reportiori.ge - იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი, გაუხმაურებელი დეტალები - კულუარული ინფორმაციები მთავარი პროკურატურიდან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 23:41
პრეს-დაიჯესტი
იური ვაზაგაშვილის საქმის ახალი, გაუხმაურებელი დეტალები - კულუარული ინფორმაციები მთავარი პროკურატურიდან
ავტორი:
10 თებერვალი, 2015. 16:18


მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა, დააკავეს კასპის მკვიდრი, წალკის პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი. მას ბრალი სს კოდექსის 109-ე მუხლით წარედგინა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ეს კი, სასჯელად 11-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სოსანაშვილის კვალზე გამოძიება ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე ბატონ იურის აფეთქების შემდეგ, საფლავთან აღმოჩენილმა ასაფეთქებლის ე.წ. ფიალის სახელურის საიზოლაციო ლენტმა გაიყვანა. წებოვან საიზოლაციო ლენტზე  დარჩენილი იყო სოსანაშვილის ხელის კვალი, რომელიც თითების ანაბეჭდების ასაღებად ვერ გამოდგა, მაგრამ მასზე შერჩენილი კვალი საკმარისი აღმოჩნდა დნმ-ის ნიმუშის ასაღებად. საიზოლაციო ლენტზე აღმოჩენილი ნიმუში გია სოსანაშვილის დნმ-ს დაემთხვა და გამოძიებამ ხელთ გაუჭრელი მტკიცებულება დაიჭირა - „ლიმონკა", რომელმაც იური ვაზაგაშვილი მოკლა, გია სოსანაშვილს ეჭირა ხელში. გარდა ამისა, გამოძიებას ჰყავს მოწმეები, რომელთაც სოსანაშვილი სოფელ ყარაფილის სასაფლაოზე დაინახეს. გამოძიებამ ამოიღო გია სოსანაშვილისა და ირაკლი ფირცხალავას სატელეფონო საუბრის ჩანაწერები. ერთ-ერთი ზარი განხორციელებულია გია სოსანაშვილის მიერ, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის წინ დღეს, სოფელ ყარაფილიდან. ეს და სხვა მტკიცებულებები გახდა საკმარისი, რომგამოძიებას მკვლელობაში ეჭვმიტანილად გია სოსანაშვილი მიეჩნია და მისთვის განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წაეყენებინა.


გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ სოსანაშვილი არ არის ისეთი წინდაუხედავი ადამიანი, რომ ასეთი დანაშაული ჩაედინა და მერე ყარაფილიდან ფირცხალავასთვის დაერეკაო. ეს ცოტა გაუგებარია. სოსანაშვილმა მთავარი და საბედისწერო წინდაუხედაობა მაშინ გამოიჩინა, როცა, პროკურატურის განცხადების თანახმად, შიშველი ხელებით, ხელთათმანების გარეშე ჩაამონტაჟა „ლიმონკა" ზურა ვაზაგაშვილის საფლავის საყვავილეში და ამით „ფალიის სახელურის" საიზოლაციო ლენტაზე სამხილი დაუტოვა გამოძიებას. ამის შემდეგ იმის მტკიცება, რომ გია სოსანაშვილი წინდახედული ადამიანია და ფირცხალავას ყარაფილიდან არ დაურეკავდა, აზრს კარგავს. პროკურატურის ინფორმაციით, გია სოსანაშვილმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგაც დაურეკა ირაკლი ფირცხალავას და სავარაუდოდ, საქმის წარმატებით დასრულება, ანუ იური ვაზაგაშვილის სიკვდილი აცნობა. პროკურატურა მათ სატელეფონო ზარებს ჯერ კიდევ სწავლობს და არა მხოლოდ ერთმანეთში განხორციელებულს.


სოსო ჯოგლიძე იმასაც აცხადებს გია სოსანაშვილის უდანაშაულობის ერთ-ერთ არგუმენტად, რომ „ლიმონკის" აფეთქების დროს, გია არც იური ვაზაგაშვილის საფლავზე იმყოფებოდა და არც ყარაფილაშიო. ბატონი ადვოკატი, ალბათ, ხუმრობს. როდის იყო, რომ ამფეთქებლები ასაფეთქებელ ობიექტებს ხელს სჭიდებდნენ და ასე, ერთად ფეთქდებოდნენ? გია სოსანაშვილს „კამიკაძეობას" და „შაჰიდობას" ნამდვილად არავინ აბრალებს. ზურა ვაზაგაშვილის საფლავის საყვავილეში ჩამონტაჟებული „ლიმონკა" რომ აფეთქებულიყო და იური ვაზაგაშვილი მოეკლა, ამისთვის ყარაფილაში სოსანაშვილის ყოფნა საჭირო არ იყო. მთავარია, მან ასაფეთქებელი დაამონტაჟა და მთვარეზეც რომ ყოფილიყო, მერე მოსახდენი მაინც მოხდებოდა.


ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ სოსანაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და შესაძლოა, ის მოკლან.ჭკადუას თქმით, სოსანაშვილის, როგორც მოწმის, მოცილება მათ აწყობთ, ვინც იური ვაზაგაშვილის მკვლელობა შეუკვეთა. ვაზაგაშვილის მოკვლა კი იმ ხალხს აწყობდა, ვისაც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის, „კორტების სპეცოპერაციის" საქმის გახსნა არ უნდოდა. ამ ლოგიკას თუ მივყვებით, ირაკლი ფირცხალავასა და იმ ხალხს მივადგებით, ვინც „კორტების სპეცოპერაციის" საქმის გამო ციხეში სხედან და ვინც, ამ საქმის გამო, ჯერ გარეთ არის და შესაძლოა, მალე დაიჭირონ.


გია სოსანაშვილის დაჭერამ საზოგადოებას იმედი გაუჩინა, რომ მთავარი პროკურატურა გამოცოცხლდა, ასე ეფექტურად განაგრძობს მუშაობას და „ნაცმოძრაობის" მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებიც გაიხსნება. სოსანაშვილის დაკავების შემდეგ, პროკურატურას თავიც რომ დავანებოთ, საზოგადოებაში თავისთავად გაჩნდა აზრი, რომ ის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ირაკლი ფირცხალავას დავალებით მოქმედებდა. იური ვაზაგაშვილის მკვლელობას მთავარი პროკურატურაც რომ ირაკლი ფირცხალავასთან აკავშირებს, გამოძიება მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო შემკვეთად ფირცხალავას რომ მოიაზრებდა, ეს მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემაც დაადასტურა, როცა განაცხადა, რომ ფირცხალავას სატელეფონო საუბრებს უსმენდნენ. სწორედ ფირცხალავა-სოსანაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერია დღეს სოსანაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მტკიცებულება. შესაძლოა, მალე „კორტების სპეცოპერაციის" გამო დაკავებულ ირაკლი ფირცხალავას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ორგანიზების გამო ბრალი წაუყენონ.


გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს უარყოფს და მისი ადვოკატი და ყველა ახლობელი იმას აცხადებს, რომ სოსანაშვილი ფირცხალავასთან არ მეგობრობდა, ახლოს არ იცნობდა და უბრალოდ, მისი უფროსი იყო, როცა თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს „კრიმპოლის" სამმართველოში მუშაობდა. თუმცა, „ალიას" რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავა და გია სოსანაშვილი უბრალო თანამშრომლები არ ყოფილან. სოსანაშვილი ფირცხალავას წაუყვანია კრიმინალურ პოლიციაში სამუშაოდ 2005 წელს, როცა თავად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე იყო. გარდა ამისა, წყარო აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა და მისი იმჟამინდელი უფროსი ირაკლი ქადაგიძე, გია სოსანაშვილთან კასპშიც არიან ნამყოფები მის სახლში და იქ უქეიფიათ კიდეც. ამბობენ, რომ სოსანაშვილი კრიმინალური პოლიციის იმ დაჯგუფების წევრი იყო, რომლებიც „ნაცმოძრაობის" მმართველობისას დაკავებულნი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების დევნით, მათთვის იარაღის, ნარკოტიკების ჩადებით და სხვა უკანონო გზებით სისხლის სამართლის საქმეების „შეკერვით". სავარაუდოდ, ამ ჯგუფს ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავს ციხეში გაშვებული და სოსანაშვილი არაერთ ასეთ საქმეში ფიგურირებსო. წყაროს თქმით, სოსანაშვილი ფირცხალავას ერთ-ერთი ყველზე ერთგული თანამშრომელი იყო და მისი არაერთი უკანონო დავალება ჰქონია შესრულებული. გამოძიება ამ ეტაპზე სწორედ ფირცხალავასა და სოსანაშვილის ძველი და მჭიდრო კავშირების დადგენით ყოფილა დაკავებული და ამ მხრივ ხელშესახები წარმატება ჰქონია. სოსანაშვილის არაერთი ყოფილი თანამშრომელია დაკითხული, რომლებიც ადასტურებენ, რომ ის ფირცხალავასთან მეგობრობდა და მხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა არ ჰქონდა.


მოგეხსენებათ, ირაკლი ფირცხალავა „სამართლდამცავთა დაცვის ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია. მისი ყველა დამფუძნებელი და ამ ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრი, ის პოლიციელები არიან, „ნაციონალთა" მმართველობისას საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე რომ იყვნენ, ვანო მერაბიშვილისდასაყრდენს წარმოადგენდნენ, მის ყველა დავალებას უსიტყვოდ ასრულებდნენ, კანონიერსაც და უკანონოსაც, მაგრამ დღეს უმუშევრები არიან. ამის შესახებ  არაერთი ექსპერტი, პოლიტიკოსი და არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი აცხადებს. მეტიც, ამ ლიგას ბრალს სდებენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის გეგმა ჰქონდა და ამის განხორციელებას, „ნაციონალთა" დაკვეთისთანავე დაიწყებდნენ.


„ალიამ" ირაკლი ფირცხალავას, ირაკლი ქადაგიძის, ლევან გვაზავასა და სხვათა ორგანიზაციის შესახებ, მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეიტყო. კონფიდენციალური წყარო, ასევე, ყოფილი პოლიციელი აცხადებს, რომ შსს-დან და პროკურატურიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციები სწორედ „სამართალდამცავთა ლიგის დაცვის" მესვეურთ გამოჰქონდათ. ლაპარაკია იმ სქემების გამოძიების შესახებ ინფორმაციებზე, რომლებიც უშუალოდ მათ ეხებოდათ, იმ საქმეებს, რომლებიც თავის დროზე ამ ლიგის წევრებს ჰქონდათ გაყალბებული და ამ საქმეების ხელახალი გამოძიება, მათ თავისუფლებას საფრთხეს უქმნიდა. გარდა ამისა, წყარო აცხადებს, რომ ლიგის მეშვეობით აწვდიდნენ ინფორმაციებს შსს-დან და პროკურატურიდან „ნაცმოძრაობის" სხვადასხვა დონის ლიდერთა საქმეების გამოძიების შესახებ, „ნაციონალებმა" მათი მეშვეობით დეტალურად იციან საგამოძიებო საიდუმლოებები ზურაბ ჟვანიას, ბუტა რობაქიძის, აფრასიძეების, დათა და ბაჩო ახალაიების, დავით კეზერაშვილის, გიგი უგულავასა და სხვა მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ, მათ შორის, იცოდნენ ამ საქმეებზე გამოძიების საიდუმლო მოწმეების ვინაობაც და შესაბამისად, მათზე ზემოქმედების საშუალებაც ჰქონდათ. წყარო აცხადებს, რომ შსსსა და პროკურატურის ზოგიერთი თანამშრომელი, მათ შორის, მაღალჩინოსნები, საკუთარი ნებით აწვდიდნენ ლიგის წევრებს საიდუმლო ინფორმაციებს, ხოლო ბევრი მათგანის შესახებ, ლიგის წევრებს მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია და ფაქტები ჰქონდათ და შანტაჟითა და მუქარით სძალავდნენ ინფორმაციას. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ იმ ორგანიზაციაზე ვლაპარაკობთ, რომელთაც პოლიტიკოსები და ექსპერტები არაერთ დანაშაულში სდებენ ბრალს, ხოლო სოციალურ ქსელებში, ამ ლიგას, „მკვლელთა ლიგისა" და სხვა უარესი სახელით მოიხსენიებენ.


მთავარი პროკურატურის გააქტიურებამ ძალიან ბევრ პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელს დაუფრთხო ძილი. პროკურატურასთან დაახლოებულმა წყაროებმა „ალიას" განუცხადეს, რომ პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც წარსულში სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში, გამოძიების განზრახ შეფერხებასა და სხვა დანაშაულში მონაწილეობდნენ, დიდ საგონებელში არიან ჩავარდნილები. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „კორტების სპეცოპერაციის" საქმის გაყალბების ბრალდებით, შსს-ს ერთი გამომძიებელი ლევან ბეროძე დააკავეს, მეორე ბრალდებული გამომძიებელი გრიგოლ კვინიკაძე კი უცხოეთშია გაქცეული. პროკურორები და გამომძიებლები უკვე მიხვდნენ, რომ, ადრე თუ გვიან, საკუთარი დანაშაულისთვის მოეკითხებათ და ზოგიერთმა მათგანმა, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. წყარო აცხადებს, რომ მთავარი პროკურატურის რამდენიმე პროკურორმა და გამომძიებელმა ზემდგომებს, მათ შორის მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეებს უკვე მიმართა თხოვნით. ისინი მზად არიან, აღიარონ წარსულში ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილეების რა უკანონო დავალებები აქვთ შესრულებული, ასევე, „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ლიდერების რომელი დაკვეთები აღასრულეს, რომელი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისას რა დანაშაული ჩაიდინეს. მზად არიან, მისცენ ჩვენებები ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილეების შესახებ, „ნაცმოძრაობის" წევრთა შესახებ და სანაცვლოდ, სამართლებრივ ხელშეუხებლობას ითხოვენ. ამასთანავე, პროკურატურის სისტემის დატოვებას თავადვე აპირებენ. სავარაუდოდ, ახლო მომავალში უნდა ველოდოთ, რომ ყოფილი ხელისუფლების გავლენიან ლიდერებს, მათივე ერთგული პროკურორები და გამომძიებლები დაუპირისპირდებიან და არაერთი, აქამდე მიჩქმალული სისხლის სამართლის საქმე გაიხსნება.


„ალიამ" ეს ინფორმაცია პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან, ნათია სუხიაშვილთან გადაამოწმა. „მე არაფერი გამიგია ამის შესახებ". - გვითხრა სუხიაშვილმა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორია. მეეჭვება, გავლენიანი პროკურორები და გამომძიებლები, ამ ეტაპზე თავიანთი საიდუმლო გეგმების შესახებ, ჯერ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს აყენებდნენ საქმის კურსში და მერეღა ხვდებოდნენ პროკურატურის ხელმძღვანელებს.


„ალია" უკვე წერდა, რომ ახლო მომავალში აფრასიძეების საქმე გაიხსნება და სვანეთში, სოფელ ეცერში ჩატარებული ვანდალური, არაადამიანური სპეცოპერაციის შესახებ, საზოგადოება სრულ სიმართლეს შეიტყობს და დამნაშავენი დაისჯებიან. „ალიას" წყარო აცხადებს, რომ ამ საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი ოქრუაშვილია. მას ჩვენებები მიუცია მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და სახელმწიფოს იმდროინდელი წამყვანი ფიგურების შესახებ. ოქრუაშვილის, სხვა მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ამ სპეცოპერაციის ყველა დეტალი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული, სააკაშვილის უშუალო ბრძანება ყოფილა, რომ ევგენი აფრასიძე რომც დაგნებდეთ, მაინც მოკალით, არ დაინდოთ არც ქალი და არც ბავშვი, ქვა ქვაზე არ დატოვოთ ეცერში და რაც უფრო სისხლიანი და მსხვერპლიანი იქნებ ეს ოპერაცია, მით უკეთესიო. სააკაშვილის ბრძანება ზედმიწევნითი სიზუსტით შეასრულეს სპეცოპერაციის ხელმძღვანელებმა. ამ სპეცოპერაციის გამო, სავარაუდოდ, მალე წაუყენებენ ბრალს ვანო მერაბიშვილს, გიორგი ბარამიძესა და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს. გიორგი ბარამიძე, ერთი შეხედვით, ყინჩად არის და დაჟინებით მოითხოვს, „აფრასიძეების საქმეზე" დამკითხოს პროკურატურამ, თუ ჩემი დანაშაულის შესახებ რაიმე სამხილი აქვსო. ადრე ბარამიძე უფრო ომახიანად აცხადებდა ამას, მაგრამ ბოლო დღეებში, მისი განცხადებები რომ მოვისმინე, აშკარაა, ძალიან ნირწამხდარი და შეშინებულია, რიხი გაუქრა ხმიდან. უკვე იცის, რომ პროკურატურა მარტო მისი დაკითხვით არ დაკმაყოფილდება და ბრალის წაყენებასაც არ დაერიდებიან. გიორგი ბარამიძეს ვეღარ დაიცავს დეპუტატის იმუნიტეტი და დიდი ალბათობით, მას ციხეში უკრავენ თავს. „ალიას" წყაროს ინფორმაციით, გიორგი ბარამიძემ ძალიან კარგად იცის, რომ პატიმრობა ემუქრება, ძალიან არ უნდა, გაიზიაროს ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და გიგი უგულავას ბედი და საშველად მიხეილ სააკაშვილისთვის მიუმართავს. ბარამიძეს სააკაშვილისთვის უთხოვია, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან მოუგვაროს საქმე. კერძოდ, ბარამიძეს უნდა, რომ უკრაინის ხელისუფლებაში დასაქმდეს რომელიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე იმ გარანტიით, რომ, თუ მის წინააღმდეგ საქართველოში საქმე აღიძვრება და ქართული მხარე უკრაინის ხელისუფლებას მის გადმოცემას მოსთხოვს, უკრაინულმა მხარემ არავითარ შემთხვევაში არ გადმოსცეს. შესაბამისად, ბარამიძე მზად ყოფილა, დატოვოს საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღოს. მისი გათვლაც ეს არის. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსანსა და უკრაინის მოქალაქეს ასე იოლად არ გადმოსცემენ ქართულ მხარეს და თუ ბარამიძემ საამისო გარანტიები მიიღო სააკაშვილისგან, დროებით მაინც, სავარაუდოდ, სასჯელს თავს აარიდებს. წყარო აცხადებს, რომ ბარამიძე მხოლოდ სააკაშვილის იმედად არ არის და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საკუთარი კონტაქტებიც აამუშავა, რათა საწადელს მიაღწიოს.

 

ლევან ჯავახიშვილი

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016