reportiori.ge - რუსუდან შარაძე: მამაჩემის მკვლელის სიმაღლე რომ არ დგინდება, ამაში ლომის წილი სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ მიუძღვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 22:52
პრეს-დაიჯესტი
რუსუდან შარაძე: მამაჩემის მკვლელის სიმაღლე რომ არ დგინდება, ამაში ლომის წილი სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ მიუძღვის!
ავტორი:
10 თებერვალი, 2015. 14:03


2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძის მკვლელობას არაერთი თვითმხილველი ჰყავდა. დიახ, ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს დღისით-მზისით, თანამემამულეების თვალწინ ესროლეს, ეს ფაქტი კი, იქ მყოფ ადამიანებთან ერთად, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ სათვალთვალო კამერით გადაღებული მკვლელობის ამსახველი კადრები დღეს გურამ შარაძის ოჯახისთვის ხელმისაწვდომია, რუსუდან შარაძეს „ალდაგის" ობიექტურობაში ეჭვი ეპარება და სადაზღვევო კომპანიას მორალურ პასუხისმგებლობას აკისრებს!


- მოგეხსენებათ, მამაჩემის მკვლელობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. საქმეშია სამი კამერის მიერ გადაღებული კადრები. აქედან ორზე ჩანს, როგორ მისდევს მამაჩემს მკვლელი, ხოლო ერთ-ერთზე, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გამისაჯაროებია, მკვლელობაც არის ასახული. მართალია, უხარისხოა, მაგრამ, როგორც მითხრეს, შესაძლებელია ხარისხის გაუმჯობესება. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ჩემი თხოვნის საფუძველზე, მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ გადმომცა ფირები, 28 იანვარს პირადად დავესწარი ექსპერტიზას. ყოველდღე ველოდები ოფიციალურ დასკვნას, თუმცა, შინაარსი ჩემთვის უკვე ცნობილი.


- რა დასტურდება ექსპერტიზის შედეგად?

 

- გამოძიების მიერ სამი შეკითხვა არის დასმული: შესაძლებელია თუ არა ფირმის მიხედვით იმ ადამიანის იდენტიფიცირება, რომელიც მამაჩემს უკან მისდევს, არის თუ არა დამონტაჟებული ეს ვიდეოფირები და მესამე - როგორია მკვლელის სიმაღლე. სწორედ მკვლელის სიმაღლის დადგენა დაადასტურებს, რომ გურამ შარაძე გიორგი ბარათელს არ მოუკლავს. სამივე შეკითხვაზე პასუხი უარყოფითია. როგორც ექსპერტიზა ამბობს, მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენა შეუძლებელია, რადგან არ ვიცით, რა ტიპის აპარატურითაა გადაღებული. ამ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი" მალავს! მათ საგამოძიებო ორგანოს ოფიციალურად განუცხადეს, რომ არ იციან, 2007 წლის 20 მაისს რომელი სათვალთვალო კამერა ეყენათ, ძველი დოკუმენტაცია კი შენახული არა აქვთ. მართალია, სამართლებრივად არავის აქვს უფლება, პასუხი მოსთხოვოს კერძო კომპანიას, რატომ არ შეინახა საკუთარი დოკუმენტაცია, მაგრამ პირდაპირ ვამბობ, ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. „ალდაგის" მიმართ უკვე 8 წელია, კითხვები მაქვს!


- შეგიძლიათ, ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან დაუსვათ!

 

- მკვლელობის დღეს ორივე კამერა ერთი მიმართულებით იყო დაყენებული. ამ კამერების მიერ გადაღებულ ფირებზე მამაჩემი და მკვლელი ზურგით ჩანან, არადა, სათვალთვალო კამერის ფუნქცია სწორედ ის არის, რომ პერიმეტრი აკონტროლოს და თავდასხმის შემთხვევაში დამნაშავის სახე დააფიქსიროს. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მკვლელობის მეორე დღეს კამერებს მიმართულება შეუცვალეს - ერთმანეთის საპირისპიროდ დააყენეს, როგორც მანამდე უნდა ყოფილიყო. ჩემი თვალით ვნახე და დავრწმუნდი ამაში. ვეკითხები „ალდაგის" ხელმძღვანელობას, ვინ ან რატომ დააყენა კამერა ერთი მიმართულებით და თუ დააყენა, რატომ შეუცვალეს მეორე დღეს მიმართულება?! ამას ემატება „ალდაგის" საეჭვო დუმილი - რა ტიპის კამერით მოხდა მკვლელობის ჩაწერა. ისედაც თვალნათელია, რომ მკვლელი ბარათელი არ არის, მაგრამ ეს დოკუმენტურადაც დადასტურდებოდა! სადაზღვევო კომპანია „ალდაგს" მორალურ პასუხისმგებლობას ვაკისრებ! მათი მხრიდან ადგილი აქვს შეგნებულ თუ შეუგნებელ ღალატს! ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუშალეს ექსპერტიზას მკვლელის ზუსტი სიმაღლის დადგენაში!


- ვინ იყო იმხანად „ალდაგის" უფროსი?


- არ მახსოვს, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. „ალდაგს" უამრავი ფილიალი ჰქონდა და შესაძლებელია, პირველი პირის მითითებით არ მომხდარიყო მელიქიშვილის ოფისში კამერებისთვის მიმართულების შეცვლა. მკვლელობა კვირა დღეს მოხდა და არ არის გამორიცხული, მორიგეს ან დაცვის რომელიმე თანამშრომელსაც გაეკეთებინა, თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, ეს სადაზღვევო კომპანია „ალდაგს" მორალური პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს!


მკვლელობა სპეციალურად დაიგეგმა იმ ადგილას. შემკვეთის გეგმაში შედიოდა მამას მკვლელობის ფირზე დაფიქსირება, რომ მერე ეთქვათ, ხალხმრავალ ადგილას, კამერების თვალწინ ხომ არ მოვკლავდით ადამიანსო? ისიც კი წინასწარ ჰქონდათ გათვლილი, რომ საქმის მასალებში კამერის სახელწოდება არ შეეტანათ. მამაჩემის მკვლელობა ნებისმიერ შემთხვევაში გაიხსნება. კეთილი ინებოს „ალდაგმა" და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რა ტიპის კამერამ გადაიღო 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძის მკვლელობა! გეძლევათ შანსი, ჩამოირეცხოთ ლაქა და გააქარწყლოთ ეჭვები!

 

- ფირზე ჩანს ადამიანები, რომლებიც გურამ შარაძის მკვლელობას შემთხვევით შეესწრნენ... ამოიცანით და ესაუბრეთ რომელიმე მათგანს?

 

- მალევე გამოჩნდნენ მოწმეები, რომელთა ვინაობას საიდუმლოდ ვინახავდი - ახალი მსხვერპლის მეშინოდა, ბევრი მათგანი, ალბათ, შიშის გამო დღემდე იკავებს თავს, თუმცა, კამერამ, განსხვავებით მკვლელებისგან, მოწმეთა სახეები აღბეჭდა... „ასავალ-დასავალის" საშუალებით მივმართავ მათ - გამოჩნდით, ხალხნო, თქვით სიმართლე, გაუადვილეთ გამოძიებას საქმე. ნუ დაგავიწყდებათ, მამაჩემი თქვენი უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეეწირა!


იმ მოწმეების ჩვენებებიდან, რომლებმაც გაბედეს და სიმართლე თქვეს, ჩანს, რომ მამაჩემის მოსაკლავად ორი მკვლელი იყო დაქირავებული. მეგის ქარდავას მარჯვენა ხელმა, ყოფილმა პოლიციელმა აღიარა, რომ ზუგდიდში მეგის ქარდავამ დაიბარა და მამაჩემის მოსაკლავად თბილისში ორი სპეცრაზმელის - თემურ ჯგერენაიასა და გია ფაჩულიას წამოყვანა დაავალა. მათ თბილისში გია დგებუაძე, იგივე „მასტერა" უნდა დაკავშირებოდა, რომელიც შემდგომ მითითებებს მისცემდა. ბოლო მომენტში მოწმემ დავალების შესრულებაზე უარი თქვა, რის გამოც ციხეში გამოამწყვდიეს. თავს ვერ დავდებ, საბოლოოდ ამ ორმა სპეცრაზმელმა მოკლა თუ არა მამაჩემი, მაგრამ ფაქტია, მათ მეგის ქარდავა ენდობოდა და კაცისკვლაზე წამსვლელები იყვნენ.


- სად არიან დღეს ეს ადამიანები?

 

- ყველაზე დიდი ცინიზმი სწორედ ის არის, რომ მამაჩემის მკვლელობაში ირიბად თუ პირდაპირ მონაწილე პირები დასჯის ნაცვლად, დაწინაურებულები არიან. სპეცრაზმელებიდან ერთ-ერთი უკრაინაში საეჭვო ვითარებაში მოკლეს. მეორე კი - გია ფაჩულია აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის მოადგილე გახლავთ. მეტსაც გეტყვით, ფაჩულია ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და მოწმემ მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა. მეგონა, ამ შეცდომას ხელისუფლება თავადვე გამოასწორებდა, მაგრამ... რა ლოგიკაა, ერთი მხრივ, მიდის გურამ შარაძის მკვლელობის საქმის გამოძიება, მეორე მხრივ კი, ახალაიას ყოფილი დაჯგუფების წევრები, ვინც მამაჩემის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, თანამდებობებზე რჩებიან! კუდ-ის ყოფილ უფროსს კახა ლატარიას სუს-ის რეგიონალურ სამმართველოში დიდი თანამდებობა უკავია. ზუგდიდის მაშინდელი პოლიციის უფროსი კობა ნარსია შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე საპაუხისმგებლო თანამდებობაზეა დანიშნული. კარგით, ვთქვათ, გარკვეული შემაფერხებელი მიზეზების გამო, საქმის გამოძიება ჭიანურდება, მაგრამ რატომ არიან მამაჩემის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები თანამდებობებზე?


და კიდევ: მესმის, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქება მოწმეების დაშინებას ემსახურებოდა, მაგრამ ყველას ერთად ხომ ვერ დაგვხოცავენ!


- სულ ახლახან, პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა...

 

- ბედნიერი ვარ, რომ მამა-შვილის მკვლელობის საქმეებს ნათელი მოეფინა. სამწუხაროდ, ძია იურის და მის ვაჟს ვერავინ გააცოცხლებს, თუმცა, მჯერა, რომ მათი სული ზეიმობს! იური ვაზაგაშვილის მკვლელის დაკავება დიდი სტიმულია ჩემთვის და ჩემნაირებისათვის. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეც მალე გაიხსნება და ქვეყანა მათ სახელებსაც გაიგებს, ვინც გურამ შარაძეს ტყვია ესროლა!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016