reportiori.ge - თამაზ წივწივაძე: ივანიშვილის მეორედ მოსვლისა რა გითხრათ, მაგრამ პირველად რომ არ წასულიყო, გაცილებით ჯობდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:22
ინტერვიუ
თამაზ წივწივაძე: ივანიშვილის მეორედ მოსვლისა რა გითხრათ, მაგრამ პირველად რომ არ წასულიყო, გაცილებით ჯობდა!
ავტორი:
06 თებერვალი, 2015. 12:52


 

 

ვესაუბრებით სახელოვან ქართველ პუბლიცისტსა და კრიტიკოსს, მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტსა და გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარ რედაქტორს თამაზ წივწივაძეს.

 

- ბატონო თამაზ, ბუნებრივია, ჩვენი საუბარი იური ვაზაგაშვილის საზარელი მკვლელობის თემით უნდა დავიწყოთ. ვის კვალს ხედავთ თქვენ ამ ტერორისტულ აქტში და ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?

 

- კაცობრიობის ისტორიამ მსხვერპლის ადგილზე მიტყუების ათასნაირი ხერხი იცის, მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, მამას შვილის საფლავზე დადარაჯებოდნენ და იქვე შინაური ფრინველივით დაეკლათ!


- დედა, რა იყო ეს! - იყვირებდა ამის შემხედვარე ჭაბუა ამირეჯიბის რომანის პერსონაჟი ნიკანდრო ქილია!


არც დათა თუთაშხიას მისცემდა საშველს ამაზე ფიქრი - „რამ მოაფიქრებინათ ეს?!"


ერთი სიტყვით, როგორც გალაკტიონი იტყოდა, ჯერარსმენილი და ჯერარნახული ამბავი მოხდა საქართველოში, ჯაბა ბატონო!


კვალიც ორი მიმართულებით მიდის! - ერთის ბოლოში ნაციონალები დგანან, მეორეში - იმ ძალისმიერი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებმაც უმცროსი ვაზაგაშვილი ამ რამდენიმე წლის წინათ „კორტებთან" დახვრიტეს!


შუაში კიდევ ჩვენ ვდგავართ, ძვირფასო მეგობარო, ანუ ჩვენი ქვეყნის პატიოსანი მოქალაქენი, რომელთაც თითი-თითზე არ დაგვიკარებია ამ ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად!


ნეტა, ჩვენს ძვირფას ხელისუფლებასაც სად ეძინა ამდენ ხანს? ამათ რომ მაინც ედევნებინათ თვალი სამართლიანობის აღდგენისთვის, უფროსი ვაზაგაშვილი დღესაც ცოცხალი გვეყოლებოდა!


- როგორ ფიქრობთ, ცხონებული იური ვაზაგაშვილის სიკვდილი მაინც თუ გახდება იმის საწინდარი, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუქცევადი გახდეს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს „ნაცმოძრაობის" ნარჩენებისგან და კანონის უზენაესობამ იზეიმოს?

 

- გადაჭარბების გარეშე ვამბობ: მარტო ვაზაგაშვილის მკვლელობა კი არა, ნახევარი საქართველო ერთ დღესაც რომ გაწყვიტონ, ამ ხელისუფლებას სამართლიანობის აღსადგენად მაინც ვერ გაახელებ!


კი ბატონო, მე მჯერა, რომ ამათაც უნდათ, სამართალმა პური რომ ჭამოს, მაგრამ ყველაფერს მაინც ის ურჩევნიათ, თვითონ იყნენ მაძღრები!


და, ამის გარდა, იმისაც ეშინიათ, „დასავლეთმა" შერჩევით სამართლიანობაში არ დაგვადანაშაულოსო!


მშიშარა ხალხისა და მშიშარა მთავრობის გაკეთეული საქმე კი, მე ჯერ არსად მინახავს!


თუმცა, ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში დიდხანს ვერ გაგრძელდება: „ან „მეოცნებეებმა" უნდა აიღონ ხელში სახელმწიფოს მართვის ბერკეტები, ან - „ნაციონალებმა"!


ხოლო ეს ის შემთხვევაა, როცა „ივანიშვილის ხალხს" არ უჭირს არჩევანის თავის სასარგებლოდ გაკეთება!


ბაგირს ახლაც სათავისოდ გადაქაჩავენ!

 

- ძალიან საინტერესოა, როგორია თქვენი პოზიცია სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ჩინოვნიკების უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკავშირებით?

 

- ყოველ ასეთ კონკრეტულ შემთხვევაში სინანულის გრძნობა მეუფლება!


მართალი გითხრათ, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ეს ამხელა უკრაინა ზოგი ქართველი შარლატანისა და აფერისტის ხელში ჩავარდნილა! რასაკვირველია, ჩვენი ცხრუკვეთელი ცრუ-ბიჭის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით!


ამ პოროშენკოს ტვინი სულ აღარ აქვს?!


ამ ამბების შემხედვარეს, ხანდახან მეჩვენება, რომ ჩვენი მთავრობის ყოფილი წევრები უკრაინის ახალ ხელისუფლებაში ისე გამოიყურებიან, თითქოს მეორადი მოხმარების ტანსაცმელს ხედავდე - ალაგ-ალაგ გაცვეთილსა და ალაგ-ალაგ ფერდაკარგულს!

 

- სააკაშვილი ამ ბოლო დროს აშკარად გადიდგულებულია და საქართველოში დაბრუნებით იმუქრება. როგორ ფიქრობთ, ნაცები შეძლებენ რევანშის განხორციელებას და ხელისუფლებაში დაბრუნებას?


- იყოს მერე გადიდგულებული! სააკაშვილმა ერთბაშად ყურებზე ხახვი არ დაგვაჭრას!


ან კიდევ: რა ხელისუფლებაში დაბრუნება და რის ხელისუფლებაში დაბრუნება - ესენი ასე ერთად და ასე ფეხაწყობილად მხოლოდ ჯანდაბაში დაბრუნდებიან!


უკაცრავად, ძვირფასო მკითხველო, ჯანდაბაში კი არა, ჯანდარაში - სოფელია თბილისის მახლობლად!


სულ ცოტას ვამბობ: როგორც დუქნის დათვს ვერ გამოსტაცებ დრუნჩზე მიყუდებულ ლიმონათის ბოთლს, რომ იცოდეთ, ასევე გაჭირდება „მეოცნებეებისთვის" ქვეყნის მართვის სადავეების წართმევა!

 

- ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ხმები ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით. როგორია თქვენი პოზიცია, ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში?

 

- ივანიშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას, სხვებს რომ თავი დავანებოთ, თავისიანებიც შეუშლიან ხელს - გაუტკბათ ბიჭებს ცხოვრება და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება უნდათ?!


ეს ბატონმა ბიძინამაც კარგად იცის და ამიტომ იყო, თავის მეორედ მოსვლა ხელისუფლებაში, ქრისტეს მეორედ მოსვლას რომ შეადარა!


ივანიშვილის მეორედ მოსვლისა რა გითხრათ, მაგრამ პირველად რომ არ წასულიყო, გაცილებით ჯობდა!


მითუმეტეს, როგორ უჭირს ამ საპატიო მილიარდერს კადრების შერჩევა: ბატონმა ბიძინამ რომ პარლამენტისა და მთავრობის წევრები დაგვიტოვა, ასეთები „პაჭკა" ხუთი შაური ღირდა გუშინწინ დეზერტირების ბაზარში!


აწი, სამწუხაროდ, არც მის მოსვლას აქვს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა და არც წასვლას!

 

- ბატონო თამაზ, თქვენ გაზეთის ფურცლებიდან ხშირად აძლევდით რჩევებს პრეზიდენტ შევარდნაძეს, ცდილობდით, სააკაშვილისთვისაც შეგეგონებინათ და შეგესმინათ რამე, მაგრამ ამაოდ. რას იტყოდით და რა რჩევებს მისცემდით ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს?


- სატრაბახოდ - არა, მაგრამ ისე სხვა დროსაც მითქვამს, რომ ფუტოროლოგის რაღაც ნიჭით მართლაც ვყავარ მამაზეციერს დაჯილდოებული!

ქვეყანამ იცის, თავის დროზე ბატონ შევარდნაძეს რომ ვუწინასწარმეტყველე - მისივე გამოზრდილი ლეკვები რომ შეჭამდნენ მგელი ტოტიასავით!


სხვა შემთხვევაშიც ყოფილა, ერთ-ერთზე რომ ამხდარა ჩემი ნათქვმი!


კი ბატონო, შევარდნაძე ბრძენი კაცი იყო და მასთან არასდროს მიჭირდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა!


ახლანდელ ხელისუფალთ რაც შეეხებათ, ჯერ ერთი, ესენი - ივანიშვილი და ღარიბაშვილი - ის ხალხი არაა, მე რომ მომისმინონ და, მერე მეორე, არც ჩემგან ჭკუის დასარიგებელი სჭირთ რაიმე!


თუმცა, კიდევ რომ სჭირდეთ, იუკადრისებენ!

 

- ბოლო დროს ქართულ პრესაში მოხშირდა პრემიერის სანათესავოს წინააღმდეგ მიმართული სტატიები. ყველაზე ხშირად ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის წინააღმდეგ აქვეყნებენ მაკომპრომეტირებელ მასალებს. როგორც ვიცი, ბატონ თამაზ თამაზაშვილს წლებია იცნობთ და საინტერესო იქნებოდა თქვენი შეხმიანება მასთან, ანუ რას ეტყვის თამაზი თამაზს?

 

- მე თამაზაშვილს იმდროიდან ვიცნობდი, როცა ის ჯერ კიდევ „ჩვეულებრივი" ადამიანი იყო და არა - ღარიბაშვილის სიმამრი! გულწრფელად ვამბობ: კარგი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ვახლობლობდით კიდეც!


ახლა რას აშავებს, აღარაფერი ვიცი, მაგრამ მაინც შევეხმიანები ჩემს სახელოვან სეხნიას: „თამაზი, შენ რომ სიძე შეარცხვინო, არ იქნება ლამაზი!.."


კიდევ რა ვუთხრა?! სიძე-სიმამრის საქმეში მეტს ვეღარ ჩავერევი - როგორც დათა თუთაშხია იტყოდა: „არაა ჩემი საქმე ეს!..."

 

- როგორ ფიქრობთ, შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამოსავალი არის თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?

 

- ოო, ეს ნამდვილად ჩემი საქმეა და, მინდა, ხელისუფლება გავაფრთხილო!


ბატონებო! არცთუ ისე შორეულ მომავალში, იქამდე, ალბათ, სულ რამდენიმე თვეა დარჩენილი, ქვეყანაში ისეთი არეულობა დაიწყება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში! (მე ხომ ზემოთ გითხარით, წინასწარმეტყველის ნიჭით ვყავარ დაჯილდოებული მამაზეციერს-მეთქი?).


ამიტომ დამიჯერეთ, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია!


მიაქციეთ ყურადღება! - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და, არაფერი სხვა!


მოსწყინდა, ბოლოს და ბოლოს, ხალხს „მეოცნებე" დავით საგანელიძისა და გივია თარგამაძის ყურება! - მითუმეტეს, რომ ამ უკანასკნელს პირი ყოველთვის გამოღებულ უჯრასავით აქვს დაბჩენილი!


ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016