reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: პრემიერ ღარიბაშვილის მიმართ დაიწყება დიდი შეტევა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:23
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: პრემიერ ღარიბაშვილის მიმართ დაიწყება დიდი შეტევა!
ავტორი:
29 იანვარი, 2015. 19:23


„ალიას" ესაუბრება „უფლებადამცველთა გაერთიანების" ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე:


- „ნაციონალურ მოძრაობას" პოლიციაში თავისი დასაყრდენი ჰყავს და ესაა მათი ერთგული პოლიციელები, ეს ხალხი დიდი კონტინგენტი ნამდვილად არაა, მაგრამ არის ის რაოდენობა, რომელიც ამინდს აფუჭებს და შემდგომში გარკვეულ პრობლემებს გაუჩენს არა მხოლოდ პოლიციას, არამედ ხელისუფლებასაც. ამისი დასტურია ის ვიდეო, რომელიც პოლიციელმა, ვინმე ჯღარკავამ გადაიღო სამსახურებრივი ვიდეოთი. პოლიტიკური გარემო რომ დაიძაბა, ახლა დასჭირდათ ამის გახმოვანება, რომ ახალი მუხტი შეაგდონ სიტუაციაში. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოაგდო ეს ვიდეო, მათ გააკეთეს პირველი განცხადებები, თან ყველაზე ცინიკური ისაა, რომ ეს ვიდეო ამოაგდეს გირგვლიანის მკვლელობის დღეს, ამას დაუმატეთ ვაზაგაშვილის თემა და პლუს უპრეცედენტო რაოდენობის, ექვსი კილო კოკაინის ამოღების დღეს. სოციალური ქსელი რომ აფეთქდა და ნაციონალები ჭკუაზე რომ არ იყვნენ, ეს ჯღარკავა გაუშვეს პოლიციიდან და უნდა დაბრუნდეს უკანო, სამწუხაროდ, ამას სხვებიც აჰყვნენ, მაგრამ დაბრუნდეს კი არა, ამ ჯღარკავაზე სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, მინიმუმ სამსახურებრივ გულგრილობაზე, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, როგორ მოხვდა ეს ვიდეო სხვაგან, რა წვლილი მიუძღვის მას ამ კადრების გასაჯაროებაში და კიდევ თუ გამოიკვეთება სხვა რამეც, უფრო უნდა დაუმძიმდეს ბრალი მას. ჩემი ინფორმაციით, სხვა პოლიციელებიც, რომლებიც „დავერბოვკებული" ჰყავთ „ნაციონალურ მოძრაობას", უახლოესი დროის მანძილზე უკვე სხვა ბომბებს ააფეთქებენ.

 

- უფრო კონკრეტულად, შეგიძლიათ დამიზუსტოთ, რა სხვა ბომბებზეა ლაპარაკი?

 

- ახლავე გეტყვით. მე ადვოკატი ვარ და ვიყავი. პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, სადაც ტელევიზორს უყურებდნენ პოლიციელები გვერდით ოთახში. მოკლედ, ის დრო იყო, როცა ირაკლი ღარიბაშვილი გამოდიოდა განცხადებით და გავგიჟდი, იმნაირი შეურაცხმყოფელი ეპითეტები იყო მის მიმართ ამ ოთახში, ისეთი სიტყვები, რომ სახტად დავრჩი.


- სად იყავით, რომელ განყოფილებაზეა ლაპარაკი?

 

- არ დავასახელებ. ყველას აქვს გამოხატვის საშუალება და ეს კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ აქ საგანგაშო ისაა, რომ განწყობილება პოლიციაში ქვეყნის პირველი პირის მიმართ ასე დემონსტრაციულად უკიდურესად უარყოფითია და არც არავის ეშინოდა, რომ ვინმე ამას მოისმენდა, იქ უამრავი კამერაა და ეს ფაქტი იქ არავის ანაღვლებდა, რაც იმას მოწმობს, რომ სხვა განყოფილებებშიც ასეა, ეტყობა, ცუდი ტენდენციებია ამ რგოლში, რადგანაც თვლიან, რომ რახან მინისტრი წავიდა და თვლიან, რომ შერყეულია ღარიბაშვილის პოსტი, გარკვეულწილად მიდის კამპანია მთლიანად მის წინააღმდეგ.

 

- ეს რა კატეგორია იყო პოლიციელების, „ოპერები" იყვნენ, თუ მათი ხელმძღვანელები?


- არ ვიცი, ეს იყო კაბინეტი, სადაც იდგა ტელევიზორი და სახეებიც არ ვიცი მათი. ერთი პირობა ვიფიქრე, რომ შევიდოდი და ვიკითხავდი, პრემიერს რატომ აგინებთ, ვინ მოგცათ ამის უფლება-მეთქი, მაგრამ იქ რომ შევსულიყავი, შეიძლება, შარი აქეთ მოედოთ და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე გასულიყო ყველაფერი. იმის თქმა მინდა, რომ, როგორც 2 სექტემბერს მოხდა პროვოკაცია კინოს სახლთან, როცა შენიღბულმა პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს „ედეპეს" მიმართ და ეს იყო ნამდვილი პროვოკაცია, რადგანაც ყველამ დაადასტურა მერე ამის ჭეშმარიტება, შემდგომ ამას მოჰყვა ის, რომ დიქტატორად გამოცხადდა გამსახურდა, ეს კადრები კი უცბად აიტაცა „ევრონიუსმა" და სხვა უცხოურმა ტელეკომპანიებმა, მთელ მსოფლიოს მოსდეს და ახლაც არ გამოვრიცხავ, რომ, როგორც ეს ყუშიტაშვილის ვიდეო გამოვარდა უცებ პოლიციელების მხრიდან, ისე გახსნას ვინმემ ცეცხლი რომელიმე აქციის დროს და მერე ეს დაბრალდება ღარიბაშვილს, მის ხელისუფლებას და პრემიერი მოინათლება პირსისხლიან დიქტატორად. ამიტომ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს, გომელაურს, ასევე მოვუწოდებ გენინსპექციის ხელმძღვანელს, რომ დაიწყონ მუშაობა ამ მიმართულებით, გამოვალინონ ის ჯგუფი, რომელიც „ნაციონალების" მიერაა „დავერბოვკებული" პოლიციაში. როგორც ითქვა, სწორედ ამ დღეს აპირებდნენ ცინარიძის დაწინაურებას და ეს ამბავი ამ პროვოკაციის გამო არ მოხდა.


უნდა დაიწყოს შიდა მოკვლევები და ყველაფერი უნდა იქნას ისე გამოძიებული, რომ კითხვები არ დარჩეს. რაც შეეხება იმ ქალს, ასე რომ ალაპარაკებენ თავისუფლად, ეს მინიმუმ, მისი მხრიდან ხულიგნობაა, პოლიციას როგორც ესაუბრა, ეს კი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, როცა სამართალდამცავს აგინებ. მეც ძალიან ხშირად მიწერენ ჯარიმებს, იმდენად ხშირად, რომ ვხუმრობ, ბიუჯეტი ჩემით ხომ არ ივსება-მეთქი და მეც ვფიქრობ, რომ უმიზეზოდ ხომ არ მიწერენ ამ ჯარიმებს, მაგრამ სურვილი არ გამჩენია, რომ პოლიციელისთვის მეგინებინა და, თუ თვლი, რომ მართლაც უკანონო დაჯარიმება ხდება, მაშინ უნდა სასამართლოს მიმართო და ის გამოარკვევს, რა არის სიმართლე.

 

- ხშირად საუბრობენ და კონკრეტულად მამუკა არეშიძე დიდი ხანია აცხადებს, რომ პოლიციაში არსებობს მე-5 კოლონა, რომელიც ხელისუფლებას მტრობს და როგორ ფიქრობთ, რატომ არავინ ადებს მათ ხელს, რატომ არ იწყება წმენდა?


- კი, ნამდვილად უნდა დაწყებულიყო წმენდის პროცესი აქამდეც, დაიწყო კიდეც გარკვეული პროცესები, მაგრამ პოლიცია ისეთი სტრუქტურაა, რომ ათასობით ადამიანია დასაქმებული და შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ფიგურაა ქვეყანაში, რადგანაც შეიარაღება მის ხელშია და როგორც ვთქვი, ათასობით ადამიანის მობილიზება შეუძლია, მაგრამ თან ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ სტრუქტურაში შესაძლოა ხალხის გადაბირება. ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ აქ სხვა მომენტია: ამ წამს ყველა დაუპირისპირდა ღარიბაშვილს და ერთი რამეა ცხადი: როცა შენ ხარ კოალიციაში, მხედველობაში მყავს „რესპუბლიკელები" და „ფორუმი", ელემენტარული რამეა, რომ შიგნით უნდა გაირჩეს საკითხი. ხიდაშელი და ბერძენიშვილი ისე ომახიანად ლაპარაკობენ ნაკლოვანებებზე, როცა ხელისუფლებას უყენებენ სხვადასხვა ბრალდებას და აკრიტიკებენ, ნებისმიერ ოპოზიციონერს შეშურდებოდა მათი გამოსვლა, წასეულები არიან პრემიერზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა, რადგანაც თუ ვინმეს ჰგონია, რომ ღარიბაშვილის მოცილება ქვეყანას წაადგება, არ არის სწორი. მე პრემიერის ადვოკატი ნამდვილად ვერ ვიქნები, მაგრამ სახეზეა მის მიმართ სერიოზული რკალის შემოხაზვა, რის შემდეგ მის მიმართ დაიწყება დიდი შეტევა იმავე არასამთავრობოების, პოლიტიკური პარტიების, ექსპერტების, ოპოზიციური სპექტრისა და შიგნით კოალიციის მხრიდანაც, რამაც შეიძლება, საგანგაშო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. რადგანაც ეს კრიტიკა არ არის, ეს სერიოზული კამპანიაა ხელისუფლების შესაცვლელად.


ამის შემდეგ ვუკავშირდებით შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს. მისგან გვაინტერესებს, დადგება თუ არა სამართლებრივი საკითხი პოლიციელ ჯღარკავაზე და ეკა ყუშიტაშვილზე?


- საპატრულოს თანამშრომელი ნამდვილად არ გაგვიშვია სამსახურიდან. გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა და, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისგებას, ჯერ ინსპექციის პასუხს დაველოდებით.

 

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016