2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე იური ვაზაგაშვილის სიცოცხლის ბოლო დღეებს იხსენებს და აცხადებს, რომ ვაზაგაშვილზე ვინმეს მხრიდან მუქარა და ზეწოლა არ ყოფილა.
„ბოლო ერთი კვირა იური ძალიან კარგ ხასიათზე იყო, მადლობელი იყო პროკურორის პირველი მოადგილის ბატონი შოთაძის, რომელმაც არ ვიცი მას რა ინფორმაცია მოაწოდა, ასევე იყო მოწმის სატელეფონო ზარი. როდესაც იმ მოწმემ იური ვაზაგაშვილს დაურეკა, მე მასთან ერთად ვიყავი და იურიმ მომიყვა სიტყვა-სიტყვით, რაც უთხრა მოწმემ.
იური ბიძია, მე ახლა მუხლებზე ვდგავარ, სანთელი მიჭირავს ხელში და თქვენს წინაშე მე რა დანაშაულიც მიმიძღვის, რომ მივეცი ყალბი ჩვენება, დღეს მე მზად ვარ პროკურატურას და გამოძიებას სხვა ჩვენება მივცეო,"- იხსენებს გამცემლიძე ვაზაგაშვილის მონათხრობს, თუმცა აცხადებს, რომ მას მოწმის სახელი და გვარი არ ახსოვს.