საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გააჟღერა.
ქადაგიძის თქმით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ შექმნა საფრთხე, ინფლაციური პროცესი გადაიზარდოს ფასების ზრდაში.
„ამ პროცესით ძალიან ზარალობენ მოქალაქეები, ვისაც ვალდებებულები აქვს დოლარში და შემოსავლები ლარში, ლარის კურსის გაუფასურება აუარესებს მათ მდგომარეობას. მივიღეთ გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმს, ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იყოს დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში - პროფიციტური.
„იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს არის ეკონომიკაში და იმ რიცხვების და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, აუცილებელია, დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა, ანუ ახალი გეგმის გაკეთება იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც არის დღეს ქვეყანაში“, - განაცხადა ქადაგიძემ.