reportiori.ge - ჰამლეტ გეგია: ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის სიმბოლო და ღირსებაა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:02
ინტერვიუ
ჰამლეტ გეგია: ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის სიმბოლო და ღირსებაა
ავტორი:
02 თებერვალი, 2015. 13:43



საქართველოს აქვს იმის რესურსი, რომ ლარის გამყარებას შეუწყოს ხელი და ეკონომიკურად გამართულ ქვეყნადაც იქცეს, თუმცა ამისთვის მთავრობის სწორად გათვლილი ეკონომიკური პოლიტიკა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებაა საჭირო.  როგორც საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია „ჯეონიუსთან" აცხადებს, საქართველო პოტენციურად ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო ლარი ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის სიმბოლო და ღირსებაა.


- ხელისუფლება მოსვლის დღიდან სამართლიანობის აღდგენას აპირებდა, რეალური ნაბიჯები აქამდე არ გადადგმულა და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები კეთდებოდა, უკვე 1 მილირდის გამოყოფაც დაიგეგმა და ეს ბიძინა ივნიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში გააჟღერა. საზოგადოების ეს დაკვეთა მთავრობისადმი იწყებს ამოქმედებას, თქვენი აზრით, გარდა ამისა, კიდევ რა უნდა გაკეთდეს მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში?


- ქართული საზოგადოების დაკვეთა მის მიერვე არჩეული მთავრობის მიმართ ძალიან მარტივია - უსაფრთხოება, ეკონომიკური პრობლემების, დასაქმებისა და სიდუხჭირის დაძლევა, სოციალური სამართლიანობის აღდგენა და ისეთი სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში ხელშეწყობა, რომელიც ნებისმიერი მის მიერვე დემოკრატიული წესებით არჩეული მთავრობის ალტერნატივაც იქნება და მონიტორინგიც. დღეს, მიუხედავად ურთულესი პრობლემებისა, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის საზოგადოებისა და სახელმწიფოს არა მარტო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არამედ მისი უსაფრთხოება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უკრაინაში სერიოზული სამხედრო ოპერციები გრძელდება და ევროკავშირმა რუსეთს უნდობლობა გამოუცხადა, სერიოზული ეკონომიკური სანქციები დაუწესა და წევრობაც შეუჩერა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, საქართველოსაც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის და საფრთხის შემცვლელია, რადგან ისტორიულად ისეთმა ქვეყანამ როგორიც რუსეთია, თუ კედელთან მიაყენებ და პოლიტიკური და ეკონომიკური ლავირების საშუალებას აღარ მისცემ, არ არის გამორიცხული, რომ მან უკუშედეგი გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, თუ რუსეთს დასაკარგი არაფერი არ ექნება, რა თქმა უნდა, არა მარტო ევროპის, უკრაინის, არამედ საქართველოსთვისაც დამატებითი საფრთხის შემცვლელი იქნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიმართ არ უნდა განხორციელდეს გარკვეული ეკონომიკური, სამართლებრივი, ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმით ზემოქმედება ცივილური მსოფლიოს მხრიდან, მაგრამ იგი უნდა იყოს სწორად გათვლილი და არავითარ შემთხვევაში გადამეტებული. რუსეთისთვის საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თავისუფალი ეკონომიკური სივრცის მშენებლობის გათვალისწინებით მისთვის ურთულესი ეკონომიკური და საერთაშორისო პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის წინაპირობაა. განსაკუთრებით დღეს, როცა უკრაინასთან მიმართებაში აწარმოებს ცივილური ქვეყნებისათვის მიუღებელ პოლიტიკას და სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შეიძლება გახდეს უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტის მოგვარების მოდელი, რომელშიც დაინტერესებული იქნებიან უკრაინისა და რუსეთის მოსახლეობასთან ერთად - საერთაშორისო საზოგადოებაც. ამის გადაწყვეტა საქართველოსთან მიმართებაში კი რუსეთის ხელისუფლებას უმოკლეს ვადებში შეუძლია. ჩემის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ამ ურთულეს პერიოდში ეძლევა რეალური შანსი, გაითვალისწინოს საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემების დინამიკა, ასევე რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა და მისცეს რუსეთის ხელისუფლებას საშუალება საქართველოსთან უსერიოზულესი პრობლემების გადაწყვეტის ფორმატში, მსოფლიოს დაანახოს, რომ იგი მზადაა მშვიდობიანი საერთაშორისო თანამშრომლობისათვის და სამხედრო კონფლიქტების ეკონომიკური და დიპლომატიური მექანიზმებით გადაწყვეტისათვის. რუსეთის ხელისუფლება დღეს დგას ურთულესი არჩევანის წინაშე, მან უნდა აირჩიოს ან ჩინეთიზაცია, ან თვითიზოლაცია ან ევროპიზაცია. ევროპიზაცია კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან უშუალოდ არის დაკავშირებული და ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ ეს პროცესი რუსეთის თვითმყოფადობას, კულტურას და ეკონომიკის განვითარებას საფრთხეს არ შეუქმნის. რუსეთი დღეს საქართველოს ანექსიაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, არამედ, პირიქით - ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით შექმნას ისტორიული პრეცედენტი, მეზობელ ერებს შორის მეგობრული, ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის, რაც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებითაც არის მიღებული. რუსეთს ომი, განსაკუთრებით მეზობლებთან, არ ჭირდება, პირიქით, რადგანაც იგი ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში და მის განვითარებას მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება.


რაც შეეხება სოციალურ უსაფრთხოებას, სამწუხაროდ, იგი არ არის მარტო განპირობებული საერთაშორისო ურთულესი მდგომარეობით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობის შიდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში მდგომარეობა გამოვასწოროთ, რაც საზოგადოების და მთავრობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრაგმატიზმი. დონ კიხოტივით ქარის წისქვილებს არ უნდა ვებრძოლოთ. აუცილებელია გავმიჯნოთ ობიექტურად დამოუკიდებელი გარემოებები, აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ჩვენს საზოგადოებას გავუჩინოთ და დავუსაბუთოდ მომავლის იმედი და ფაქტიურად ხელი შევუწყოთ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში, სიღარიბის ზღვარზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ნებისმიერი საზოგადოებისთვის უდიდესი სენის სიღარიბისა და სიღატაკის დაძლევას. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა, ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა: „ქართველები სიღარიბეს არასოდეს არ უნდა შევურიგდეთ". ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ. ვიდრე ადამიანს განსჯი, სამართლის ძებნა საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა სცოდავს, რომ ისტორიულად ვერ გაუფრთხილდნენ და ვერ უფრთხილდებიან იმ სამოთხეს და უფლის საჩუქარს, რომელიც ისტორიულად ჩვენს ერს ერგო და მის შენარჩუნებას უამრავი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. თუ ჩვენი საზოგადოება, ყოველივე ჩვენთაგანი არ გამოფხიზლდება და რეალურად არ შეხედავს და არ გაათვითცნობიერებს, თუ რა გვიშლის ხელს, ფეხზე დავდგეთ, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც გვაქვს და შეიძლება უარესიც. მცნება „იმედი" მარტო იმედი არ არის, თუ მას რეალური საფუძველი არ გააჩნია. როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას - რა ფენომენი აქვს საქართველოს ისეთი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მის ხალხს გაჭირვებიდან გამოიყვანს და მართლაც გაბრწყინდება თუ არა საქართველო? რა არის ამის საფუძველი? ნებისმიერი ანალიზი და მსჯელობა იწყება აქსიომატიკური შეთანხმებებიდან. ჩემი მოსაზრებით, სამეცნიერო კვლევებიდან, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველო პოტენციურად ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 4 მილიონს არ აჭარბებს მოსახლეობის რაოდენობა. დამტკიცებულია საერთაშორისო და ჩვენი ექსპერტების კვლევებით, რომ საქართველოს წიაღისეულის სიმდიდრე საერთაშორისო ფასებზე დაბალი გაანგარიშებითაც კი ტრილიონ ნახევარ დოლარის სიმდიდრეს ფლობს. მისი კაპიტალიზაციის-საერთაშორისო ექსპერტების შეფასების საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ეს პოტენციური სიმდიდრე რეალურ ფასიან აქტივებად ვაქციოთ, შევქმნათ სახელმწიფოს მხარდაჭერითა და ძალისხმევით სააქციო საზოგადოებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მეორე - მარტო ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც საქართველოს გააჩნია რომ გამოვიყენოთ (გავითვალისწინოთ კავკასიაში შექმნილი პრობლემები, მსოფლიო საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებები), მისი ამოქმედების შემთხვევაში ამონაგები არანაკლები იქნება, ვიდრე ჩვენი ბუნებრივი რესურსების ამოქმედების შემთხვევაში და მესამე - საქართველო თავისი ფაუნით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და ულამაზესი ქვეყანაა და მე ეს არაერთხელ მითქვამს. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მარტო ქართველების სიზარმაცეზე, არა მარტო არამოქალაქეობრივ პოზიციებზე, დაქსაქსულობაზე, არამედ მის თვითმყოფადობაზე, ინდივიდუალურ თვისებებზე, კულტურაზე, უცხო ერების მიმართ განსაკუთრებულ სტუმართმოყვარეობაზე, პატივისცემაზე. ხალხური ანდაზა „სტუმარი ღვთისაა", მარტო ქართველებისა და ძველი შუმერების ისტორიულ წყაროებში გვხვდება. ამ საკითხების გაშლა საკმაოდ დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ ჩვენს მოსახლეობას ჩვენი მთავრობა, მეცნიერები, ექსპერტები გავაგებინებთ და დავუმტკიცებთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის პატრონები ვართ და მზად ვართ ერმაც და ბერმაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ვმართოთ ქვეყანა, შედეგიც არ დააყოვნებს. ამისთვის კი საჭიროა შესაძლებლობის რეალიზაცია. მოსახლეობას უნდა გავუჩინოთ დამატებითი შემოსავალი, როგორც არის რიგ ქვეყნებში, მაშინ მოსახლეობას მარტო იმედი კი არ გაუჩნდება, არამედ თვითონ გახდება აქტიური მშენებელი „ახალი საქართველოსი" და თუ ეს დღემდე ასე არ მოხდა, ამაში ჩვენ ვართ დამნაშავეები, ყოველივე ჩვენთაგანი. საზოგადოებამ ვერ შევძელით ისეთი მთავრობის არჩევა, რომელიც არა მხოლოდ გააერთიანებს ერს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ აამოქმედებს იმ რესურსებს, რომელზედაც დღეს მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნილებაა. ყველაფერი ეს შესაძლებელია ხალხის ერთსულოვნებისა და მთავრობის პოლიტიკური ნების, სიღარიბის დაძლევის, ეროვნული ბიზნესის - მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით. საქართველოს „ეკონომიკური ნახტომის" გაკეთება, ქართული ეკონომიკური სასწაულის მოხდენა რეალურია. მე ამაზეც არაერთხელ მისაუბრია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ზემოთქმულში, დიდი სიამოვნებით გავუწევ ოპონირებას.


ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა საქართველოში სოციალური სამართლიანობის არა მარტო აღდგენა, არამედ მისი დაცვაა, არა კონსტიტუციური თვალსაზრისით, არამედ რეალურად, როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების მხრიდან. ეს ჩვენი მოქალაქეების პოზიცია უნდა გახდეს. რაც შეეხება ერთი მილიარდის გამოყოფას და დახმარებას ბიუჯეტის მხრიდან ყოფილი მთავრობის მიერ უკანონოდ, გამოძალვით, დაშინებით, პროვოკაციებით წართმეული ქონების ზარალის ანაზღაურების მიზნით მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ქართული ეროვნული წარმოების განვითარებას, მაგრამ ისმის კითხვა, ეს ხომ ბიუჯეტის ფულია, რომელსაც დასაქმებული ადამიანების გადასახადებით ვავსებთ, მაშინ როდესაც არსებობს მეორე მხარეც - ჩამორთმეული ქონების დიდი ნაწილი დღეს კერძო ფირმების და პირების ხელშია, რომლებიც დღესაც განაგრძნობენ ბიზნესში მოღვაწეობას და თუ სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, რეალურად, ეს არა ბიუჯეტიდან, არამედ იმ ადამიანების უკანონოდ მითვისებული ქონების ამოღებით უნდა დაწყებულიყო თავის დროზე.


- ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მრავალმხრივი შეფასებები მოჰყვა საზოგადოებაში, ისიც აღნიშნეს, რომ ზოგს იმედიც კი გაუცრუვდა ამ ინტერვიუს მერე. თქვენ რა პოზიტივი ნახეთ ამ სატელევიზიო ინტერვიუში?


- უპირველეს ყოვლისა მე ყურადღებას მივაქცევდი იმას რომ, საერთოდ ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ამ რთულ მდგომარეობაშიც პოზიტივის დანახვა, აღმოჩენა და მისი გათავისება. მე ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას და მოქალაქეებს მოუწოდებს, გააქტიურდნენ, გამოიჩინონ მტკიცე, შეუვალი მოქალაქეობრივი პოზიცია, განახორციელონ ეფექტური სამთავრობო მონიტორინგი კონსტრუქციულობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილმა სერიოზული ყურადღება უნდა დაუთმოს სამოქალაქო დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას და ხელშეწყობას, რომლის ძრავი, რა თქმა უნდა, აქტიურია მოქალაქე და მისი მოქმედების ორგანიზაციული ფორმები - სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია, პოლიტიკური ინსტიტუტები, პროფესიული მოძრაობები და სხვა. ამისათვის საჭიროა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, მან, თუნდაც სიტყვიერად წაახლისოს საზოგადოება, რათა შეიქმნას საზოგადოებრივი წარმომადგენლობითი ფონდები, რომლებიც ხელს შეუწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის სპექტრის წარმოჩენასა და მის დემოკრატიულ განვითარებას. ამ თვალსაზრისით ხელი შეეწყობა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური ინსტიტუტების ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, სადაც არ იქნება მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნებებისგან მართვადი და დამოკიდებული, ექსკლუზიური მფლობელობის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია საშუალებები. ყოველივე ეს კი დააბალანსებს და განავითარებს საზოგადოების პლურალიზმს და დემოკრატიულ- მოქალაქეობრივ აზროვნებას.


- ეს ყველაფერი ხომ არ არის დაგვიანებული, საიდან დავიწყოთ და როდის?


- რაც შეეხება კონკრეტულად გაწერილ პროგრამას - დღეებში, თვეებში, წლების მიხედვით არ არსებობს, გარდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფორმატისა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ და ეს ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად და გამარჯვებად მიმაჩნია, სადაც გაწერილია, რა ეტაპები უნდა გაიაროს საქართველომ, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენი გათვითცნობიერებული მოქალაქეებითა და მოსახლეობით. თუმცა სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ამ ხელშეკრულების განმარტებები და მნიშვნელობები მედია საშუალებებით ნაკლებად შუქდება და ჩვენი აუდიტორია განებივრებული არ არის მისი შინაარსით, რომელიც ძალიან საინტერესოა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიდრე ჩვენ ევროკავშირამდე მივალთ და ასოცირების ხელშეკრულების რესურსების ათვისებას დავიწყებთ, გარკვეული გზა და დრო არის საჭირო. ნათქვამია, „ვიდრე პეტრე მოვიდაო, პავლეს ტყავი გააძრესო" , ამ სიბრძნიდან გამომდინარე დღეს საკითხი დგას არა იმაზე, თუ რა იქნება 5-10 და ათეული წლების განმავლობაში, არამედ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, ხვალ რომ უარესი არ მოხდეს. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვიტყვი - ყველაფერი იწყება და მთავრდება ჩვენი მოქალაქეების აქტიურობიდან გამომდინარე და მთავარი კონკრეტული მოკლევადიანი ეკონომიკური პროგრამების და საზოგადოებრივი მიზნების თანხვედრით, არა მარტო გაჭირვებული ადამიანების დახმარებით და საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, არამედ ლარის გამყარებითაც. ლარი დაიბადა საქართველოს ისტორიის ურთულეს პერიოდში და ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის სიმბოლო და ღირსებაა.


ლარის ვარდნის პროცესი და გონივრული ზღვარის დაწესება, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სავალუტო ბაზართან არის დაკავშირებული, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს და შეიძლება გადამწყვეტიც შიდა ბაზარზე ფასების ზრდის შეჩერებას ლართან მიმართებაში. მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა, ექსპერტებმა, მედიამ და ბიზნესმენებმა, ვისაც შეუძლია ამ პროცესზე გავლენის მოხდენა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა არ მოხდეს ლარის დევალვაცია და საზოგადოების დესტაბილიზაცია.




(წყარო: geonews.ge, დათო ქაქუთია)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016