reportiori.ge - „ვაფრთხილებ ყველა მოქალაქეს, თუ მსგავსი რამ მოხდება, აკრიფონ გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი – 126 და მიაწოდონ ინფორმაცია“ - ქსკლუზიური ინტერვიუ შს მინისტრთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 00:27
ინტერვიუ
„ვაფრთხილებ ყველა მოქალაქეს, თუ მსგავსი რამ მოხდება, აკრიფონ გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი – 126 და მიაწოდონ ინფორმაცია“ - ქსკლუზიური ინტერვიუ შს მინისტრთან
ავტორი:
02 თებერვალი, 2015. 20:17


„ოცნების" ხელისუფლების პირველი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. ამ პოსტზე ტესტი მან წარმატებით ჩააბარა. მისი მინისტრობის პერიოდს უკავშირდება პოლიციის დეპოლიტიზება, ფართომასშტაბიანი ამნისტია, სააკაშვილის რეჟიმის მიერ უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი 144 აუდიო და ვიდეოფაილის განადგურება... მეორე მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის ვანდალური მკვლელობის შემდეგ გადადგა. ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრების ჩამონათვალში ყველაზე უბოროტო პოლიციელის სახელით შევა.


„ქართული ოცნების" ხელისუფლების რიგით მესამე შს მინისტრი ვახტანგ გომელაურია. საძიებო სისტემა მასზე კომპრომატებს არ ძებნის. ინფორმაცია მის შესახებ, ფაქტობრივად, არ იძებნება... მინისტრი „კვირის ქრონიკას" ექსკლუზიურ ინტერვიუზე თანხმდება. რაც მისი გარემოცვიდან გავიგე, არის ის, რომ ვახტანგ გომელაური თავისი საქმის პროფესიონალია.


ოფიციალური ინფორმაცია: დაბადების თარიღი და ადგილი: 24 დეკემბერი, 1975 წ. ქ. თბილისი. განათლება: 2001 წ. - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია. პროფესიული გამოცდილება: 2015 წლიდან - შინაგან საქმეთა მინისტრი; 2013-2014 - შს მინისტრის მოადგილე; 2013 წლამდე - პრემიერ-მინისტრ - ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის მოადგილე. 2002 წ. - შსს დაცვის პოლიცია; 1994 წ. - სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.


ქონებრივი დეკლარაცია: მინისტრს აღნიშნული დეკლარაცია გასული წლის 27 მაისს აქვს შევსებული, როცა ის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გომელაური თბილისში, ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში 64.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. მის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს კი, ამავე კორპუსში 88.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა აქვს.



ვინ არის ვახტანგ გომელაური? - ამ კითხვით ვიწყებ მინისტრთან ინტერვიუს.



- ჩემი გვარი ხევსურეთიდან მოდის, მაგრამ ჩემი წინაპრები კახეთში ჩამოსახლდნენ. დავიბადე და გავიზარდე თბილისში ჯერ ავლაბარში ვცხოვრობდი, შემდეგ - ვარკეთილში. 179-ე სკოლა დავამთავრე, ჩავაბარე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში, სპორტსმენი, ძიუდოისტი ვიყავი.


- როგორ აღმოჩნდით ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში?


- 2004 წელს ვმუშაობდი დაცვის სპეციალურ სამსახურში. ჩემი სამეგობროდან, ბევრი მაღალი დონის პროფესიონალი მუშაობდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან უსაფრთხოების სამსახურში. რეკომენდაცია მათ გამიწიეს.

 

- თქვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის უცნობია, რომ აშშ-ში გავლილი გაქვთ გადამზადების კურსები, ეს პროფესია რატომ აირჩიეთ?


- ამერიკაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ვიყავი, ჩემს ბიოგრაფიაში ბევრი რამ არ წერია, არ ჩავთვალე საჭიროდ, გავლილი მაქვს სნაიპერის კურსები. რატომ ავირჩიე დაცვის სპეციალური სამსახური? საინტერესო პროფესიაა, რომელიც ბევრ ჩვევას გიმუშავებს. თუ შენ არ ხარ გაწონასწორებული, ვერ გახდები პროფესიონალი. სიღრმეებში რომ ჩავიდეთ, გეტყვით, რომ შეიძლება ადამიანი სხვაზე მაგრად ისროდეს, მაგრამ, თუ მოთმინების უნარი არ გაქვს, პროფესიონალი ვერ გახდები. ამისთვის მხოლოდ კარგად სროლა არ არის საკმარისი. გარდა კარგი მსროლელისა, პროფესიონალს უნდა ჰქონდეს ინტელექტი, ამერიკელები სწორედ ასე არჩევენ კადრებს.


- ანტიტერორისტულ სპეცოპერაციებში მონაწილეობა თუ მიგიღიათ?


- რამდენიმე ოპერაციაში მაქვს მიღებული მონაწილეობა.


- გაგვაცანით თქვენი ოჯახი.


- მყავს მეუღლე და ორი შვილი, 18 წლის გოგო და 11 წლის ბიჭი. ჩემი მეუღლე ამჟამად დიასახლისია, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ამ სპეციალობით არასდროს უმუშავია.


- სულ რამდენჯერ იყავით შეყვარებული?


- გატაცებას თუ არ ჩავთვლით, სერიოზულად ერთხელ მიყვარდა და ისიც ჩემი მეუღლეა. რამდენიმე წელი გვიყვარდა ერთმანეთი.

 

- თქვენი დეკლარაცია რომ ვნახე, განსაკუთრებული ქონებით არ გამოირჩევით, კრედიტიც გაქვთ აღებული, ქონება შეიძინეთ?


- მცირე კრედიტი მქონდა, დიდი ქონება იმ კრედიტით არ შემიძენია...


- რა საინტერესოა, მინისტრობიდან ერთიწლის თავზე თქვენი ქონება რამდენით გაიზრდება?


- (იღიმის) თქვენი ვალია, გადაამოწმოთ თანამდებობის პირთა დეკლარაცია, მაგრამ გპირდებით, რომ ჩემი ქონება იქნება გამჭვირვალე, რადგან დასამალი არაფერი მაქვს!

 

- ძნელია, იყო მსოფლიოს მილიარდერთა 300-კაციან სიაში შემავალი ქართველი მილიარდერის დაცვა? ბიძინა ივანიშვილს ეშინია მოსალოდნელი საფრთხეების?


- არა... მასთან მუშაობა ძალიან საინტერესო და ამავე დროს კომფორტია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენ არ აღგვიქვამდა, როგორც მის დაცვას, ოჯახის წევრებივით ვიყავით. როგორც საკუთარ შვილებს აძლევდა შენიშვნას, ასევე შეეძლო მოეცა ჩვენთვისაც შენიშვნა. მე რომ მეგონა, რაღაც ვიცოდი, ამ ადამიანთან ურთიერთობისას ბევრი რამ შევიძინე და ვისწავლე. თუნდაც ურთიერთობების ხელოვნება, ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.


- 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა და ამერიკელებმა მისი დაცვა გააძლიერეს. ნაცრეჟიმმა მისი დაცვის განიარაღების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ივანიშვილის ლიკვიდაციის ეჭვი გაამყარა. შეგიძლიათ დღეს ამ თემაზე ღიად ისაუბროთ?


- როცა გავიგეთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, მივიღეთ ინფორმაცია, მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ. ჩვენც მივმართავდით შესაბამის ღონისძიებებს და დაცვა გავაძლიერეთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე დაიბარეს დაცვის პოლიციაში და უთხრეს, რომ დაცვის წევრებს იარაღი ჩაგვებარებინა. როცა მიზეზი ვიკითხეთ, გვიპასუხეს, რომ იარაღი ბალისტიკაზე უნდა შეემოწმებინათ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ჩაგვაბარებინეს და პისტოლეტების ამარა დაგვტოვეს ამ ადამიანთან. რა თქმა უნდა, ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ბევრ საფრთხეს გვიქმნიდნენ, ახდენდნენ ესკორტზე ზეწოლას, გვიხერგავდნენ მაქანებს და ა.შ თუნდაც ის ფაქტი, რომ არჩევნების წინ ჩვენი ესკორტი პატრულმა გააჩერა და თითქმის ნახევარი საათი დაგვაყოვნა. ესკორტის გაჩერება მოხდა აბსოლუტურად უმიზეზოდ. მაშინ ჩვენ ყოველ წუთას ცუდის მოლოდინში ვიყავით და ბატონ ბიძინას ვთხოვეთ, მანქანიდან არ გადმოსულიყო, მაგრამ ის მაინც გადმოვიდა და პატრულს უხსნიდა, - არ ხართ მართლები, ნუ ემსახურებით კონკრეტულ ადამიანებს, ემსახურეთ ხალხს და აკეთეთ თქვენი საქმეო. კადრებშიც ჩანს, რომ უმიზეზოდ გაგვაჩერეს, პოლიციელები გაჩერების სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ, ამიტომ იყო, ბატონმა ანზორმა პატრულს რომ მიმართა, ერთ აზრზე მაინც ჩამოყალიბდითო. რეგიონებშიც იყო საფრთხეები, გზებს გვიკეტავდნენ, მიტინგების ჩაშლას ცდილობდნენ, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს.


- როცა უკვე „ბრონირებული" მინებით დაიწყო მიტინგების ჩატარება, რა იყო ამის მიზეზი, რა ინფორმაცია გქონდათ?


- როგორც გითხარით, 1994 წლიდან პოლიციაში დავიწყე მუშაობა, ჩემი თაობიდან ბევრი მუშაობდა სისტემაში, რამდენჯერმე იყო საუბარი ტერაქტზე და ეს ინფორმაციები ჩვენამდე მოდიოდა. შესაბამისად, ჩვენ გავატარეთ პრევენციული ზომები, როცა გადავწყვიტეთ, „ბრონირებული" მინა დაგვემონტაჟებინა ტრიბუნაზე.


- როცა ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი გაიტაცეს და მას ე.წ. აღიარებითი ჩვენება ჩამოართვეს, ამას წინ მუქარა უძღოდა? იყო თუ არა ეს მინიშნება, რომ შეიძლებოდა უფრო სერიოზული რამ მომხდარიყო თქვენს წინააღმდეგაც?


- ეს ფაქტი ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო, ამას არავინ ველოდით. ერთი ოჯახის წევრებივით ვიყავით, დაცვის ჯგუფში ქუჩიდან მოხვედრილი ადამიანი არ არსებობდა, ყველა იყო პროფესიონალი. შეიძლება ამ ადამიანმა თავისი ცხოვრების გზიდან გადაუხვია, კომპრომატი შეუქმნეს და დააშანტაჟეს. ჩვენზეც ხდებოდა ზეწოლები, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა, ვინ რისი გამკეთებელი იყო. თავს არ ვიქებ, მაგრამ, როცა იცი, რომ სუფთა ხარ, ვერანაირ კომპრომატს ვერ დაგიდებენ. აქედან გამომდინარე, არც მეშინოდა. არჩევნები გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო, არ ვიცი, მერე რა მოხდებოდა. არავინ რომ არ გვაპატიებდა და გაგვანადგურებდნენ, ამის შესახებ ინფორმაციები მოგვდიოდა. თუ იმის შესაძლებლობას მოგვცემდნენ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, მადლობლები უნდა ვყოფილიყავით. მერწმუნეთ, ქვეყანაში ძალიან ცუდი რამ მოხდებოდა, ბატონ ბიძინას რომ არ გაემარჯვა ხალხთან ერთად.


- ბატონ ბიძინასთან მუშაობის დროს თქვენი პროფესია გამოგიყენებიათ?


- რა თქმა უნდა, ჩემი პროფესია ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომების გატარებას. კუთხის გათვლა, თუ სად უნდა განთავსებულიყო ტრიბუნა, თუ ჩვენ ვგრძნობდით საფრთხეს, ვარჩევდით სხვა კუთხეს... 100%-ით ამერიკის პრეზიდენტის სიცოცხლეც არ არის დაცული. ადამიანი, რომელსაც იცავ, არ არსებობს, 100%-იანი იყოს დაცული. ვინც ამას ამბობს, რომ ობიექტი 100%-ით არის დაცული, ის არაპროფესიონალია.


- შეგიძლიათ, ამოიცნოთ პოტენციური დამნაშავე?


- ეს ცოტა რთული თემაა, ფსიქოლოგიასთან მივყავართ. მაგრამ ჩემი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ადამიანი, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მეტ-ნაკლებად ღელავს, ან თუ მას გადაწყვეტილი აქვს, რომ რაიმე კრიმინალური ჩაიდინოს, ამას მისი სახის გამომეტყველებიდან, ქცევიდან, გამოხედვიდან, საუბრის მანერიდან ვხვდები.

 

- ბიძინა ივანიშვილის გულწრფელობამ ხალხი დააბნია, თქვენთან თუ იყო გულწრფელი, გესაუბრებოდათ თავის გაკეთებულ საქმეებზე?


- ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ბიძინა ივანიშვილს ამდენი კეთილი საქმე ჰქონდა გაკეთებული, ეს ყველაფერი იმ წიგნში წავიკითხე, რომელიც გამოიცა. მას არ უყვარს ასეთ საქმეებზე ლაპარაკი და არ უყვარს, როცა მის გაკეთებულ საქმეებზე მადლობის უხდიან. როცა ვიღაც მადლობას ეუბნება, თავს გაიქნევს და ამბობს, - არაფერი მომხდარა, დაივიწყეთ, ნუ მიხდით მადლობას... ის ყოველთვის ამბობდა, არ თქვათ, რომ ეს მე გავაკეთე, ამიტომაც იყო, ესა თუ ის გაკეთებული საქმე ხან ვის „ჰბრალდებოდა" და ხან - ვის (იცინის)...

 

- თქვენთან საუბარში თუ უთქვამს, რა არის მისთვის ყველაზე დიდი მონაპოვარი?


- ის საუბარში ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მას ჰყავს საუკეთესო ოჯახი და ეს არის მისი ყველაზე დიდი მონაპოვარი. მას უყვარს თავისი ოჯახი და თავისი სამშობლო. ამ ადამიანმა თავი გაწირა, მისი და საკუთარი ოჯახის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენა. თუ მას გაანადგურებდნენ, დამთავრებული იყო ბრძოლა, საქმეს ვინ გააგრძელებდა?! ქალბატონმა ეკამ გააკეთა განცხადება, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა. ის გახლავთ ძალიან პრინციპული ქალბატონი. კაცმა, რომელსაც შეუძლია, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში წავიდეს და უპრობლემოდ იცხოვროს, გადაწყვიტა თავისი რესურსი სამშობლოს მოახმაროს, იმიტომ, რომ მას თავისი ქვეყანა ძალიან უყვარს!


- ღარიბაშვილმა შეძლო, შსს-ს დეპოლიტიზება მოეხდინა, ჭიკაიძემ უბოროტო  პოლიციელის სახე შექმნა, თქვენ როგორი პოლიციელი იქნებით? 42 ათასი პოლიციელი გაბარიათ, ამ სისტემიდან დღემდე ჟონავს ინფორმაციები. მართალია,  რომ თქვენ მოითხოვეთ იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში, თუნდაც ირიბად მონაწილეობდნენ და ასევე მათი, ვისაც „ნაცმოძრაობასთან" აქვს  კავშირი. აპირებთ, რომ საკადრო წმენდა განახორციელოთ?


- რა თქმა უნდა, ვიქნები ძალიან პრინციპული, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, ვინც ისეთ ინფორმაციას გაიტანს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს. ჩვენ არ გვინდა, რომ კონკრეტულ პიროვნებაზე იყოს აგებული სამინისტრო, სისტემაზე უნდა იყოს აწყობილი სტრუქტურა. ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ხელმძღვანელი პირის შეცვლა, მე არ ვამბობ, რომ ეს ხალხი მოწინააღმდეგე ბანაკზე მუშაობდა, ვთვლიდი, რომ ეს ადამიანები ამ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყვნენ, ვთვლიდი, რომ ვერ ამართლებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. ვაპირებ უმნიშვნელო ცვლილებებს ხელმძღვანელი პირების. რა თქმა უნდა, კონტროლი მიდის, გეთანხმებით, რომ ინფორმაციის გადინება რაღაც დოზით ხდებოდა, სხვადასხვა თემებში გენერალური ინსპექციაა ჩართული, გამოიძიებენ და დაისჯებიან ის თანამშრომლები, ვინც კანონი დაარღვია.

 

- ადასტურებთ ინფორმაციას, რომ თქვენ მოითხოვეთ კონკრეტულ ადამიანთა სია, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში თუნდაც ირიბად მონაწილეობდნენ და ვისაც კავშირი აქვთ „ნაცმოძრაობასთან"?


- მიმდინარეობს გამოძიება, მე ბრალს ვერავის დავდებ, თუნდაც  ვაზაგაშვილის საქმე ავიღოთ. თუ ვინმეს მიმართ ბრალი გამოიკვეთება, მის მიმართ კანონი აღსრულდება. ბრალს უყენებს პროკურატურა, ეჭვის დონეზე, ჩვენ რომ ადამიანები სამსახურიდან გავათავისუფლოთ, სწორი არ იქნება. ბატონმა იური ვაზაგაშვილმა დაასახელა რამდენიმე პირი და კატეგორიულად ითხოვდა, სამსახურიდან მათ დაუყოვნებლივ განთავისუფლებას. მათ გვარებს უკვე აღარ გავიმეორებ, უკვე ყველამ იცის. მოხდა მათი სამსახურებიდან განთავისუფლება, დანარჩენების შემთხვევაში, თუკი პროკურატურა გამოკვეთს, რომ ისინი არიან დამნაშავენი, ყველა დაისჯება. თუ ადამიანს ბრალი არ მიუძღვის და ვიღაცამ ბატონ იურის არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რომ ესა თუ ის პიროვნება სპეცოპერაციის დროს იქ იმყოფებოდა, იმ ავბედით დღეს ბევრი ადამიანი იმყოფებოდა იქ და ყველას ვერ დასჯი. მაგრამ ის ადამიანი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, დანაშაული დაფარა და პროკურატურა დაუმტკიცებს ამ დანაშაულს, მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის და სად მუშაობს, დაისჯება. ჩვენ შვილები გვეზრდებიან და დამნაშავეებს ხელი არ უნდა დააფარო.

 

- იური ვაზაგაშვილს პრეტენზია ჰქონდა, რომ მისი შვილის სპეცოპერაციაში მონაწილეები „ოცნების" ხელისუფლებამ დააწინაურა, 2006 წლის 2 მაისის უკანონო სპეცოპერაციის გვერდიდან მაყურებელი პოლიციელები თანამდებობებზე არ უნდა დანიშნულიყვნენო...


- ბატონ იურის დიდ პატივს ვცემდი და შეხვედრილიც ვარ, მტერს არ ვუსურვებ, რაც მას დაემართა, როცა მისი შვილი ჩაცხრილეს. ხოლო ბატონი იურის საზარელი მკვლელობა ყველასთვის შოკი იყო. ბატონი იური უფრო ადრე ელოდა მისი შვილის საქმის გამოძიებას, პროკურატურა ამაზე მუშაობდა. ისიც კი  დაგვაბრალეს, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება შს სამინისტრომ დაიწყო და შემდეგ პროკურატურამ წაიღო, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. თავიდანვე პროკურატურამ დაიწყო საქმის ძიება.

 

- თქვენ თქვით, თუკი დადასტურდა, რომ იური ვაზაგაშვილის მიერ მოწოდებული სიიდან პოლიციელთა ნაწილი უდანაშაულოა, მათ სისტემაში დავტოვებთო, რამაც საზოგადოების გაკვირვება გამოიწვია...


- თუ პროკურატურა დაადგენს, რომ მათ ბრალი არ მიუძღვით და მაინც დავსჯით, ჩვენც დამნაშავეები არ გამოვდივართ?!


- 27 იანვარს, გირგვლიანის გარდაცვალების დღეს, „ნაცმოძრაობამ" გამოაგდო საპატრულო პოლიციელისა და მოქალაქის ვიდეო. ეს არის საიდუმლო ინფორმაცია და როგორ აღმოჩნდა „ნაციონალების" ხელში?


- რა თქმა უნდა, ეს ჩანაწერი არ უნდა მოხვედრილიყო არც ოპოზიციისა და  არც პოზიციის ხელში, ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება. პატრულის კამერა მოქალაქესთან საუბარს იღებს პრევენციის მიზნით, რომ პრეტენზიის შემთხვევაში, მოქალაქეს ჩანაწერი აჩვენონ. გენერალური ინსპექცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი „ნაცმოძრაობის" ხელში, უწყებიდან ვინ გაიტანა ჩანაწერი.

 

- „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქალბატონს შეეწირა პატრული, ჯღარკავა  სწორედ მისი მოთხოვნით განთავისუფლდა  სამსახურიდან.


- ასეთი რამ არ მომხდარა, პარალელი მინდა გავავლო ბორჯომის თემასთან, ეს ფაქტი მოხდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინათ და „ნაციონალებმა" დაასახელეს, თითქოს ფირზე იყო ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილი. ეს იყო ტყუილი, არის მისი მოსახელე და მოგვარე ზურაბ ბერიკაშვილი, რომელიც სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილეა, წლებია, რაც იქ მუშაობს. ის ბორჯომიდან მოდიოდა, დაურეკეს, რომ ბავშვმა ფეხი მოიტეხა, თვითონ იყო ნასვამი, საჭესთან ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა დასვა, ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა მართვის მოწმობა, გააჩერა პატრულმა და მართვის მოწმობის არქონის გამო უწერდა ჯარიმას. რაც იქ მოხდა, მერე იმაზე პატრულმა სწორი რეაგირება გააკეთა და წაიყვანეს განყოფილებაში. დაუწერეს ჯარიმა და გამოუშვეს. ახლა ნახეთ, რა ინტერპრეტაცია მისცეს ამას „ნაციონალებმა", თითქოს  პატრული გაათავისუფლეს იმის გამო სამსახურიდან, რომ ზურაბ ბერიკაშვილს ჯარიმა გამოუწერა. ის დააკავა ორმა თანამშრომელმა, აქედან ერთ-ერთი მალევე დაწინაურდა, ხოლო მეორემ მომხდარიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა სამსახური. სად არის ლოგიკა, თუ ერთს უშვებენ, მეორეს რატომ აწინაურებენ? და არც იმ ქალბატონის გულისთვის არ გაუთავისუფლებიათ პატრული სამსახურიდან.

 

- ბატონო ვახტანგ, რამდენჯერმე პატრულმა რომ გამაჩერა, უცნაური შეთავაზება გამოიკეთა, „ზევით" თუ ვინმე გყავს, დარეკეო... ეს მხოლოდ ჩემ  შემთხვევაში არ მომხდარა... ეს რამე ახალი წესია?


- რა თქმა უნდა, ასეთი რამ არ შეიძლება, ახლა ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მეუბნებით და მინდა, ერთ რამეს გავუსვა ხაზი. როცა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა შს მინისტრი, სამ თვეში მეც შს სამინისტროში დავინიშნე მოადგილედ. ბატონმა ირაკლიმ თითოეული ჩვენგანი გააფრთხილა, რომ გავიგო, საპატრულო სამსახურის უფროსს ურეკავთ იმის გამო, რომ თქვენი ახლობელი დააკავეს ნასვამ მდგომარეობაში და სთხოვთ მის გაშვებას, ჩათვალეთ, იმ დღიდან სამსახურში აღარ ხართ და გირჩევნიათ, თქვენი ხელით დაწეროთ განცხადებაო. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ირაკლის, როგორ შეიძლება, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი პატრულს ეუხეშება, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს. ყველას ვაფრთხილებ, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. თუ ასეთ საკითხებში ვინმეს დარღვევა გამოიკვეთება, ყველა დაისჯება. მე ვაპირებ, შევხვდე საპატრულო სამსახურს და ვუთხრა, თუ დააკავებენ ადამიანს, რომელიც იქნება ნასვამი, ან დაარღვევს საგზაო წესებს და დამრღვევის განთავისუფლებას მოითხოვს რომელიმე მაღალი რანგის ჩინოვნიკი, ვინც არ უნდა იყოს ის, უმკაცრესად დაისჯება. ვაფრთხილებ ყველა მოქალაქეს, თუ მსგავსი რამ მოხდება, დარეკონ გენინსპექციაში. აკრიფონ გენინსპექციის ცხელი ხაზის ნომერი - 126 და მიაწოდონ ინფორმაცია.


 

- იყო საუბარი, რომ დავით ცინარიძეს უნდა დაეკავებინა პირველი მოადგილის პოსტი და ამ სკანდალის შემდეგ, შეწყდა მაზე საუბარი. რეალურია?


- არა, ეს არ არის რეალური ინფორმაცია. ვინ განიხილება პირველ მოადგილედ, ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით, ჯერჯერობით ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, არის კანდიდატურები, მაგრამ მათ ვინაობას  ჯერ ვერ დავასახელებ.

 

- გადაჰყვება თუ არა სკანდალურ საქმეს საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელი დავით ცინარიძე?


- ამ საქმეს გენერალური ინსპექცია იძიებს და ზომებსაც იმის მიხედვით გავატარებთ, ვისი ბრალიც გამოიკვეთება.


- სად წავა ალექსანდრე ჭიკაიძე, იქნება თუ არა მისი ადგილი ამ უწყებაში?



- პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს, სად დაინიშნება ალექსანდრე ჭიკაიძე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ.


- ვრცელდება ინფორმაცია, რომ გურიისა და აჭარის სამხარეო პოლიციის უფროსები შეიცვლებიან...


- ამ მიმართულებით ჯერჯერობით ლაპარაკი ნაადრევია. თუ დავინახავ, რომ ესა თუ ის ადამიანი ვერ ერგება თანამდებობას, შეიძლება განვახორციელო საკადრო გადაადგილებები.


- აპირებთ თუ არა კრიმინალთან ბრძოლის გამკაცრებას?

 

- ჩვენ ვატარებდით რეგულარულ შემოწმებებს, ვერ ვიტყვით, რომ კრიმინალი აღარ იქნება, მაშინ არც პოლიცია აღარ იარსებებს. ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებშიც კი ხდება კრიმინალი, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ კრიმინალი შევამციროთ.


- გაგრძელდება თუ არა შს სამინისტროს რეფორმა და როდის აპირებთ, შს სამინისტროს გამოეყოს უშიშროების სამსახური?

 

- რა თქმა უნდა, რეფორმები გაგრძელდება. ვფიქრობ, შს სამინისტროს უშიშროების სამსახურიდან გამოყოფა აუცილებელია, ვიდრე ამ ორი დიდი უწყების ერთ სამინისტროში გაერთიანება.

 

- ბატონო ვახტანგ, თქვენს ხელშია მოსმენების გასაღები, რას ჰპირდებით მოქალაქეებს, როგორ იქნება მათი უსაფრთხოება დაცული, რომ არ გაჟონოს პერსონალურმა ინფორმაციამ?


- რა თქმა უნდა, ჩვენ განვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებებს. უკვე ვმუშაობთ ამ საკითხებზე, რათა ადვილად ვერ მოხდეს ჩანაწერის გაკეთება და მისი გარეთ გატანა, ასევე ვერ მოხდება ჩანაწერის ამოღება შესაბამისი სამსახურის ნებართვის გარეშე.

 

- როგორც კი მინისტრად დაინიშნეთ, პირველი, რაც გააკეთეთ, დაჭრილი პოლიციელები მოინახულეთ. ეს დადებითად შეაფასა ოპოზიციამ, თუმცა „ნაციონალები" აცხადებენ, რომ პოლიციელებს დაბალ ხელფასს უხდიან, „ნაცების" დროს გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავსო.


- (იცინის) 2012 წლის არჩევნების დროს პოლიციაში წააგო „ნაცმოძრაობამ". ამას პოლიტიკურ განცხადებად ნუ ჩამითვლით. ის განწყობა, თითქოს ვიღაცა მათ მისტირის, ასე არ არის. პოლიცია უნდა ემსახუროს არა ირაკლი ღარიბაშვილს და ვახტანგ გომელაურს, არამედ საკუთარ ქვეყანას. თუ ხელმძღვანელი უკანონო ბრძანებას დაავალებს, თანამშრომელმა ის უნდა გააპროტესტოს. როცა ბატონი ირაკლი შს მინისტრად დაინიშნა, ძალიან ბევრ პოლიციელს სახელფასო დანამატი მიეცა, პრემიები დაურიგდათ. მე დიდი დანაყოფი მებარა და მეუბნებოდნენ, რომ მათ პრემია თვალით არ უნახავთ, მათ გაუუმჯობესდათ პირობები. თუნდაც საზღვრის დაცვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, სად ჰყავდათ პოლიციელები. იყო ასეთი საგუშაგო - „ერის იმედი", რომ გენახათ, რა პირობებში ცხოვრობდნენ, გული დაგეწვებოდათ, კარვებში ცხოვრობდნენ. სწორედ ჩვენ გავაკეთეთ სერიოზული შენობები, მათ ხელფასები მოემატათ. თქვენ ახსენეთ დაჭრილი თანამშრომლის მონახულება, მე ყველაზე შემტკივა გული. ძალიან კარგად მახსოვს, როცა უწყებაში ვმუშაობდი, რამხელა სტიმულია, როცა მინისტრი ყურადღებით გეპყრობა. მე ყველა საფეხური გამოვიარე და ვიცი, რას ნიშნავს, როცა უწყებას კარგი ხელმძღვანელი ჰყავს, თითოეული თანამშრომლის ფასი ვიცი და პატივს ვცემ მათ შრომას.


- ალექსანდრე ჭიკაიძემ „ალიასთან" ინტერვიუში თავის დროზე განაცხადა, რომ კონკრეტული ჯგუფები, რომლის უკანაც დგას „ნაცმოძრაობა", სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავენო. ჩვენ ვისმენთ სააკაშვილის განცხადებას, რომ ის 2015 წელს დაბრუნდება საქართველოში და ხელისუფლებაში არჩევნების გარეშე მოვა. ცნობილია, რომ „ნაცმოძრაობას" უკრაინაში შტაბი აქვს შექმნილი და „ნაციონალების" გეგმაა, პირველ რიგში, პოლიციელების დემორალიზაცია მოხდეს, რომ მიზანს მარტივად მიაღწიონ...

 

- როცა ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს განცხადება გააკეთა, რა თქმა უნდა, იყო ოპერატიული ინფორმაცია, ახლაც არის ინფორმაციები, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მოხდება, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, რათა ინვესტიციები შემოვიდეს. ახლა გახლდით რიგაში ვიზიტად, ვიზა ლიბერალიზაციისთვის საკითხზე, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები მქონდა, შევხვდი ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს და ისინი გვიცხადებენ დიდ მხარდაჭერას. ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რადგან ეს იქნება ჩვენი ქვეყნის სერიოზული უკანდახევა. ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვევს იმ მონაპოვრის დაკარგვას, რასაც ჰქვია ევროკავშირისკენ სწრაფვა. „ნაცმოძრაობა", თავისი განცხადებებით, ხალხს აღიზიანებს. ჯერ იყო, შემოდგომაზე მოდიოდნენ, ახლა გაზაფხულზე გადაიტანეს, ზაფხულში ისვენებენ და მერე იტყვიან, შემოდგომაზე მოვდივართო და ა.შ. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რაღაცის გაფუჭება უნდათ. სამწუხაროდ, ქვეყანაზე არ ფიქრობენ.


- თქვენს უკრაინელ კოლეგასთან ურთიერთობა როგორ წარმოგიდგენიათ? თეა წულუკიანს უკრაინის იუსტიციის მინისტრმა უარი უთხრა კიევში ვიზიტზე...


- ეს ინფორმაცია ვინ გააჟღერა?

 

- პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის  მოადგილემ ზურაბ კვაჭანტირაძემ. სხვათა შორის, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პოროშენკოს შორის მძიმე საუბარი შედგა და ამიტომ უკრაინაში პრემიერის ვიზიტი ჩაიშალაო.

 

- მე და ქალბატონი თეა ერთად ვიყავით ვიზიტით ლატვიაში. ჩემს გვერდით  იდგა უკრაინის იუსტიციის მინისტრი, ის ჩვეულებრივად შეგვხვდა, ქალბატონ თეას ესაუბრა. დეტალები არ ვიცი, მათ ერთმანეთთან რაზე ისაუბრეს. რაც შეეხება ჩემს უკრაინელ კოლეგას, ჩვენ ახლა ჩვეულებრივად ვურთიერთობთ, სამინისტროებს შორის ინფორმაციები იცვლება, როგორც აქამდე ვმუშაობდით, ისე ვაგრძელებთ. პრემიერის ვიზიტზე ვერაფერს გეტყვით...

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016