reportiori.ge - გოგლა ჟვანია: უფრო საინტერესო პროცესი და კონკრეტული პირების დაკავება წინ გველოდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:14
ინტერვიუ
გოგლა ჟვანია: უფრო საინტერესო პროცესი და კონკრეტული პირების დაკავება წინ გველოდება!
ავტორი:
09 თებერვალი, 2015. 16:19

 

 

 

გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს სახელმწიფო უწყებებში ისევ ღრმად აქვს გადგმული ფესვები და ასეთ ვითარებაში ხელისუფლებამ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

 

- ბატონო გოგლა, პირველ რიგში, გკითხავთ, რას ფიქრობთ დაცვის წევრების ხარშილაძისა და ძაძამიას მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაზე - ბინაში, სადაც პრემიერი გარდაცვლილი ვიპოვეთ, არაორდინარული სიტუაცია დაგვხვდა, ამიტომაც გადავწყვიტეთ, უსუპოვის გვამი იქიდან გაგვეტანა, თუმცა, მერე ისევ უკან დავაბრუნეთო...


- მათი ჩვენებები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ეს ადამიანები ცხრა წლის განმავლობაში გვიყვებოდნენ. ჩვენ მკვლელობის დღიდან სწორედ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრები იმ ბინაში გარდაცვლილები მიიტანეს. ძაძამიამ და ხარშილაძემ თავისი ჩვენებით, ფაქტობრივად, დაადასტურეს, რომ გვამების გადაადგილება მართლაც ხდებოდა. მიხვდნენ, რომ ეს უკვე დადასტურებულია და ახალ ისტორიებს თხზავენ, რათა ფაქტი თავის სასარგებლოდ შეფუთონ. არადა, არსებობს ისეთი მტკიცებულებები, რომლებსაც ვერსად გაექცევიან. სირთულეების მიუხედავად, პროცესი წინ მიდის და სულ უფრო დამაჯერებელი ხდება ვერსია, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს!

 

- ამ საქმეზე პროკურატურამ კიდევ ორ პიროვნებას წაუყენა ბრალი - ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ჟვანიას საქმის გამომძიებელს მამუკა გვარამიას და ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელს როსტომ ლაზარიას. თუმცა, სასამართლომ ისინი გირაოს სანაცვლოდ, დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ ბრალეულობაზე რა შეგიძლიათ თქვათ?


- ეს ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი შემსრულებლები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული.


- რა დანაშაული?

 

- ზურას საქმეზე წლების განმავლობაში ხდებოდა მტკიცებულებების გაყალბება. თუმცა, ზემოთ ნახსენები პირები, როგორც უკვე ვთქვი, მხოლოდ შემსრულებლები იყვნენ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ასეთი გახმაურებული საქმეა გამოუძიებელი, რამდენი საქმეა გაყალბებული და რამდენი გამყალბებელი პროკურორი და გამომძიებელი ზის დღესაც ძალოვან უწყებებში.


გვარამია და ლაზარია კი გაათავისუფლეს, მაგრამ მთავარია, რომ მათ ბრალი აქვთ წარდგენილი. უფრო საინტერესო პროცესი და კონკრეტული პირების დაკავება წინ გველოდება. დაცვის წევრები ხარშილაძე და ძაძამია, ექსპერტი ჩაჩუა, გვარამია და ლაზარია მხოლოდ დაკვეთის შემსრულებლები იყვნენ. ყველაზე შთამბეჭდავი დამკვეთთა სია იქნება. უკვე გამოკვეთილია ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილი თანამდებობის პირების კონკრეტულ დანაშაულში მონაწილეობა.


- მათი დაკონკრეტება თუ შეგიძლიათ?

 

- სააკაშვილი, მერაბიშვილი და ადეიშვილი უშუალოდ იყვნენ ჩართული საქმის გაყალბებაში და ეს ბრალდება მტკიცებულებების იქნება გაჯერებული. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის ფაქტს, აგრეთვე დამკვეთებსა და შემსრულებლებს, ამაზე გამოძიება ისაუბრებს.

 

- ბატონო გოგლა, გასულ კვირას სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი პატიმრის წერილი წაიკითხეს, რომმელიც ამტკიცებს,რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს...


- ვერაფერს გეტყვით გარდა იმისა, რომ პროკურატურაში ასეთი არაერთი წერილია შესული და ყველა მათგანის შესწავლა ხდება.

 

- პატიმარი თავის წერილში იმასაც წერს, რომ მკვლელობაში მონაწილე სამ პიროვნებას დღევანდელ მთავრობაში მინისტრის პოსტი უკავია.


- ჩემთვის ცალსახად დაუჯერებელია, რომ დღევანდელი მთავრობის რომელიმე სამი მინისტრი ზურას მკვლელობის მონაწილეა. გთხოვთ, ამ წერილზე ყურადღებას მეტად ნუღარ გავამახვილებთ.

 

- ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ პროკურატურამ უმოკლეს დროში მოახერხა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნაც. დაკავებულია უშუალოდ შემსრულებელი, მოქმედი პოლიციელი...

 

- მისასალმებელია, რომ პროურატურამ დანაშაული ასე სწრაფად გახსნა. იური ვაზაგაშვილის მკვლელის დაკავება იმედს მაძლევს, რომ ტემპი არ შენელდება და ძალიან მალე საზოგადოება ყველა დამნაშავის ვინაობას გაიგებს. სამწუხაროა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელია, თანაც მოქმედი. ჯერჯერობით ცნობილი არ არის დანაშაულის ჩადენის მოტივი და არც დამკვეთთა ვინაობა. ამიტომ, ჩემი მხრიდანაც არ იქნება მართებული იმაზე ვისაუბრო, დაკავებულ პიროვნებას აქვს თუ არა რაიმე კავშირი პოლიტიკასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან". თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ერთი რამ ფაქტია, უწყებებში სიტუაცია სერიოზულად შემაშფოთებელია. ხელისუფლებას სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.


- რას გულისხმობთ?

 

- მე „ნაციონალურ მოძრაობას" არ ვუყურებ როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც, უბრალოდ, ჩვენგან განსხვავებული პოლიტიკური ხედვები აქვს.


„ნაციონალური მოძრაობა" - ეს არის ორგანიზებული ბანდიტური დაჯგუფება, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ფესვები ისევ მყარად აქვს გადგმული და არა მგონია, ისინი იქ ქვეყნის, მითუმეტეს დღევანდელი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობდნენ.


სიმართლე ეს არის - სააკაშვილის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი ისევ იქ რჩება, არსად წასულა.

 

- თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ, ალბათ, არც ისე დალხენილი იქნებიან...

 

- 11 კაცის სამსახურიდან გაშვება და დაჭერა მდგომარეობას არ ცვლის. საჭიროა მასობრივი წმენდა! წარმოუდგენელია, რომ დღეს სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს იმავე მოსამართლემ, რომელიც ორიოდე წლის წინათ თავის უსამართლო განაჩენით ოჯახებს აუბედურებდა. არ უნდა ველოდოთ, ვის როდის ამოეწურება ვადა. ვიმეორებ - მასობრივი წმენდა მოსასწრებია და ხელისუფლებამ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016