პოეტი ერეკლე საღლიანი თანამედროვე ეპოქაში ქართველი მამაკაცის როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღევანდელი ქართველი მამაკაცი ფუნქციაწართმეულია.
"დღეს მას ფუნქცია წაართვეს. საქართველოში გეგმაზომიერად ხდება ის, რომ ქალი, რომელიც შვილების გაზრდით უნდა იყოს დაკავებული, სამსახურშია. ისე ნუ გამიგებთ, რომ ქალი უნდა გამოვამწყვდიოთ ოთხ კედელში. ქალმა შვილები უნდა აღზარდოს, ამაზე კარგი ფუნქცია მას არ აკისრია, ამის მაგივრად დილიდან საღამომდე გარეთაა, ბავშვები კი სტიქიურად იზრდებიან დედის ყურადღებას მოკლებულნი, ამიტომ მათგან სრულყოფილი ადამიანი ვერ ჩამოყალიბდება. კაცმა ოჯახი უნდა არჩინოს, ამის მაგივრად თანხმდება ცოლი უცხოეთში გაუშვას მშიერი ოჯახის გამოსაკვებად. როცა ფუნქციები იღრევა, ცნობიერება თავისთავად დარღვეულია...
ტელევიზიებში პათოლოგიურ ფილმებს აჩვენებენ, სადაც იმის პროპაგანდაა, რომ ადამიანი მთლიანად ემორჩილება ცხოველურ ინსტინქტს, ჯანსაღ სექსს კი არა სექსის შეურაცხმყოფელ კადრებს აჩვენებენ. ასეთ დროს შიშვლდება სულიც და ხორციც. ნურავინ იფიქრებს, რომ სექსში მხოლოდ ხორციელი გრძნობაა, თუ იქ ამაღლებული გრძნობა არ დევს, მაშინ იგი ცხოველურ ურთიერთობამდე დადის...
ვერავის შევკადრებ მივუთითო ასე და ასე მოიქეცი-თქო. აღზრდაში ცოცხალი მაგალითი უფრო ჭრის, ვიდრე დარიგება.
75 წლის ერეკლე მეფე ცხენზე რომ ამხედრდებოდა და ლაშქარს წაუძღვებოდა, რამის თქმა დასჭირდებოდა? ეს იყო ყველაზე დიდი იდეოლოგია, მეფე რომ წინ გაგიძღვებოდა...
დღეს ყაზბეგი და ვაჟა რომ არ იციან, რატომ გიკვირთ? ჩვენ წიგნით ვარსებობდით, დღეს იმდენი საინფორმაციო საშუალებაა მოძალებული, საკითხავად არავის სცალია. განსხვავებულია შეხედულებებიც. ერთხელ სტალინს ჰკითხეს - რა არის სიბერეო? ,სიბერე ის არის, როცა ადამიანი კარგავს სიახლის შეგრძნებასო". სიახლის შეგრძნება არ უნდა დაკარგო, მაგრამ სიმახინჯეს რომ სიახლედ მონათლავ, ეს უკვე ამაზრზენია. ახლა ვაჟასნაირად ვეღარ დაწერ, მოვიდა გალაკტიონი და სულ სხვა ხელწერა მოიტანა. აი, რა არის სიახლე და არა ის, რასაც დღეს ცდილობენ შემოგვაჩეჩონ...", - აცხადებს პოეტი „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)