reportiori.ge - ზურაბ გაიპარაშვილი: იქნებ შემდგომ კვირებშიც მომინდეს დღიურის წერა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:33
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ზურაბ გაიპარაშვილი: იქნებ შემდგომ კვირებშიც მომინდეს დღიურის წერა...
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 11:54

 

 

 

18 იანვარი, კვირა


არასოდეს დამიწერია დღიურები. რაც წერა-კითხვა ვისწავლე, მას მერე სულ ვწერ რაღაცას. სულო ცოდვილო, და ბავშვობაში ლექსებსაც კი ვწერდი, მაგრამ დღიურებს - არასოდეს. არადა, სულ ტყუილად. რამდენი საინტერესო ფაქტი, განცდა თუ სურვილი მიჰყვება დავიწყების მდინარეს, - ადექი და დაწერე, რა!.. ახლა გვიანია. არ მინდოდა და არ ვწერდი. ნაირა გელაშვილი ერთ მოთხრობაში წერს: რა საჭიროა ფოტოსურათები?! - თუ დასამახსოვრებელია, ფოტოს გარეშეც დაიხსომებო. ჰოდა ასეა: რაც დასავიწყებელია, დამავიწყდეს.


ახლა სხვა გზა არ მაქვს, ჩემი ცხოვრების ერთკვირიანი მონაკვეთის დღიური უნდა დავწერო, რადგან ჩემმა მეგობარმა მარინა ვაშაყმაძემ დამავალა. ჩვენში დარჩეს და აქამდე მწყინდა კიდეც, ამ საინტერესო პროექტში მე რატომ არ გავახსენდი-მეთქი! ჰოდა, აი, ყველაფერს თავისი დრო აქვს, იცის მარინამ თავისი საქმე.


საინტერესოდ დაიწყო ჩემი დღიური. სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის აქ ვბრუნდები. აქ მთავრდება ყველა მნიშვნელოვანი ამბავი თუ ცხოვრების მონაკვეთი. ეს ჩემი სამშობლოა, სხეულისაც და სულისაც, ოცნებისაც და მიზნისაც, სიხარულისაც და ტკივილისაც, ეს არის ჩემთვის სამყაროს ცენტრი. ჩემმა ფილტვებმა პირველად აქაური ჰაერი ჩაისუნთქეს და ამიტომაა, რომ მას მერე ყველაზე თავისუფლად აქ, ჩემს მშობლიურ სოფელში ვსუნთქავ, სხვაგან რაღაც მორიდებული ვარ, მგონია, სხვის წილ ჰაერს, სხვის წილ ჟანგბადს ვისაკუთრებ.


გუშინ დილიდანვე გავუდექი გზას. გომბორის გზით დავდივარ, რაც ეს გზა აღადგინეს. ჯერ გავაკებულ იორსა და ხაშმს გადავხედავ. მაშინვე რეზო ინანიშვილი მახსენდება, აქაური იყო. რამხელა მწერალია, როგორ აკლია დღევანდელ საზოგადოებას მისი გამჭვირვალე სიკეთე! რატომ ხშირად არ უკითხავენ ახლანდელი მშობლები შვილებს მის მოთხრობებს, რომ მთელი ცხოვრება გააყოლონ სინათლე სულის საგზლად. ის კი არა, სოფელში მისი სახლი ინგრევაო! ყველასი მიკვირს, ხელისუფლებისაც, მწერალ-ლიტერატორებისაც, რეზოს თანასოფლელებისაც, ჩემი თავისაც... ამას წინათ ინტერნეტში ვნახე ბუნინის სახლ-მუზეუმი რუსეთის პროვინციაში, ეფრემოვში - გაკრიალებული, მოვლილი. კი არ შემშურდა (ბუნინიც ძალიან მიყვარს!), მაგრამ გული დამწყდა რეზო ინანიშვილის გაპარტახებულსახლ-კარზე. ნიშანდობლივი ხომ არ არის ჩვენი დღევანდელი სულიერების?! - ნეტავ, ასე არ იყოს...


გზა მთებს მიუყვება, უღელტეხილის მწვერვალამდე აქედან უფრო დიდხანს უნდება მანქანა. ახვალ და უკვე შენკენ ხარ: ორი ჯადოსნური ხეივანი ტყის შუამთასთან და თელავიც აქვეა.


ეს ჩემი ქალაქია, აქ მხოლოდ ორი წელი ვიცხოვრე, როდესაც საშუალო სკოლის მეცხრე-მეათე კლასებში ვსწავლობდი, მაგრამ მგონია, რომ ეს არის ჩემი მშობლიური ქალაქი. ჩვევად მაქვს, უნდა გავიმრუდო ჩემი სოფლისკენ მიმავალი გზა და თელავის ქუჩებში გავიარო. დავდივარ გაღიმებული. ვიცი, რომ ნაცნობი აღარავინ შემხვდება, ან თუ შემხვდება, ვეღარც ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ასე მგონია, ყველა ჩემიანია.



ბატონის წყალთან ჩამოვჯექი, დედამიწის ზურგზე ყველაზე გემრიელი წყაროს წყალი დავლიე და მივნებდი სიჭაბუკისდროინდელ მოგონებებს. ვინ იცის, რამდენი ფული დაიხარჯა თელავის რეკონსტრუქციისთვის! სწორი კულტურული პოლიტიკა რომ არსებულიყო და მაღალთა გვამთა ახირებებს არ ემძლავრათ, რამდენი სიკეთის გაკეთება შეიძლებოდა! ახლა რა? - ბატონის ციხე გავერანებულია, ძველი თეატრის მყუდრო შენობა თანამედროვე ეკლექტიკური ფასადით არის დაფარული, ახალი თეატრის შენობის წინ გაუგებარი სვეტების კასკადია! ასე გეგონება, წარსული ვიღაცას აღიზიანებდა.


ჩემი სოფლის გზა ალაზანზე გადის, ცოტაც და კავკასიონის მთების ძირში შეყუჟულ სოფელსაც მივაღწიე!


წუხელ გვიანობამდე შევყევით მე და ჩემი ბიძაშვილები, ბევრის დალევა არ გვიყვარს. სანამ ცეცხლი ჩაქრებოდა, დავიშალეთ. რა ტკბილია ძილი მშობლების სახლში, ყველაზე მყუდროსა და საიმედოში. გარეთ სიბნელეა, გაყურსულია სოფელი, ძაღლებს ყეფაც კი ეზარებათ, სოფლის განაპირას ტყიდან ჩამოსული ტურების კივილი ისმის, კედლებიდან, ჭერიდან მოცოცავენ მოგონებები. ასე მგონია, დედაჩემსა და მამაჩემს უხარიათ, აქ რომ ვარ, ბედნიერები არიან. მართალია, ამ სიხარულს დილით ცეცხლის ანთებით დიდი ხანია ვეღარ გამოხატავენ (ადრე რომ იცოდნენ: შემთბარ ოთახში გაიღვიძოსო ბიჭმა), მაგრამ ახლა სხვანაირ იმქვეყნიურს, მშვიდსა და ნაღვლიან სითბოს ასხივებენ მათი ფოტოები, რომლებიც ჩემმა ცოლმა გამოსაჩენ ადგილზე ჩამოკიდა. დილით მათ საფლავებს ჩავაკითხე. შემომცინეს საფლავის ქვებმა.


რაიონში ვარ ასასვლელი (ასე ვუწოდებთ რაიონულ ცენტრს), ახლობელს მივყვები საქმეზე, წინანდლისკენ რაღაც საქმე აქვს. ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმისკენ ვერ შევუხვევთ, დრო არ გვაქვს. კი მაინტერესებს, რეკონსტრუქციის შემდგომ არც მინახავს. ბოლოს აქ 1999 წელს ვიყავი, მაშინ ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი. საინტერესო სემინარი მოვაწყეთ, ახალგაზრდა შემოქმედები წავიყვანეთ რამდენიმე დღით. შემოდგომის ნისლში ჩაძირული ჭავჭავაძეების ბაღი უფრო რომანტიკული გახდა. გასაოცარია, აქამდე სად იყო დაფარული ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა! როგორ არ ჩანდნენ?! რა კარგი ინიციატივა იყო, კმაყოფილი ვარ. ამ შეხვედრებმა ერთგვარი თაობა შექმნა. სტუმრად პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია ჩამოვიდა. პრეზიდენტ შევარდნაძის მისასალმებელი წერილი ჩამოიტანა. ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი გაიმართა, იყო კამათიც, შენიშვნებიც... კახეთის გუბერნატორმა გია არსენიშვილმა თქვა, კარგი იქნებოდა, ახალგაზრდებისთვის რაიმე საგანგები პრემია დაწესებულიყოო. ასე დაიბადა „წინანდლის პრემია", რომელსაც ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი ახორციელებდა ზურაბ ჟვანიას მხარდაჭერით. ეამაყებოდა ზურაბს ეს პრემია, აი, ნახავ, ყველაზე პრესტიჟული პრემია გახდებაო, მეუბნებოდა, სულ სამჯერ ვხელმძღვანელობდი ამ პრემიის მინიჭებას. ეს პროექტი იყო ნამდვილი ნიჭიერების, თაობათა ერთიანობის ზეიმი... ადრე თუ გვიან, ვაპირებ, დავწერო „წინანდლის პრემიის" ლაურეატებზე.


წელს აღდგა „წინანდლის პრემია", საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით და ჟვანიას ქვრივის, ნინოს თხოვნის საფუძველზე. კარგია, გამიხარდა, დავეხმარე პროექტის განხორციელებაში. დაჯილდოება კლუბურ გარემოში გამართა ნინომ. სხვა თაობაა უკვე, სხვა სათქმელი აქვთ, გამოხატვის ფორმები სხვაა, მაგრამ ნიჭიერები არიან, როგორც 15 წლის წინანდელი ლაურეატები, რომელთა იქ არყოფნამ ჩემთვის იმ საღამოს საზეიმო ელფერი დაუკარგა, - ერთიანობის განცდა არ უნდა გაქრეს. და კიდევ, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს მწყობრი ახალგაზრდული პოლიტიკა და ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამა, არ უნდა იყოს „წინანდლის პრემია" დამოკიდებული კერძო ინიციატივებზე. მერე რა, რომ ეს პროექტი და კიდევ სხვა პროექტები წინა ხელისუფლებების მიერ არის შემუშავებული!


...ლურჯად ბინდდება. გარშემო, მთებზე და ტყეებში, თოვლია. დაღამებამდე კიდევ ერთხელ შემოვუვლი კარ-მიდამოს. ზამთრის დასაწყისში ნაძვის ნერგი შევმატე ეზოს, მივეფერე. ჯერ პატარაა, როდესაც გაიზრდება, მე აღარ ვიქნები, მაგრამ ჩემს ქალიშვილებსა და შვილიშვილებს მოუგრილოებს ზაფხულის ხვატში. ბაღის თავში ავდივარ, შორიდან ვუყურებ სახლს და მიხარია საბუხრიდან ამომავალი კვამლის დანახვა. არაფერი არ არის იმაზე ნაღვლიანი, ვიდრე ზამთრისპირის საღამოს სილურჯეში ამოშავებული სახლები, რომელთა საბუხრეებიდან არ ბოლავს კვამლი.


ჭიშკართან ვიღაც იძახის... მიხარია და არც ვეკითხები, ვინ არის. მოდი-მეთქი, ვეხმაურები.




19 იანვარი, ორშაბათი


წუხელ დიდი სასწაულის ღამე იყო, ერთი წამით ყველა ნაკადული, მდინარე თუ ზღვა და ოკეანე გაირინდა, წყალში ყინული ჩატყდა და ადამიანთა მოდგმამაც სინათლისკენ იბრუნა სახე. ნეტავი, მართლა შეეძლოს კაცთა მოდგმას, სულ ერთი წუთით ერთად გარინდება და ჩაფიქრება!.. ყოველ წელს ვცდილობ, ნათლისღების დღესასწაულზე შევკრიბო ჩემი ნათლულები, მაგრამ ვერც ახლა ვახერხებ ამას. სოფელში ვინც არიან, იმათაც კი ვერ ვნახულობ, დილით ადრე ვდგები და თბილისისკენ წამოსასვლელად ვემზადები, სოფლის ცენტრში ვაჩერებ მანქანას, ღვთისმშობლის ეკლესიაში სანთელს ვანთებ და ჩემი ნათლულების, ყველა ახლობლის სულის სიმშვიდეს ვთხოვ.


მზის სინათლეზე შემოვდივარ თბილისში. ყოველ შემოსვლაზე გული ისევე მიჩქარდება, როგორც მაშინ, ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკის რომ ჩამომიყვანეს თბილისში და გაოცებისა და აღფრთოვანებისგან სუნთქვა შემეკრა. დასვენების დღეა და ცოტა მანქანაა ქუჩაში. გზას ვიმრუდებ და ვარაზის ხევში ვჩერდები რამდენიმე წამით. უნივერსიტეტი ჩემი მარადიული სიყვარული და ახდენილი ოცნებაა!




20 იანვარი, სამშაბათი


ტრადიციულად, სამშაბათს ბიბლიოთეკაში დილის თათბირით ვიწყებთ... უნივერსიტეტში ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობა საპატიოა, მით უმეტეს იმ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა, რომლის საცავებში ამდენი ძვირფასი გამოცემა ინახება. გასული საუკუნის 80-იან წლებში უხარისხოდ აშენებულ შენობაში უამრავი ტექნიკური პრობლემაა მოსაგვარებელი, არც საბიბლიოთეკო სფეროში არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, ის კი არა, ხელისუფლებაში არ არსებობს რგოლი, ვისაც ბიბლიოთეკის შესახებ დაელაპარაკები. უნივერსიტეტი თვითონ უნდა გაუმკლავდეს ყველა პრობლემას. არადა, მაგალითად, ვარშავისა და ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები, როგორც კულტურული მემკვიდრეობის საგანძური, სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.


თათბირზე ვისაუბრეთ უნივერსიტეტის საერთო საბიუჯეტო სივრცეში ბიბლიოთეკის განვითარების გეგმაზე. გვიხარია, რექტორმა დანაპირები შეასრულა და წელს ლიტერატურის შესაძენად შარშანდელთან შედარებით ფინანსების მოცულობა გაზარდა.


მოვამთავრეთ მინი-აუდიოსტუდიის მოწყობა. ეს ჩემი პროექტია, რომელიც ამერიკის საელჩომ დამიფინანასა. თანხა მცირე იყო, მაგრამ შევძელი, პატარა ხმის ჩამწერი სტუდია მოვაწყვე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ვაჩუქე. უსინათლო სტუდენტებისათვის მოვამზადებთ აუდიოსახელმძღვანელოებს.


შემომიტანეს იოსებ ყიფშიძის თხზულებების კრებულის დაკაბადონებული ვარიანტი. ამ წიგნის საგამომცემლო ჯგუფს ვხელმძღვანელობ, რექტორის ბრძანების შესაბამისად. შარშან უნდა გამოცემულიყო, მაგრამ მუზეუმსა თუ არქივებში დაცული მასალა ბევრი აღმოჩნდა. სჯობს დაგვიანდეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან კარგი გამოცემა გამოვა, იოსებ ყიფშიძეს რომ ეკადრება, ისეთი. შარშან მის საფლავზე, უნივერსიტეტის ეზოში, ბიუსტი დაიდგა. უსამართლოდ მივიწყებული, ადრე გარდაცვლილი იოსებ ყიფშიძე ნამდვილად იმსახურებს ხსოვნასა და პატივისცემას.


ელექტრონული ბიბლიოთეკის პროგრამაა მოსაგვარებელი. შარშან რობოტი-სკანერი შევიძინეთ ავსტრიული ფირმისგან, რომელიც ახალ პროგრამას შეგვპირდა, ველოდები. განყოფილების გამგე სასიხარულო ამბავს მეუბნება, თვის ბოლოს ინტერნეტის მეშვეობით პროგრამის პრეზენტაცია დაგვიგეგმესო!


მძიმე დღეშია ვენტილაციის სისტემა. შარშან ერთი დიდი საცავისთვის დავამონტაჟეთ კლიმატის კონტროლის დანადგარი, აქ განვათავსებთ რარიტეტებს. წელს დანარჩენ საცავებსაც მივხედავთო, კანცლერმა. ქვეყანაში არც ერთ ბიბლიოთეკას არ ულხინს. ხელისულებამ ერთიანი საგანმანათლებლო-კულტურული პოლიტიკის კონტექსტში თუ არ განიხილა და უპირველეს გადასაჭრელ პრობლემათა რიგში არ აიყვანა საბიბლიოთეკო დარგი, თითო-ოროლა კერძო ინიციატივები საქმეს ვერ უშველის.


ორი წლის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამით ერთი თვით ამერიკაში ვიყავი. ხუთი შტატის არაერთი ბიბლიოთეკა ვნახეთ, თუნდაც ბიბლიოთეკებისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოების დამოკიდებულებით შეიძლება ავხსნათ, რატომ არის ასეთი შთამბეჭდავი ეს ქვეყანა. განათლებისადმი, წიგნისადმი მოწიწება და პატივისცემა გამოსჭვივის ყველგან, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ძირითად ნაწილში.




21 იანვარი, ოთხშაბათი


დღეს გამომცემლობაში ვიყავი, ჩემი წიგნის ელექტრონული ვარიანტი მივიტანე. „ჰერალდიკური არაბესკები" - ასე დავარქვი.


მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, ინტენსიურად ვერ ვმუშაობდი ჰერალდიკაში, მაინც, როგორც არაბესკას ახასიათებს, გეომეტრიული, მცენარეული თუ ეპიგრაფიკული გამოსახულებების დაუსრულებელი განმეორება, ასე განუშორებლად მომყვებოდა სხვადასხვა ჰერალდიკური არტეფაქტის შესახებ ფიქრი. არაბესკის ნახატის რიტმი კლასიკური არაბული პოეზიისა და მუსიკისას ჰგავს. მისი აგების პრინციპია უსასრულო განვითარება და რიტმული გამეორება და ამ რიტმულ მოძრაობაში ყოველთვის შეიძლება გაჩერებაც და, ამავე დროს, მისი ნებისმიერი წერტილიდან გაგრძელება ისე, რომ მოხატულობის მთლიანობა არ დაირღვეს. ასე მეორდებოდა, განსაკუთრებით, უნივერსიტეტისა და ანთიმოზ ივერიელის გერბებთან დაკავშირებული ჰერალდიკური მოტივები სხვადასხვა გამოცემებში დასტამბულ წერილებსა თუ სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ თემებში. ამ წიგნში თავი მოვუყარე ამ სტატიებს, რომლებიც, როგორც არაბესკაში რომელიმე გეომეტრიული ჩუქურთმის მოტივი, ცალკეც იკითხება, მაგრამ ერთიანობაში საქართველოში ჰერალდიკის განვითარების მსოფლმხედველობრივ საფუძვლებს გამოჰკვეთს.


მიყვარს რედაქციებში ყოფნა. ხვალ ისევ მოვალ, ხვალ სხვა წიგნზე უნდა ვისაუბროთ მე და რედაქტორმა.




22 იანვარი, ხუთშაბათი


ბიბლიოთეკიდან ისევ უნივერსიტეტის გამომცემლობაში წავედი. ამჯერად კრებულზე ვიმუშავეთ. საინტერესო პროექტია. უნივერსიტეტის რექტორს, ლადო პაპავას, მშვენიერი ინიციატივა აქვს: „პირველი საჯარო ლექცია". უნივერსიტეტის დღესთან, 8 თებერვალთან დაკავშირებით ცნობილ და საპატიო მეცნიერსა თუ საზოგადო მოღვაწეს მიენიჭოს პირველი საჯარო ლექციის წაკითხვის უფლება. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ვამზადებ კრებულს, რომელშიც 1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მიერ წაკითხული პირველი ლექცია დაიბეჭდება. აქვე იქნება 1918 წელს, უნივერსიტეტის გახსნაზე წარმოთქმული მისასალმებელი სიტყვები. გამომცემლობიდან რექტორთან წამოვედი, ვისაუბრეთ ამ კრებულზეც, კარსმომდგარი 8 თებერვლის აღნიშვნაზეც და სულ ცოტა ხნის წინ სენატის მიერ დამტკიცებულ უნივერსიტეტის დროშის დამზადებაზეც.


საღამოს უფროს ქალიშვილს, მარიამს გავუარე და ერთად დავბრუნდით სახლში. უმცროსი, თათა, სემესტრის გამოცდებისთვის ემზადება, მაგრამ დროს მაინც პოულობს ჩვენთვის და ისეთ გემრიელ ჩაის გვიმზადებს, მხოლოდ მას რომ გამოსდის!




23 იანვარი, პარასკევი


დილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში წავედი. შეხვედრაა დანიშნული. მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიის მიერ ნაალაფარი წიგნების გერმანიისთვის დაბრუნების საკითხს განვიხილავთ. ეს წიგნები ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული, მაგრამ ძალიან დაზიანებულია. დაბრუნების ინიციატივა ქართულ მხარეს ეკუთვნის, საორგანიზაციო საკითხებია მოსაგვარებელი. მინისტრის მოადგილე, რომლისთვისაც გადაუბარებიათ ეს საქმე, ახალია. შევეცადე, მისთვისაც ამეხსნა იმ საკვანძო პრობლემის არსი, რომლის შესახებაც უკვე მერამდენედ ვსაუბრობ.


მოვდივარ სამინისტროდან და ვფიქრობ: თავისუფლება უფრო მთავარია თუ მოვალეობა? როდესაც ვალდებულების განხორციელების ფორმის არჩევანში არ ხარ შეზღუდული, ეს არის თავისუფლება. იმედია, დაადგება საშველი ამ ამბავსაც და დავუბრუნებთ წიგნებს მათ კანონიერ პატრონებს.


საღამოს ვარშავის უნივერსიტეტის დელეგაცია გვეწვია პირველი კორპუსის სამკითხველოში. რამდენიმე ძველი გამოცემა გამოვფინეთ. გულწრფელი აღფრთოვანება ვერ დამალეს პოლონელებმა. გაგვიხარდა.




24 იანვარი, შაბათი


შაბათს ცოტა გვიან ვიღვიძებთ. შვილებმა დაგვასწრეს ადგომა, უნივერსიტეტში ეჩქარებათ: ერთს ლექცია აქვე, მეორეს - გამოცდა. წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველა ახალგაზრდას. სელინჯერი მახსენდება. ყველა ბავშვი და ახალგაზრდა ხომ ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც სარგებლობს მშობლების უყურადღებობით, პირდაპირ ქუჩის სავალ ნაწილზე გადადის და ტროტუარის გასწვრივ მიაბიჯებს. ქუჩა სავსეა ხიფათით. ღმერთო, გამოუჩინე ბავშვებს ხელის შემშველებელი კლდის პირზე ჭვავის ყანაში თამაშისას.


 ფანჯრიდან ნისლიანი თბილისი ჩანს. დღეს ჩავაბარებ დღიურს რედაქციას. კაცმა არ იცის, იქნებ შემდგომ კვირებშიც მომინდეს დღიურის წერა. თუ მომინდება, დავწერ, თუ არა და, რაც დასავიწყებელია, ზემოთაც ვთქვი, დაე, დამავიწყდეს. ბოლოს და ბოლოს, მალე 55 წლის გავხდები.




(წყარო: radiotavisupleba.ge)


 

 

 

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016