კანადაში ევთანაზია დაშვებულად გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას „იტარ-ტასი" ავრცელებს. კანადის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ექიმებს აქვთ უფლება, დაეხმარონ პაციენტს, რომელიც მძიმე და განუკურნებელი დაავადებით იქნება დაავადებული. აღნიშნული გადაწყვეტილება ცხრა მოსამართლემ ერთხმად მიიღო.
სასამართლოს დადგენილებით, მძიმე პაციენტებმა, რომლებსაც სიცოცხლის სურვილი აღარ ექნებათ, ევთანაზიაზე წერილობითი თანხმობა უნდა განაცხადონ.
მოსამართლეების თქმით, ევთანაზიის აკრძალვის არსებული კანონი „ზედმეტად არღვევს" სიცოცხლის უფლებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას.
სასამართლოს დადგენილებით, მთავრობამ 12 თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს და მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც განსაზღვრავს ევთანაზიის გამოყენების ნორმებს.
დღეისათვის ევთანაზია ნებადართულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ჰოლანდიასა და ბელგიაში.