კომპანია „გალფში" ფინანსური პოლიცია შევიდა. ამ უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით გადასახადისგან თავის არიდებას გულისხმობს. როგორც „გალფის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯიბლაძემ მედიით განაცხადა, „გალფი" ფინანსურ პოლიციას აქამდე არც ერთხელ არ შეუმოწმებია. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები უკვე ერთი კვირაა, მუშაობენ. რამდენადაც საქმის კურსში ვარ, ჩვენთან ჩვეულებრივი ფინანსური შემოწმება ტარდება. წინა კვირაში დოკუმენტაცია გადავეცით და ფინანსურ საკითხებს სწავლობენ, მუშაობაში ხელი არ გვეშლებაო.
რას იკვლევს სინამდვილეში ფინანსური პოლიცია „გალფში"?
„ალია" „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" თავმჯდომარეს ბექა კემულარიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, კონკრეტულად რა სახის გადასახადების დამალვას შეიძლება ედავებოდეს „გალფს" ფინანსური პოლიცია და ამ მოტივის გარდა, სხვა მიზეზითაც ხომ არ არის გამოწვეული ფინანსურის „გალფში" შესვლა და გამოძიების დაწყება. შეგახსენებთ, კემულარიამ „ალიასთან" ინტერვიუში საწვავის უსამართლო ფასებისა და მაქინაციების სქემა არცთუ დიდი ხნის წინ გაშიფრა.
- აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფინანსური პოლიცია შევიდა „გალფში". „გალფში", ანუ „პეტროლიუმ ჯორჯია" საქართველოში ნავთობპროდუქტების ყველაზე მსხვილი შემომტანი იყო, ყველაზე მეტ საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს „გალფი" ყიდდა, თუმცა, საზღვარსა და საბაჟოზე არ იყო დაფიქსირებული, რომ ამ კომპანიას ამდენი პროდუქტი შემოჰქონდა.
- აბა, რა ხდებოდა?
- საბაჟო აფიქსირებდა „გალფის" მიერ შემოტანილი ნავთობპროდუქტების მცირე რაოდენობას, დავუშვათ, 30%-ს იმისას, რაც რეალურად შემოჰქონდა, დანარჩენი 70 % კი არსად არ ფიქსირდებოდა, არც საბაჟოზე და არც სხვაგან.
- გამოდის, რომ კონტრაბანდული ნავთობპროდუქტები შემოჰქონდა?
- კი არ გამოდის, ასეა, რადგან საბაჟოს გვერდით ავლით შემოტანილი ნებისმიერი იმპორტული საქონელი კონტრაბანდაა. მერე, ამ კონტრაბანდულ პროდუქტს ყიდდა „გალფი" და რადგან ეს ამხელა საწვავი არსად არ იყო დაფიქსირებული, არც ბიუჯეტში იხდიდა თანხებს არალეგალურად შემოტანილი საქონლის რეალიზაციიდან. გადასახადებს იხდიდა მხოლოდ იმ გაყიდული პროდუქტიდან, რომელიც ლეგალური გზით ჰქონდა შემოტანილი. სავარაუდოდ, სწორედ ეს უნდა იყოს „გალფში" ფინანსური პოლიციის შესვლის მიზეზი. თუმცა, აქვე შეგვიძლია დავსვათ კითხვა, რასაც იხდიდა, იმ გადასახადებს რამდენად კეთილსინდისიერად იხდიდა კომპანია და რომელი სახის გადასახადებს არიდებდა თავს? იმედია, ფინანსური პოლიცია ჩაგვაყენებს საქმის კურსში.
- სავარაუდოდ, რა ოდენობის თანხას უმალავდა „გალფი" ბიუჯეტს?
- 2011-2012 წლებში „გალფი" ყველაზე მსხვილი იმპორტიორი იყო და ცხადია, უზარმაზარ თანხას დამალავდა იმ სქემით, რაც მოგახსენეთ. სავარაუდოდ, მინიმუმ, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე უნდა იყოს ლაპარაკი, შესაძლოა, რამდენიმე ასეულ მილიონსაც. „გალფი" დავით კეზერაშვილის კომპანია იყო და მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ხელისუფლების ყველა დონეზე. ყველამ კარგად ვიცით, ძალადობით როგორ ჩაიგდო ხელში „სენტას", „მაგნატის", „ეკოს" და სხვა კომპანიების ბენზინგასამართი სადგურები. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ერთ მშვენიერ დღეს, ოფიციალურ მილიონერად მოგვევლინა და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ფული დავით კეზერაშვილმა უკანონო გზით იშოვა, ისევე, როგორც წინა ხელისუფლების სხვა ჩინოსნებმა. შემდეგ, ეს ფული ნავთობბიზნესში დააბანდა და სხვების ჩაძირვის ფასად, ბაზარზე ყველაზე მსხვილი მოთამაშე „გალფი" გახდა.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გალფი" რუსეთში მოღვაწე ებრაელმა ბიზნესმენმა, დავით იაკობაშვილმა იყიდა დავით კეზერაშვილისგან. თუმცა, ამ გარიგებისა ბევრს არ სჯერა, ამბობენ, რომ კეზერაშვილმა ფორმალურად გადაუფორმა წილები იაკობაშვილს და „გალფი" ისევ მისია. ამ კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა ხომ არ უკავშირდება ამ საეჭვო გარიგების დეტალების გარკვევასაც?
- ვერ გეტყვით, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გავრცელებული ინფორმაციით, იაკობაშვილმა კეზერაშვილისგან იყიდა „პეტროლიუმ ჯორჯიას" წილი, რომელიც ოფშორშიიყო დარეგისტრირებული. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ დავით იაკობაშვილი აცხადებს, კეზერაშვილისგან ეს კომპანია ვიყიდეო, ხოლო კეზერაშვილი ამბობს, იაკობაშვილს მივყიდე კომპანიაო. რეალურად რა მოხდა, რა რაოდენობის წილი იყიდა იაკობაშვილმა, საკონტროლო პაკეტი იყიდა თუ მცირე წილი კეზერაშვილისგან, ამის დამადასტურებელი არც დოკუმენტაცია დადებულა და არც ინფორმაცია. ეს გარიგება ბურუსით მოსილი დარჩა და მრვალი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს მის შესახებ.
- შესაძლოა, „გალფი" ისევ კეზერაშვილისაა?
- კი, სრულიად შესაძლებელია, მარტო განცხადებებით კომპანიები არ იყიდება, სხვა, უფრო მყარი მტკიცებულება უნდა დაიდოს ამის დასტურად - დოკუმენტები.
თუ ახლა ვიღაცა გამოთქვამს ეჭვს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური პოლიტიკური ნიშნით შევიდა „გალფში", ეს ადამიანები პირდაპირ ხალხის მტრები იქნებიან, კეზერაშვილისა და მისთანა ხალხის მყვლეფავებზე დაასხამენ წყალს, რადგან ყველას კარგად მოგვეხსენება, „გალფი", სხვა კომპანიებთან ერთად, როგორ აცლიდა ხალხს ჯიბიდან საწვავის ფულს, კარტელური გარიგებების შედეგად, საქართველოში საწვავის ფასი მონოპოლიური იყო, აქ ერთეულები მდიდრდებიან და ამის ხარჯზე, ხალხი ღარიბდება, საწვავის მაღალი ფასის გამო, ყველა პროდუქტი ძვირია. „გალფი" ერთ-ერთი მონოპოლისტი იყო და ამ მონოპოლიის სათავეში, ჩემი ინფორმაციით, 2011-2012 წლებში თავად „გალფი" და დავით კეზერაშვილი იდგნენ.
ლევან ჯავახიშვილი
გაზეთი „ალია"