reportiori.ge - გოგა ხაინდრავა: დედას გიტირებთო, პირდაპირ ასეთი ტექსტით ელაპარაკებოდნენ და ხელებს უბრახუნებდნენ მაგიდაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:26
ინტერვიუ
გოგა ხაინდრავა: დედას გიტირებთო, პირდაპირ ასეთი ტექსტით ელაპარაკებოდნენ და ხელებს უბრახუნებდნენ მაგიდაზე
ავტორი:
04 თებერვალი, 2015. 16:54

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ კუბოში მინიმუმ 200 ლურსმანი ჩაეჭედება... „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური კუბოს ფიცრების დამჭედებელი კინოდოკუმენტალისტი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, „დემოკრატიის შუქურას" შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას" მრავალსერიიანი პოლიტიკურ-მხატვრული ფილმის გადაღებით, საბოლოოდ გააცილებს ბოროტების სიმბოლოს პოლიტიკურ საიქიოში...


რატომ შეარჩიეს რეჟისორად გოგა ხაინდრავა? ვინ ითამაშებს მიხეილ სააკაშვილის როლს? რატომ დაერია ასოებს, რაც გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებს? რატომ ჩავიდა ირანში და იყო თუ არა დამთხვევა ლევან გაჩეჩილაძის, გოგა ხაინდრავასა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი თეირანში?


„ალიას" კითხვებს გოგა ხაინდრავა პასუხობს:


- ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ 200-სერიიან მხატვრულ ფილმს „ნაცმოძრაობაზე" დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ვის ეკუთვნის ამ ფილმის იდეა?


- ვინც ბატონ ბიძინას ამ ინტერვიუს უყურებდა, მიხვდებოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იდგა ამ იდეის სათავეში, ამ თემაზე ბატონ ბიძინასთან ერთი თვის წინ მქონდა საუბარი და ფილმის გადაღებაზე წინადადება შემომთავაზა „ჯიდიეს"-მა.


- 2004 წლის თებერვლიდან 2006 წლის ივლისამდე იყავით სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. თქვენი მინისტრობის პერიოდს თუ ასახავთ ფილმში?

 

- რა თქმა უნდა, როგორც იყო, ისე... შეიძლება მე თვითონ განვასახიერო საკუთარი თავი. ეს იქნება წმინდა წყლის მხატვრული ფილმი, რომელიც გადმოიტანს აზრს, სულს, ხშირ შემთხვევაში იმ ბოროტ სულს, მაგრამ ამავდროულად მარტო ცუდი არ ხდებოდა, დაწყებული გლდანის ციხიდან, გროტესკით დამთავრებული, ამ ფილმში ყველაფერი იქნება ნაჩვენები. ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად, ძალიან საინტერესო სამუშაოა.


- ვინ ითამაშებს მიხეილ სააკაშვილის როლს? ვრცელდება ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტის როლი, მიშას პაროდისტს ქართლოს ნატროშვილს შესთავაზეთ და ფინანსური დაინტერესების მიუხედავად, უარი უთქვამს, ეს მართალია?


- ვინ არის ქართლოს ნატროშვილი? მე ასეთს არ ვიცნობ და აბა, როგორ შევთავაზებდი? ახლა უამრავი ჭორ-მართალი ითქმება, სააკაშვილის როლის შემსრულებელზე ჯერ არ გვიფიქრია.


- ბიძინა ივანიშვილი ასევე აპირებს მისი ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას და დოკუმენტური ფილმის გადაღებას...


- ამას სხვა ჯგუფი აკეთებს, რომელიც ასევე „ჯიდიეს"-ზე გავა.


- ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი შვილივით უყვარს. როგორ ფიქრობთ, მას გაწირავს? ღიად განაცხადა, რომ ღარიბაშვილი რამდენჯერმე გააფრთხილა, ნათესავებს ერიდე, პრობლემებს შეგიქმნიანო... შედეგიც ვნახეთ, ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა ივანიშვილის კადრებმა ჩაანაცვლა...


- მე ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი გააფრთხილა ივანიშვილმა, რომ ამან მანკიერი ფორმა არ მიიღოს. შეიძლება ამის წინაპირობა შეიქმნა, რომელიც ირაკლიმ  იცის და მე - არა...


- ექსპრემიერმა ღარიბაშვილი გააკრიტიკა საკადრო პოლიტიკის გამო. თქვენი აზრით, ივანიშვილის გზავნილი რას ემსახურება?


- ექსპერტებისგან მესმის ასეთი პრეტენზია, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სისტემა არ გამოიცვალა, სისტემა ჩვენი საზოგადოებაა და სისტემის გამოცვლა ჩვენი საზოგადოების გამოცვლას ნიშნავს. როგორ წარმოუდგენიათ სისტემის გამოცვლა? მაგალითად, შევდივართ პროკურატურაში, რომელიც თავიდან ბოლომდე სააკაშვილს ემსახურებოდა. ყველა დამნაშავეა, ვინც უკანონობას სჩადიოდა და ისიც, ვინც ამას ითმენდა. მაშინ, მთელი საქართველო უნდა გამოგვეცვალა. იმ ადამიანებს რა ვუყოთ, ვინც 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველზე იდგნენ და „გამარჯვებას" ზეიმობდნენ ყველაზე სამარცხვინო დამარცხების შემდეგ. 150 სოფელი, ტერიტორიის 25 პროცენტი დავკარგეთ, სამარცხვინოდ გამოიქგამოიქცა იქიდან ქვეყნის მთავარსარდალი, დაგვეხოცა უამრავი ახალგაზრდა. რაც იყო მაშინ, ამ რეალობას ჩემს ფილმში ვაჩვენებ, მაგრამ მე გეკითხებით, რა ვუყოთ ამ ხალხს, რომელიც ომში დამარცხებას სამარცხვინოდ ზეიმობდა? თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მოიგონა სიტყვა „კოჰაბიტაცია", ან ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან ცდებით. საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულეს ძალიან მნიშვნელოვანმა საერთაშორისო ძალებმა, აშშ-ს ადმინისტრაციამ კი პირდაპირ უთხრა, - ხელი არ ახლოთ „ნაციონალებს", თორემ ხელებს დაგამტვრევთ, შიმშილით მოგკლავთ, ვერც ევროპაში შეხვალთ და ვერც ვერაფერს გააკეთებთ, დედას გიტირებთო, პირდაპირ ასეთი ტექსტით ელაპარაკებოდნენ და ხელებს უბრახუნებდნენ მაგიდაზე. თქვენ თუ გგონიათ, უკრაინელი ხალხის ოცნება იყო, რომ დამნაშავე, წითელი ცირკულარით ძებნილი ადეიშვილი იყოს უკრაინის ხელისუფლების კონსულტანტი, ძალიან ცდებით. ამის უკანაც პოლიტიკური კონიუნქტურა და ის ბნელი ძალები დგანან, რომელიც შლის დღეს უკრაინას. ვიღაცას ძალიან სჭირდება ისეთი პროვოკატორები, როგორიც არის სააკაშვილი, მანამდე საქართველოში სჭირდებოდათ, დღეს კი ეს ავანტიურისტი სააკაშვილი უკრაინაში ამერიკასაც სჭირდება და რუსეთსაც, ორივესთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. პრაქტიკულად, აპირისპირებს უკრაინასა და საქართველოს, ყველაფერს აკეთებს, რომ დაანგრიოს ჩვენი ურთიერთობა, პროვოკატორის როლს თამაშობს და პროვოკატორები იქ უნდათ, სადაც ომი სჭირდებათ, ისევე როგორც თავის დროზე საქართველოში დასჭირდათ ეს ომი. გიჟის გარდა, შეიძლება, რომ მაგას ვინმე აჰყვეს?!. მთელი „ნაციონალური მოძრაობა" ჯგუფურად ცდილობს, ომში ჩაგვითრიოს. ეს არის ტერორისტებისა და ბოროტმოქმედების ორგანიზაცია. მათი ერთადერთი მიზანია, დაწვას და დაბუგოს ეს ქვეყანა, მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა და ბნელი ვნებები დაიკმაყოფილოს, ეს ხომ ნათელია. ამის მიუხედავად, ყოველი ახალი ამბები, ყოველი გადაცემა ტელევიზიებში  „ნაციონალებით" იწყება და „ნაციონალებით" მთავრდება. ეს არის დაავადმყოფებული პატარა წრე, ყოველდღე დიდი დოზით შხამს აფრქვევენ ქართველ საზოგადოებას, რომ სული მოუწამლონ!


- თქვენ საინტერესო განცხადება გააკეთეთ, დასავლეთის გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოს ხელისუფლებას მაგიდაზე მუშტი დაუბრახუნა და დაემუქრა, - თუკი კოჰაბიტაციაში არ იქნებით „ნაცმოძრაობასთან", დედას გიტირებთო... მათ შეუძლიათ ხელისუფლების შეცვლაც. ფიქრობთ, რომ ეს ძალები ამუშავდებიან „ნაციონალების" სასარგებლოდ მით უფრო, მაშინ, როცა, არსებული ინფორმაციით, ეს ძალა საქართველოს ხელისუფლებით კმაყოფილი არ არის...


- ასეთი დემოკრატიული ხელისუფლება და ქვეყანა, როგორიც დღეს არის, ძალიან ცოტაა. თქვენ გახსოვთ ისეთი მთავრობა, რომელსაც საკუთარი ტელევიზია  არ ჰქონოდა? რა, არ შეეძლოთ, რომ ჰქონოდათ? ეს იყო პრემიერმინისტრობის დროს ბიძინა ივანიშვილის პრინციპული პოზიცია, დღეს ყველა მხრიდან დაუცველია ხელისუფლება, ყველა ტელევიზია მას ურტყამს. ნებისმიერი შეტევის დროს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას და მინისტრები პოსტს ტოვებენ, თქვენ გინახავთ, რომ საზოგადოების კარნახით მინისტრის გადადგომა კი არა, საქართველოში რამე მომხდარიყო?!. იმიტომ იყო მთელი ეს უბედურება და გაუთავებლად ქუჩაში დგომა, ხელისუფლება საზოგადოებას არ უსმენდა. იური ვაზაგაშვილის ამაზრზენი მკვლელობის შემდეგ, შს მინისტრი გადადგა, მე გამაკვირვა ჭიკაიძის ამ ნაბიჯმა.


- თქვენ ფიქრობთ, რომ ჭიკაიძემ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მის გადაყენებაში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერია? ვაზაგაშვილის მკვლელობამდე სამი დღით ადრე, ბატონი იური ბიძინას სტუმრობდა და მისი შვილის მკვლელობის მონაწილეთა სია, რომლებიც შს სამინისტროში თანამდებობებს იკავებდნენ, მან გადასცა.

 

- როცა ადამიანი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას იღებს, უთანხმებს თავის კოლეგებს. მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რატომ უნდა ჩარეულიყო მის გადადგომაში? ის, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას მართავს, ეს არის ფარჩაკების თემა. თურმე ალასანიამ წამოსვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან მართავს ხელისუფლებას. ხელისუფლებაში რომ იყო, რატომ არ ლაპარაკობდა, მაშინ არ მართავდა კულისებიდან?.. ამათ ჰგონიათ, რომ მათ სამზარეულოში ხდება მსოფლიო პოლიტიკა, იმდენი თანამდებობები ჰქონდათ, რომ წევრები აკლდათ. პრესცენტრის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილედ დანიშნა ალასანიამ, მძღოლი _ განყოფილების უფროსად, რაღა არ ქნეს... ბოლოს ქუჩაში გამვლელებს ეძებდნენ, ხელისუფლებაში დაენიშნათ თავისი პარტიის სახელით. შე დალოცვილო, თუ კულისებიდან მართავდა ივანიშვილი პოლიტიკას, აქამდე რატომ არ უთხარი ქართველ საზოგადოებას, რატომ ატყუებდი? ირაკლი ალასანია ვალდებულია, გვითხრას კულისებიდან მართვის, ზეწოლის კონკრეტული ფაქტები. აგერ არის თქვენი გაზეთი, გამობრძანდნენ და თქვან, თუ ასეთი ფაქტი იქნება, ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ, სხვანაირად ამას ჰქვია პოლიტიკური საბოტაჟი, ეს არის ბრძოლა კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც უკვე გადაიზარდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. კეთილი ინებონ და პასუხი გაგვცენ ამ კითხვებზე, თუ არადა, რა ფარჩაკებიც იყვნენ, აი, ისეთი ფარჩაკები დარჩებიან ბოლომდე.


- ბატონო გოგა, მე გკითხეთ დასავლეთის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ ხელისუფლებას მაინცდამაინც სერიოზულად არ აღიქვამენ და კმაყოფილები არ არიან, კონკრეტული ძალები ცდილობენ ალტერნატიული ძალის შექმნას, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს.


- დასავლეთში მიდის მიზანმიმართული ხერხვა იმ ხის, რომელზეც ჩვენ ვსხედვართ. რაც უნდათ, ის დამიძახონ, სულ ფეხებზე მკიდია, ყველამ კარგად იცის, ვინ ვარ, 60 წლის ვხდები ამ წელს და ამ საზოგადოებაში თვითდამკვიდრება აღარ მჭირდება. არც მაამებელი ვყოფილვარ ხელისუფლების და არც ახლა ვაპირებ, მაგრამ ყველას ვეკითხები, ხვალ დილას რომ გავიღვიძოთ და ვნახოთ, ივანიშვილი არ არის საქართველოში, რომელია ის პოლიტიკური პარტია, რომელიც თავის თავზე აიღებს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობას?.. „ალიას" საშუალებით ვთავაზობთ ყველას გამობრძანდნენ და თქვან მთელი ქართველი საზოგადოების წინაშე, რომ ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის მომავალზე, მე დაველოდები მათ პასუხს.


- ნინო ბურჯანაძე აცხადებს მზაობას, აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე.


- ამას ცარიელი სიტყვები კი არა, არგუმენტაცია სჭირდება. მერე ვილაპარაკებთ, ერთი ვინ რისი პასუხისმგებლობის ამღებია... ჩვენ არ გვაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის" აზრი, მშვენივრად ვიცით რა პასუხისმგებლობა აიღეს და რისი გამკეთებლები არიან, იგივე ეხება ალასანიას, მის მიმართ არსებობს სერიოზული კითხვები და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მას არა მარტო პროკურატურაში, არამედ ჩვენს წინაშეც მოუწევს. მე ვეკითხები ალასანიას, იყო კორუფციაში ჩართული, თუ არა. ველოდები ამ გამოძიების დამთავრებას, სადაც შემხვდება პირადად ვკითხავ, - ჩემო ირაკლი, იყავი კორუფციაში ჩართული, მსოფლიო კონიუნქტურაზე ამოფარება არ გამოგივა. ესენი ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, ქართული პოლიტიკის ბედი აქ წყდება და არა იქ, დასავლეთში, და საერთოდაც, არ მესმის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებასა და კომენტარს ქართული ტელევიზიები, აშშ-ს ელჩს რატომ სთხოვენ? რით ვერ გაიგეთ, რომ ჩვენი ბედი აქ წყდება და არჩევანს ქართველი ხალხი აკეთებს?!


- ბიძინა ივანიშვილმა გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციები,  კონკრეტული გვარები ჩამოთვალა და განაცხადა, რომ დაინტერესებულია მათი საქმიანობის შესწავლით. ჩვენ ვნახეთ, ამას რა ვნებათაღელვა მოჰყვა, კონკრეტულად რას აპირებს?


- თმები ყალყზე დამიდგა, რომ ვნახე, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რა დაფინანსებას იღებენ, ლაპარაკია ათეულობით მილიონობით დოლარზე, თუნდაც შვედეთისგან. მე მაინტერესებს, რისთვის იღებდნენ ამ ფულს და შედეგი რა არის? მე არ ვმონაწილეობ იმ კვლევებში, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა, მე ჩემი კვლევა მაქვს, თქვენ მოგეხსენებათ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის კარლ ბილდტის საქმიანობას ვსწავლობ. კარლ ბილდტი არის პოლიტიკური კორუფციონერი, სადაც არა მხოლოდ სააკაშვილი იყო ჩართული, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, გიგაური, ლომჯარია, კოჟორიძე. ბატონი ბილდტი განაგებდა განვითარების სააგენტოს „სიდა"-ს, რომელსაც ძალიან დიდი ბიუჯეტი აქვს სიღარიბის დაძლევისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. როგორც შვედური პრესა იტყობინება, 2006 წლიდან ეს ურთიერთობა საქართველოსთან განსაკუთრებით აქტიური გახდა. შვედეთის ბიუჯეტის ფული, რომელიც განსაზღვრული უნდა ყოფილიყო საქართველოში სიღარიბის დაძლევისთვის, ირიცხებოდა „ენ-დი-აი"-ში და ევრაზიის ფონდში. ამ ორგანიზაციების მეშვეობით ეს ფული ნაწილდებოდა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებში. ეს თანხები არის დახარჯული არამიზნობრივად. აღმოჩნდა, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მილიონობით დოლარიგამოეყო სიღარიბის დაძლევისთვის განსაზღვრული თანხებიდან. ამას ადასტურებს თავად „სიდა"-ს დოკუმენტი.თანხები ირიცხებოდა სულ სამ ორგანიზაციაში - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". სიღარიბის დაძლევისთვის ბიუჯეტის ფული მოდის საქართველოში, თუმცა ეს ბიუჯეტი იხარჯება იმ ინტერესების განსახორციელებლად, რომლებიც გააჩნიათ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს, იმ ძალებს, რომლებიც კორუფციონერ ქართველ ყოფილ მაღალჩინოსნებს ნიშნავენ უკრაინაში. ეს არის დიდი პოლიტიკური კორუფცია. შვედური პრესა დეტალურად წერს, როგორ გაიფლანგა 95 მილიონი შვედური კრონი საქართველოში და სად მიდიოდა ეს ფული. მაგალითად, არჩევნების წინ „ენ-დი-აი"-ში, ნავაროსთან მიდიოდაფული გაყალბებულ მონაცემებში, სადაც იწერებოდა, რომ სააკაშვილს ჰქონდა ყველაზე მაღალი რეიტინგი. ამ საკითხზე შვედეთში სერიოზული სკანდალია და სასამართლო პროცესი იწყება, კვალი კი კარლ ბილდტთან მიდის.


- თქვენი აზრით, გაუთავებლად რატომ უპირისპირდება ივანიშვილი პრეზიდენტს, რომელიც ხალხმა სწორედ რომ მისი ხათრით აირჩია?


- არ ვიცი, ეს ექსპრემიერს უნდა ჰკითხოთ, ასეთი პირდაპირი კაცი და სიმართლის მთქმელი, როგორიც ივანიშვილია, ძალიან ცოტა ვიცი, რასაც ფიქრობს, იმას ამბობს. არის საკითხები, რომელშიც არც მე ვეთანხმები პრეზიდენტ მარგველაშვილს, ჩემთვის გაუგებარია ვეტოები... მე გიორგის ვაცლავ ჰაველსაც კი ვადარებდი, მისი დიდი პროპაგანდისტი ვიყავი, მე ვირჩევდი პრეზიდენტს, რომელიც იქნებოდა დამამშვიდებელი, აღმოჩნდა, რომ დაპირისპირებაში არის ხელისუფლების ერთ-ერთ შტოსთან. ჩემდა გასაკვირად, არ ვიცი, ამას რატომ აკეთებს. კოჟორიძის მრჩევლად მიყვანა, ეს არის გამოწვევა პირადად ჩემთვის. კოჟორიძე რომ მოგყავს, ე.ი. შენ, მე, როგორც უახლეს გარემოცვას, გვერდით მწევ. თუ იმისთვის მოხვედი, რომ ვიღაც მოწიო და ვიღაც გაწიო, მაშინ ისეთივე პრეზიდენტი იყავი, როგორებიც აქამდე გვყავდა, მაგრამ მე სხვანაირი პრეზიდენტი მინდა და იმედი მაქვს, რომ გიორგი მარგველაშვილს ამის პოტენციალი აქვს და შეძლებს, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი პრობლემა აქვს გარემოცვის.


- ირანში თქვენს ვიზიტს სკანდალური განცხადებები მოჰყვა, სოციალურ ქსელში გნიასი არ წყდებოდა მით უფრო მაშინ, როცა თქვენ და ლევან გაჩეჩილაძე დაგინახეს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად. რა მიზნით იყავით ჩასული?

 

- მე და ლევან გაჩეჩილაძე ვიზიტით ირანში ერთად არ ვყოფილვართ, მეტიც, სხვადასხვა გზით მოვხვდით ირანში. მე ვიღებ დოკუმენტურ ფილმს, ამის შესახებ თქვენ იცით, მოსკოვშიც გახლდით და ჩავწერე პრიმაკოვი, ირანში კი ინტერვიუ მქონდა რაფსაჯანისთან, ძალიან იშვიათად ხდება, როცა რაფსაჯანი ინტერვიუს იძლევა. მე განზრახ დავამთხვიე ირანში ჩასვლა დავით უსუფაშვილის ვიზიტს, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული. ბუნებრივია, ამ ვიზიტის გარეშე რაფსაჯანისთან ჩემი მოხვედრა იქნებოდა ძალიან რთული. რაც შეეხება ლევანს, ის ირანში თავის საქმეზე იყო ჩასული.


ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016