reportiori.ge - თავდაცვის სამინისტროში მაღალ პოსტზე „მუხროვანის საქმის“ გამყალბებელიც დაინიშნა?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 00:07
პრეს-დაიჯესტი
თავდაცვის სამინისტროში მაღალ პოსტზე „მუხროვანის საქმის“ გამყალბებელიც დაინიშნა?
ავტორი:
10 თებერვალი, 2015. 16:10


რა ხდება თავდაცვის სამინისტროში? რის მოლოდინში არიან მოსამართლეები ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე? ვინ იხსნა კოტე კუბლაშვილი იმპიჩმენტისგან? რატომ თქვა მთავარ მოსამართლეობაზე უარი თინა ხიდაშელმა?


„ალიას" ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე ესაუბრა:


- იმ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებზეც არავის უსაუბრია და რატომღაც მხედველობიდან გამორჩა ყველას. დავიწყებ საკითხით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შეეხება. ამ ბოლო დროს გახმაურდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში დაინიშნა ვალერი ზუმბაძე. ამ ადამიანს უკავშირდება ისეთი საქმეები, როგორიცაა ლაფანყურის სპეცოპერაცია, გირგვლიანის საქმე და ა.შ. ამ ფონზე, რატომღაც ყველას გამორჩა და არ მიაქცია ყურადღება, რომ თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ძალიან ოდიოზური ფიგურა, რობერტ გრიგალაშვილი. ეს კაცი გამახსენა მუხროვანის ბუნტის საქმემ. როგორც მახსოვს, მუხროვანის ბუნტის საქმეზე 48 კაცი იყო გასამართლებული. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს ცუდად ეხსომება. მუხროვანის საქმე რომ დადგმული იყო, ეს ბავშვმაც კი იცის. ამ დადგმის ნაწილი იყო სატელევიზიო პიარი, მაგრამ ტელევიზიის გარდა, ამ პროცესში, თავისი როლი წარმატებულად შეასრულა პროკურატურამ. პროკურატურაში კი ამის შემსრულებელი იყო მაშინ განყოფილების პროკურორი რობერტ გრიგალაშვილი.


- პროკურატურაში ვისი კადრი იყო გრიგალაშვილი?


- გრიგალაშვილი იყო ადეიშვილის კადრი. გრიგალაშვილი, ადეიშვილის გარეშე, ამ სპექტაკლში, ამდენი ადამიანისთვის ბრალის წარდგენას ვერ განახორციელებდა, გამორიცხულია! მიშასგან ბრძანებას იღებდა ადეიშვილი, ადეიშვილი კი თავის კადრებს ავალებდა. გრიგალაშვილი არის „ისპალნიტელნი" პროკურორი, რომელმაც ამ ადამიანებს ბრალი წაუყენა. ამ კაცს იმიტომ არ მიაქციეს ყურადღება, რომ არ ჩანს საჯაროდ, ისე, როგორც ვალერი ზუმბაძე. გრიგალაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ჩემი ახლობელი, უბრალო ჯარისკაცი, კაპრალი, რომელიც ავღანეთშიც ნაბრძოლი იყო და ერაყშიც, იყო აფხაზეთისა და ცხინვალის ომების მონაწილე, გელა გოგალაძე დაღუპა.


- რა გააკეთა?


- ეს გოგალაძე ამირიძის ძმის მეგობარი იყო, მასთან მსახურობდა. ეს ამბავი რომ მოხდა, ამ დღეს ამირიძის ძმამ უთხრა გოგალაძეს, ყველა მუხროვანშია და ჩვენც წავიდეთ, აქ რა ვაკეთოთო. ავიდნენ ბაზაზე, სპორტულებით. ბაზასთან გაუჩერებიათ და უკითხავთ, სად მიდიხართო. ამათაც უთქვამთ, ჩემი მეგობრის ძმასთან, ამირიძესთანო. თქვენც გადატრიალებაში მონაწილეობთო და შეაგდეს. ისეთ ნაცემი იყო 2 დღის მერე, ადამიანს არ ჰგავდა ეს მთასავით კაცი. კაცი ტყვიას უდგებოდა და ისეთი შეშინებული ვნახე, ამბობდა, ან მომკლავენ, ან უნდა ვაღიარო, რასაც მომთხოვენო. 2 თვის განმავლობაში მიდიოდა ამ ადამიანზე ზეწოლა, რომ დანაშაული ეღიარებინა და ჩემდა სამწუხაროდ, აღიარა ისეთი რამ, რაც ბუნებაში არ მომხდარა. 2 წელი მიუსაჯეს და ისეთი გამოვიდა, რომ ადამიანად აღარ ვარგა. ფსიქოლოგიურადაა მოშლილი. 2 წელია მონასტერში ცხოვრობს და თავი ვერ დაიბრუნა კაცმა, ვერ დაწყნარდა. აი, ამ ადამიანისთვის ბრალის წამყენებელი იყო რობერტ გრიგალაშვილი. ამ კაცს რომ დამინიშნავ ახლა თავდაცვის სამინისტროში, რა გინდა რომ ქნა?


- რა ხდება რეალურად თავდაცვის სამინისტროში?

 

- ბაჩანა ახალაია რომ იყო თავდაცვის მინისტრი, ხოლო თოფურიძეს გენინსპექციაში მიჰყავდა „პარადი", იმ დროს, ერთი უწყება, სადაზვერვო სამმართველო, რომელიც მარტო დაზვერვაზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, რეალურად ამ მიმართულებით არაფერს არ აკეთებდა და ორიენტირებული იყვნენ პარტიებში ხალხის შეგზავნა-ჩანერგვაზე, იქიდან ინფორმაციის წამოღებაზე... ეს იყო ბინძური სამსახური. ამ საქმის ყველაზე კარგი შემსრულებელი იყო ზაზა მჭედლიძე. როცა ალასანია მოვიდა თავდაცვის მინისტრად, `გასკდა~ ერთი ამბავი, აგენტი იყო ეს ადამიანი, მაგრამ მაინცდამაინც ვერ ქაჩავდა. ტაქსისტი იყო, რომელიც იყო ზაზა მჭედლიძის პირადი „შესტიორკა". ალასანია რომ დანიშნეს, ეს ტაქსისტი ერთ-ორ კვირაში შემხვდა გავარკვიეთ, რომ ყველა, ვინც დასაჭერი იყო, თანამდებობაზე იყო შენარჩუნებული. ალასანიას ამ ზაზა მჭედლიძესთან თავიდანვე ჰქონდა კავშირი. ამ ტაქსისტმა მითხრა, ჩვენ რომ ჩანაწერები მოგვქონდა, მჭედლიძე ჯერ ასლს აკეთებდა და ირაკლი ალასანიას უგზავნიდა, ხოლო ორიგინალი დაზვერვასა და კუდ-ში მიდიოდაო. ორმაგ თამაშს ჰქონდა ადგილი. მჭედლიძეს გააზრებული ჰქონდა, რომ თუ ხელისუფლება შეიცვლებოდა, ის ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო. დარჩა კიდეც. ის 10 თვის განმავლობაში ირაკლი ალასანიას მრჩეველი იყო. გარდა ამისა, თანამდებობებზე დანიშნეს მჭედლიძის პირადი აგენტები, მათ შორის ერთ-ერთი, ვალერი სიხარულიძე ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, დასავლეთ საქართველოს ჯარების ხელმძღვანელად დანიშნეს. მჭედლიძე, სხვათა შორის, სიხარულიძის შვილის ნათლიაა. ეს ვალერი სიხარულიძე, პირდაპირ „ქართული ოცნების" მთავარ ოფისში იყო ჩანერგილი. საორგანიზაციო საკითხების მიმართულებით, ღონისძიებების მოწყობის კომიტეტი თუ რაღაც იყო. ალასანია რომ მოვიდა, ეს ჩანერგილი და მჭედლიძის აგენტი რეკა და გაუშვა დასავლეთ  აქართველოს ჯარების უფროსად და ეს ადამიანი დღესაც იქ არის.


- არ იცოდა ალასანიამ ამის თაობაზე?


- მე თუ ვიცოდი, მან არ იცოდა? ჩანაწერები მასთან მიჰქონდა. მათ შორის გარიგება არსებობდა. ერთი თანამდებობის პირი, რომელიც მას მერე დანიშნეს, იყო ავთო ჯოხაძე და ჩანერგილი იყო ნინო ბურჯანაძესთან. „შეფიცულების" თავმჯდომარის მოადგილე იყო. ეს კაცი ჩანერგილი იყო უშუალოდ სადაზვერვო სამმართველოს მიერ, ნინო ბურჯანაძის ოფისში და მის შეხვედრებს იწერდა და ეს მიჰქონდა სოდსა და კუდ-ში.


- თქვენ რა იცით?


- მე მიმყავდა პირადად ჩემი მანქანით ბურჯანაძის ოფისში, მივიყვანდი, გააკეთებდა ჩანაწერებს და წამოვიყვანდი. მერე ჩვენი ხელით მიდიოდა. ალასანიამ დააწინაურა კუდ-ის ხალხი, მათ შორის მოსმენებისა და თვალთვალის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ოთარი. ამის მერე კი ეს ავთო ჯოხაძე დანიშნეს სამოქალაქო უზრუნველყოფის შტაბში უფროსის მოადგილედ. ეს ამბავი ზუმბაძისა და გრიგალაშვილის საქმეების გაგრძელებაა, რადგან, თუ იმათი დანიშვნა არ გახსენებია არავის, არც ამათი დანიშვნა გახსენებია ვინმეს.


- რა ხდება სასამართლო სისტემაში ახალი თავმჯდომარის მოლოდინში, რა ინფორმაცია გაქვთ?

 

- რეალურად „რასკლადი" ასეა დალაგებული, რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ადრე იყო მამია ფხაკაძე. უფრო ადრე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეც იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ახვლედიანმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ გაცვალეს ადგილები. მამუკა ფხაკაძეც და ეს ახვლედიანიც, ასევე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ცერცვაძეც, უზენაესი სასამართლოს მოადგილეებიც - მეიშვილი, გოგიაშვილი, მურუსიძე, ჩინჩალაძე, არის კლანი, რომელიც  ერთმანეთთან დანაშაულებრივადაა დაკავშირებული. ეს ხალხი ახლა ცდილობს, რომ პოლიტიკური საფარი მოირგოს, ისე, როგორც ეს ხდება ირაკლი ფირცხალავასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს ისე კი არ გეუბნებით, უსაფუძვლოდ, ყველა მათგანს ვიცნობ. თითოეული მათგანი ჩემი მეგობარი იყო და ვინ როგორ სულდგმულობს, რას და როგორ ფიქრობს, ყველაფერი ვიცი. ეს ადამიანები, რესტორანში როცა ერთად ვქეიფობდით, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ, ერეკლე მეფეს კრწანისის ომში იმხელა ჯარი რომ ჰყოლოდა, მე რომ მყავს დაპატიმრებული, კრწანისის ომს მოიგებდაო.


ასეთი „სასტავი" სანამ სასამართლო სისტემაშია, ვინც არ უნდა დანიშნონ თავმჯდომარედ, არაფერი შეიცვლება. სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 15 მოსამართლეა, რომლებიც მყარად არიან - ცერცვაძე, ლომთათიძე, თეთრაული, ჩემია... ეგენი ყველა „ისპალნიტელები" იყვნენ. ლომთათიძე ყველაზე სერიოზული დამსჯელი იყო, თეთრაული ჩემი ძმის თანაშემწე იყო, ეგ ვინც იყო, თავიდანვე ვიცოდი, ჩემი რძლის ნათესავი იყო და ჯერ ერთი მაგიტომ დაინიშნა, იმიტომ რომ ყველაზე დამჯერი და ერთგული იყო. განიხილა „ციხის ბუნტის" საქმე. თეთრაული ხედავდა. პროცესზე დანგრეული პატიმრები მიჰყავდათ და იცოდა, რომ იქ ბუნტი კი არა, პატიმრების წამების უმაღლეს ფორმასთან გვქონდა საქმე. თეთრაულმა ყველა მათგანი დამნაშავედ გამოაცხადა. ეს ადამიანები გასაშვები არიან სისტემიდან. პარლამენტმა 197 ადამიანი გამოაცხადა პოლიტპატიმრად, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ამ საქმის განმხილველი მოსამართლე, იმ ბრალის წამყენებელი პროკურორი არის უკანონო პატიმრობაში მონაწილე პირი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რა უნდა ამ მოსამართლეების გაშვებას?!


- რატომ არ აქტიურობდა „ნაციონალური მოძრაობა" მოსამართლის კანდიდატურაზე?

 

- სასამართლო არის ანკლავი, რომელზეც მყარად დგას „ნაციონალური მოძრაობა". ამ სასამართლომ შეძლო და ბაჩო ახალაია გაამართლა 11 საქმეში. შეძლო და გაამართლა ბორჯომის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილეები კაცის გაუპატიურებაში. შეძლო და გაამართლა სხვა „ნაციონალები". ობიექტური გამოძიების პირობებში, ყველა ის ადამიანი, რომლებიც „ნაციონალების" დროს ბრალებს უყენებდა, დასაჭერი იქნება. რადგან ისინი სპეციალურად არ ამყარებდნენ მტკიცებულებებს, რომ სასამართლო ჩასაფრებული ყოფილიყო.


რატომ არ აქტიურობდნენ „ნაციონალები" კანდიდატთან დაკავშირებით, იცით? მაგათი ღია აქტიურობა, გამაღიზიანებელი იქნებოდა საზოგადოებისთვის და ჰყოფნით ამხელა ჭკუა. თუმცა, ახლა შეხედეთ რა ხდება, ამ ანკლავის უმტკივნეულოდ გადაბარება ხდება „რესპუბლიკურ პარტიაზე". ხიდაშელმა უარი თქვა, არ მინდა თავმჯდომარეობაო. აბსოლუტურად სწორად მოიქცა, რადგან ხიდაშელის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, პირდაპირიქნებოდა აღქმული, რომ „რესპუბლიკურმა" პარტიამ ხელი დააფარა „ნაციონალების" მოსამართლეებს. რეალურად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რომ იმპიჩმენტით არ გადააყენეს, ეს არის უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარის კისერზე. უსუფაშვილს რომ ხელი არ დაეფარებინა, იმპიჩმენტი 100%-იანი გავიდოდა. უმრავლესობა ჰქონდა ხელისუფლებას და ყველანაირად შეიძლებოდა კუბლაშვილს დამტკიცებოდა რეჟიმის თანამონაწილეობა, როგორც რეჟიმის ერთ-ერთ თანაავტორს და სახეზე იყო იმპიჩმენტი.


„რესპუბლიკურმა პარტიამ", თინა ხიდაშელმა უარის თქმით, მოიხსნა პასუხისმგებლობა, - ჩვენ არაფერ შუაში არ ვართო, თუმცა, სამაგიეროდ მხარი დაუჭირა ანა დოლიძეს. ანა დოლიძე კარგი იურისტია, მაგრამ ვინმე დამაჯერებს, რომ ის `რესპუბლიკურ პარტიას" არ ეკუთვნის და იმას არ გააკეთებს, რაც „რესპუბლიკურ პარტიას" აწყობს? ანა დოლიძე თინა ხიდაშელის მერე იყო საია-ს თავმჯდომარე. ვინ გაიყვანა ამხელა მონსტრ ორგანიზაციაში თავმჯდომარედ, ხომ ხვდებით. ის „ნაციონალების წინააღმდეგ დიდი მებრძოლის მეუღლეა, ირაკლი კაკაბაძის, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის" მიმართაა კეთილგანწყობილი.


ზაქარია ქუცნაშვილზეცაა ისე საუბარი. ეგ კი იქნებოდა კარგი თავმჯდომარე, მაგრამ ხალხს დაავიწყდა ერთი რამ - ქუცნაშვილი იყო  ადეიშვილის კურსელი და თავის დროზე ადეიშვილმა შეიყვანა პარლამენტში. მას მერე კი გაოპოზიციონერდა, მამა დაუჭირეს, მაგრამ რა გარანტიაა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარი, 10-წლიანი გარანტიით, არ გაიხსენებს იმ ძველ მეგობრობას.



„ალია" თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, ნამდვილად დაინიშნა თუ არა რობერტ გრიგალაშვილი თანამდებობაზე. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რობერტ გრიგალაშვილი ამჟამად იკავებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას. რაც შეეხება ჩვენს კითხვას, რა იციან ამ ადამიანის შესახებ სამინისტროში ე.წ. მუხროვანის ამბოხთან და, ზოგადად, მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, გვიპასუხეს: „ეს არ არის ჩვენი კომპეტენციის საკითხი. თავდაცვის სამინისტროში 30  000-მდე ადამიანია დასაქმებული და ვინ რა იცის, ბუნებრივია, ვერ გეტყვით... საერთოდ, ყველაფერს არგუმენტირებული მსჯელობა უნდა და სამართლებრივად გამყარება".

 

დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016