„ლადო ათანელი, მოგონებები ნოველებად" - მანანა ჩიქოვანი-ათანელის ავტორობით „პლანეტის ერთ-ერთი ჰეროიკული, მრგვალი, მეტად ლამაზი, ხავერდოვანი ბარიტონის" შემოქმედებისა და კარიერული აღმასვლის შესახებ წიგნი გამოიცა.
წიგნში ლადო ათანელის მეგობრები და კოლეგები მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქართველი ოპერის მომღერლის ცხოვრებისეულ დეტალებს აღწერენ. მოგონებების ავტორი, რომელიც ნოველების სახით არის წარმოდგენილი გივი სიხარულიძეა.
„ლადო ათანელი წარმოუდგენელი ძალის მქონე ბარიტონია, რომლის ხმის სიმები ალბათ ისე გამოიყურება, როგორც არნოლდ შვარცენეგერის მუსკულატურა",- ახასიათებენ მეგობრები ათანელს.
„ბედნიერი ვარ, განგების ძალით, ლადო ათანელის გვერდით ვიმყოფები და შესაძლებლობა მაქვს, ფოტოებსა და ვიდეოზე აღვბეჭდო, მომავალ თაობებს შემოვუნახო ლადოს განუმეორებელი შემოქმედება",- წერს იდეისა და პროექტის ავტორი მანანა ჩიქოვანი-ათანელი.
ლადო ათანელის მიერ ოსტატურად გადმოცემული ცალკეული ეპიზოდებითა და მოგონებებით მომღერალი წარმოჩინდება როგორც თავის ქვეყანაზე უსაზღვროდ შეყვარებული კაცი, დიდი პატრიოტი, იუმორით აღსავსე, სხარტი გონებისა და მოყვასის სიყვარულით გულგამთბარი ადამიანი- არაჩვეულებრივი სამყაროს შემოქმედი, რომელიც ასე იზიდავს ყველას უშუალობით, ორიგინალურობითა და განუზომელი პიროვნული ხიბლით.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)