„როდესაც ჭიკაიძე გადადგა და მან ბრძანა, რომ მე იმიტომ გადავდექი, იური ვაზაგაშვილის საქმე ცხელ კვალზე არ იქნა გახსნილიო, თითქოს მესიჯი მივიღე, რომ ეს საქმე არ გაიხსნებოდა,"- ამის შესახებ ჯამბულ გამცემლიძემ „რეაქციაში" განაცხადა და აღნიშნა, რომ პროკურატურაში დღევანდელმა შეხვედრამ მას იმედი გაუჩინა, რომ ვაზაგაშვილის საქმე გაიხსნება.
„დღევანდელმა ჩვენმა ვიზიტმა, მთავარ პროკურორთან მისვლამ იმედის ნაპერწკალი გააჩინა, რომ ამ საქმით დაინტერესებულები არიან. შვილმოკლული მამები ვართ, ვერავის მოვეფერებით და თავზე ხელს ვერ გადავუსვამთ, თუ არ იქნება მზაობა, რომ საქმეები იქნას გამოძიებული, არ ვაპირებთ არაფრის დათმობას, არც გაჩუმებას.
ჩვენ ვიხმაურეთ დანარჩენმა მშობლებმა არ იხმაურეს, ჩვენ არ შევშინდით, ვერ შეგვაშინეს. დღესაც მე არაფრის მეშინია, იმიტომ რომ ჩვენი შვილების სიკვდილმა ჩვენში სიკვდილი დათრგუნა,"- განაცხადა გამცემლიძემ.