, აი, ისეთები, საერთაშორისო სასამართლომ რომ მიიღოს აღნიშნული საჩივარი წარმოებაში. საერთაშორისო სასამართლო წარმოებაში იღებს ისეთ საჩივრებს, სადაც დასაბუთებული და დადასტურებულია, რომ პირმა ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ რაიმე დანაშაული. თუ მათი მოტივაცია ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, მე ვფიქრობ, რომ არანაირი მტკიცებულება არ ექნებათ და ეს განცხადება, რაც გაკეთდა, დარჩება განცხადებად განცხადებისთვის.
- რატომ გგონიათ, უსაფუძვლოდ გაკეთდებოდა განცხადება რუსეთის მხრიდან?
- იმიტომ, რომ საერთაშორისო კომისიას, ტალიავინის კომისიას ვგულისხმობ, დასკვნა აქვს გაკეთებული ამ ომთან მიმართებაში, სადაც ნათლად წერია, როგორ და რა მოხდა აგვისტოს ომის დროს და იქ რუსეთი არის დადანაშაულებული ომის გაჩაღებაში. კი არის გარკვეულწილად დარღვევები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ინდივიდუალურად, სააკაშვილის როლი რა არის ამ ომში და რა დანაშაული აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე, ეს ჯერ არავის არ დაუდასტურებია ამ ომთან დაკავშირებით და თუ სხვა რამეცაა, არ ვიცით, ეს არ გაუჟღერებია რუსეთის ხელისუფლებას.
- და მაინც, თუ მიიღო წარმოებაში ჰააგის სასამართლომ აღნიშნული საქმე და დანაშაული დაუმტკიცდა, რა ელის სააკაშვილს?
- საერთაშორისო სასამართლოს, ხელისუფლებაში მყოფი არაერთი პირის მიმართ განუხილავს საქმეები და საკმაოდ მკაცრი სახდელები დაუკისრებია იმ პირებისთვის, რომლებიც გამტყუნდნენ - ეს იყო პატიმრობა და ა.შ. პატიმრობა იმ შემთხვევაში ელოდება, თუ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი დოკუმენტები იქნება გამყარებული, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში იქნება წყალწყალა, იმიტომ, რომ იმ ომში, არც ტალიავინის კომისიამ არ გამოკვეთა, სააკაშვილის, როგორც პერსონის დანაშაულები. თუ პირის მიმართ დადასტურდება დანაშაულებრივი ქმედება, ამ შემთხვევაში, მას ემუქრება პატიმრობა. რამდენწლიანი, ამას სასამართლო განსაზღვრავს, ზოგადად, საკმაოდ მკაცრი სახდელები გამოუტანია საერთაშორისო სასამართლოს. ისე, ეროვნულ კანონმდებლობაში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული საკმაოდ მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს, მაგალითად, უვადო თავისუფლების აღკვეთასაც.
- გარდა ამისა, საერთაშორისო სასამართლოში რამე სარჩელები არის სააკაშვილის წინააღმდეგ შეტანილი?
- მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ამის მზაობა არ აქვს, იმიტომ, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულის თაობაზე, დღემდე არანაირი განაჩენი არ გამოტანილა საქართველოს სასამართლოების მიერ, მათ შორის, არც ციხეში არსებული სისტემური დანაშაულების თაობაზე, თუ ეს ყველაფერი არ დადასტურდა ადგილობრივად, არ მიიღო ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები და მზაობა არ გამოხატა, რომ მართლაც, 9 წლის მანძილზე, თუნდაც, ბიზნესის დატერორებას, ციხეებში არსებულ ვითარებას, ქუჩებში ადამიანების ჩაცხრილვას, სისტემური ხასიათი რომ ჰქონდა, თუ ეს ხელისუფლებამ არ გამოიძია და არ დადო შედეგები, ბუნებრივია, საერთაშორისო სასამართლო ვერაფერს გააკეთებს.
დიანა ლიპარტელიანი
გაზეთი „კვირის ქრონიკა"